ახალი ამბები

IPN: სხვაზე ხელის შეწმენდით ქულების დაწერას ძალზე ხანმოკლე ეფექტი აქვს

12 მარტი, 2016 • 2184
IPN: სხვაზე ხელის შეწმენდით ქულების დაწერას ძალზე ხანმოკლე ეფექტი აქვს

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ “შავი პიარის” ტალღა არის აგორებული.

“ჩასაფრებული და ანგაჟირებული მედიასაშუალებები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ გავავრცელეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ხაზს ვუსვამთ, რომ “ინტერპრესნიუსმა” ვიდეოს შესახებ შეიტყო სოციალურ ქსელ “ფეისბუქით”, სადაც მასალის შესახებ საუბარი იმ დროს უკვე აქტიურად მიმდინარეობდა,”- აცხადებს IPN.

სააგენტოს განცხადებით,  “ინტერპრესნიუსის” გუნდი არ დაუტოვებია არც ერთ თანამშრომელს, გარდა ერთი შტატგარეშე კორესპონდენტისა.

“ჩვენ არ გავურბივართ საკუთარ პასუხისმგებლობას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და სხვაზე ხელის შეწმენდით და პოპულისტური ქმედებებით ქულების დაწერას ძალზე ხანმოკლე ეფექტი აქვს.

გპირდებით, რომ კიდევ უფრო ძლიერები გამოვალთ შავი პიარის ამ აგორებული ტალღიდან და საქართველოში ისევ ყველაზე გავლენიან საინფორმაციო სააგენტოდ დავრჩებით,”- აცხადებს IPN.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მითითებით ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი. ეს ინფორმაცია IPN-მა და რადიო ფორტუნამ გამოაქვეყნეს და მათ ინფორმაციაში მითითებული იყო იმ პოლიტიკოსის ვინაობა, რომელსაც ეხება გავრცელებული ვიდეო.

ამ ფაქტის გამო იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებმა, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ მათი უწყებები სააგენტოსთან აღარ ითანამშრომლებენ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი