ჯაჭვლიანი: ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ [პირადი ცხოვრება ] კომპრომატად არ იქცეს

“ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ კომპრომატად არ იქცეს ეს[პირადი ცხოვრება]. საერთოდ, პოლიტიკაში უნდა იყვნენ წესიერი ადამიანები,”- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას.

სოსო ჯაჭვლიანი ამბობს, რომ ვიდეოკადრების გავრცელება უნდა დასრულდეს, რადგან მისი თმით, საქმე ამაზრზენ პრაქტიკასთან გვაქვს:

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს [პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება]. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ამიტომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს [პირად ცხოვრებაში]. მართლა ამაზრზენია ამაზე ლაპარაკი. რომც მქონდეს საშუალება, ეგეთ რაღაცებს არ შევხედავ, მაგრამ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ კომპრომატად არ იქცეს ეს[პირადი ცხოვრება]. საერთოდ, პოლიტიკაში უნდა იყვნენ წესიერი ადამიანები.”

პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოშია ნათქვამი, თუ დასახელებული პირები 31 მარტამდე არ დატოვებენ მოქმედ საქმიანობას, მათი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდება.

სოციალური ქსელის, Youtube-ს მეშვეობით გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი ასეა განმარტებული: პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პარასკევს უკვე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელშიც ვიდეოს გამავრცელებლის განცხადებით, ასახულია ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.