ახალი ამბები

ალასანია: ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც პრემიერ-მინისტრისგან არ იმართებიან

13 მარტი, 2016 • 1586
ალასანია: ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც პრემიერ-მინისტრისგან არ იმართებიან

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანია 11 მარტს გავრცელებულ, სავარაუდოდ, პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ სამართალდამცავ სისტემაში არსებობენ ძალები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მიერ არ იმართებიან და სწორედ მათ გაავრცელეს ეს კადრები:

“ეს არის ორმაგი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის მთავრობისთვის და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის გამოწვევა. მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ასევე შეიძლება, მისი ცოდნის, მისი ყურადღების მიღმა არაფორმალური დავალება სპეციალური სტრუქტურებისთვის გაეცათ, მიეღოთ ეს დავალება და შეესრულებინათ ისე, რომ პრემიერ-მინისტრი არც ყოფილიყო საქმის კურსში და არც შინაგან საქმეთა მინისტრი. ამიტომ ვამბობ, რომ მოვალეობაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ყველა მოქმედი სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელის, რომ არა მარტო სერიოზული სახით გააკეთონ განცხადებები და მკაცრი ტონით, არამედ საქმე მიიყვანონ ბოლომდე. რომ მოინდომონ, ამ დანაშაულის გამოძიება შესაძლებელია და მე მოვითხოვ, რომ უმკაცრესად დაისაჯონ.

მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ხელისუფლებაში და მათ შორის, სამართალდაცავ სტრუქტურებში არიან ძალები, რომლებიც არ იმართება პრემიერისგან და იმართება არაფორმალურად სხვა პირების მიერ. მე დიდი ეჭვი მაქვს და დიდი ალბათობით აქედან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს მზაკვრული, ამორალური ნაბიჯი გადადგმული,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ “კურიერის” ჟურნალისტთან საუბრისას.

ალასანიას განცხადებით, ეს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც, ავტორის მითითების თანახმად, ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კადრების გავრცელება არის დარტყმა სახელმწიფოზე და ამ დარტყმაზე პასუხი უმკაცრესი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი