ახალი ამბები

ზალკალიანი ჯარიაშენში გზის მშენებლობაზე: საქართველო ჟენევაში ამ საკითხს მწვავედ დააყენებს

13 მარტი, 2016 • 1671
ზალკალიანი ჯარიაშენში გზის მშენებლობაზე: საქართველო ჟენევაში ამ საკითხს მწვავედ დააყენებს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებზე უკვე ინფორმირებულები არიან საქართველოში საერთაშორისო მისიების წარმომადგებლები. საკითხს ასევე 15 მარტს ერგნეთში დანიშნულ შეხვედრაზე განიხილავენ. მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება, რათა სიტუაცია არ გამწვავდეს.

“საგარე საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. ინფორმირებულია ჟენევის სამივე თანათავმჯდომარე, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. ასევე, ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ კავშირზე სადამკვირვებლო მისიასთან და მის ხელმძღვანელთან, რომელიც ადგილზეა, იქ აკვირდება დეტალურად პროცესებს. ეს საკითხი იქნება სერიოზული განხილვის თემა 15 მარტს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განხილვის დროს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, უახლოესი რაუნდი ჟენევაში მარტის მეორე ნახევარში იგეგმება და ჩვენი დელეგაცია მწვავედ დააყენებს ამ საკითხს. ჩვენთვის მნიშვენლოვანია, რომ მოვახდინოთ საერთაშირისო თანამეგობრობის ინფორმირება და მათი პოზიციის კონსოლიდაცია, რათა არ მოხდეს პროცესების ესკალაცია; შემდეგ უკვე მავთულხლართების დამონტაჟება და საზღვრის გადმოწევა ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,” – აცხადებს ზალკალიანი.

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში, საოკუპაციო საზღვართან, ახალი გზის გასაყვანად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სახელიმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ კვეთს. მათი განცხადებით, სამუშაოებს საოკუპაციო ძალები აწარმოებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი