ახალი ამბები

თსუ-ს თვითმმართველობა: არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა სტუდენტებს შორის

15 მარტი, 2016 • 2073
თსუ-ს თვითმმართველობა: არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა სტუდენტებს შორის

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა 14 თებერვალს უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელეად გთავაზობთ:

“დღეს განვითარებული მოვლენები მრავალი ინტერპრეტაციით იყო მიწოდებული სხვადასხვა მედიასაშუალებებით. სინამდვილეში კი მოხდა შემდეგი: დილით მეორე აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ უნივერსიტეტში ისე განთავსება, რომ ექსცესი არ ყოფილიყო. კერძოდ, ვკითხეთ, გარეთ ერჩივნათ აქციის გამართვა თუ შიგნით. მათ განაცხადეს, რომ მთელი პირველი კორპუსი სჭირდებოდათ.
დილით აქცია დაიწყო ჩვეულებრივად , მაგრამ იქიდან გამომდინარე, რონ მეორე მხრიდან პერსონების მიმართ იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები, შეიქმნა საშიშროება დაძაბულობისა. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ჩვენ კორპუსის გარშემო შემოვლით შევედით შიგნით. მეორე აქციის მონაწილეებმაც რატომღაც გადაწყვიტეს შიგნით შემოსვლა. ჩვენგან გაკეთდა მოწოდებები, რომ ჩვენ არა მათთან, არამედ რექტორთან მოვედით და, შესაბამისად, გასაყოფი არაფერი იყო.

ჩვენი პროტესტი გამოიწვია პოლიციამ, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას, რომ დერეფანში თავისუფლად გვემოძრავა. ისინი გვაწვებოდნენ გამუდმებით და მივყავდით უკან, რექტორის კაბინეტიდან შორს. ამის გამო პროტესტის გამოსახატავად ჩვენც მივაწექით და ვცდილობდით საწყის ადგილას დაბრუნებას, რასაც მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და არა სტუდენტებთან.

გავრცელებულ ვიდეოებში ნულოვან სართულზე შეიმჩნევა რაღაც გაურკვეველი ჯგუფი, რომლის ქმედებასაც კატეგორიულად ვემიჯნებით და ვაცხადებთ, რომ ისინი ჩვენ არ მოგვიყვანია და, ვფიქრობთ, სპეციალურად იყვნენ შემკგზავნილნი პროვოცირებისთვის. იმის დასადგენად, თუ რა ჯგუფი იყო ეს, აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს. გახსოვდეთ, რომ მედიას სკანდალები სჭირდება და ნუ იქნებით ინფორმაციის ვაკუუმში. არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა სტუდენტებს შორის. ინცინდენტი მოხდა მხოლოდ სამართალდამცავებთან, რომლებიც გვავიწროვებდნენ დერეფანში,”- აღნიშნულია განცხადებაში

Untitledთსუ

 


მოვლენების მოკლე  ქრონოლოგია

07.03.2016 –  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 2 ამბავი გააპროტესტეს: 1. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  24 600 ლარის დახარჯვა და თსუ-ს აკადემიურის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო, ხოლო 2010-დან 2012 წლმადე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობდა. მათი თქმით, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

09.03.2016 თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავა განაცხადა, რომ უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. “ოდეერის ინსტიტუტი”, რაც სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა უარყო.

10.03.2016თსუ-ს კანცლერის არჩევნები სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა. სტუდენტებს უნივერისტეტის სენატის სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ და შემდეგ პოლიციამ სტუდენტებს არ მისცა საშუალება აუდიტორიამდე მისულიყვნენ. საბოლოოდ, თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე თსუ-ს პირველი კორპუსში გაათენეს.

11.03.2016ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა თსუ-ში მიმდინარე პროცესებზე მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.

11.03.2016  თსუ-ში სტუდენტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად რესპუბლიკური დავით ბერძენიშვილი მივიდა, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროცესის პოლიტიზირება არ სურდათ. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ საუნივერსიტეტო საქმეებში არ ჩარეულიყვნენ.

11.03. 2016 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გაფრინდაშვილს სთხოვა, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე კანდიდატურა მოეხსნა.  სტუდენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 14 მარტს მიიღებდა.

12.03.2016აუდიტორია #115-ში შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება, საპროტესტო აქციებიგაგრძელდებოდა. ისინი ე.წ. ოდეერის საქმის გამოძიებას, გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას კანცლერის არჩევნებიდან და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის რეორგანიზებას მოითხოვდნენ.

13.03.2016 თსუ-ს გაზეთის რედაქტორმა, ნინო კაკულიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ ზოგიერთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას არ რთავდნენ. ერთ-ერთ იმ პირებიდან კი, ვინც, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაზეთს აკონტროლებდა, უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო. სტუდენების აქცია 13 მარტსაც გაიმართა. სტუდენტების ნაწილმა ღამე კვლავ უნივერსიტეტში გაათია.

14.03.2016თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აუდიტორია #115-ის წევრებისა და სტუდენტური თვითმმართველობის აქციები პარალელურად დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობდა.  თვითმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვეს. აქცია საღამოს რექტორის კაბინეტთან გაგრძელდა, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “გადადექი”, ხოლო სხვა სტუდენტები “არ გადადგე”.  კაბინეტი საღამოს დატოვა რექტორმა ლადო პაპავამ და განაცხადა, რომ არ გადადგება.

იმავე საღამოს თვითმართველობის აქციის მონაწილეებმა ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. მანამდე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში გაურკვეველი პირები შევიდნენ, რომლებსაც სახე ნაწილობრივ ჰქონდათ დაფარული და თვითმმართველობის აქციის მონაწილეებთან იდგნენ. მათგან რამდენიმემ ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა.

პოლიციამ უნივერსიტეტის კარი ჩაკეტა და გარეთ დარჩენილმა სტუდენტებმა შესვლა ვეღარ მოახერხეს, ნაწილმა კი ღამე კვლავ თსუ-ს შენობაში გაათენა.

14.03.2015 გიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობის არჩევნებიდან მისი კანდიდატურა მოხსნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი