ახალი ამბები

გიორგი გაფრინდაშვილი: ორშაბათს მივიღებ გადაწყვეტილებას

11 მარტი, 2016 • 1844
გიორგი გაფრინდაშვილი: ორშაბათს მივიღებ გადაწყვეტილებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა იმედის ეთერით, გადაცემაში “პოლიტიკა” განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრისა და აკადემიური საბჭოს აზრი, ამიტომ 14 მარტს მიიღებს გადაწყვეტილებას.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება, შესაბამისად, პატივს ვცემ ქვეყნის მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეგულაციების დაცვით. აუციელებლია, მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას. აქედან გამომდინარე ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და ამ შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწვეტილებას”, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს 7 მარტიდან მართავენ, მოთხოვნით, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე არ აირჩიონ გიორგი გაფინდაშვილი. სტუდენტების თქმით, გაფრინდაშვილის არჩევის შემთხვევაში გაიზრდება სტუდენტებს შორის უთანასწორობა და უნივერსიტეტის ბიუჯეტის ხარჯვა ისევ თვითმმართველობის სასარგებლოდ გაგრძელდება.

სტუდენტები ასევე საუბრობენ უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” არსებობაზე, რაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისას დაადასტურა.

გუშინ, 10 მარტს უნდა გამართულიყო თსუ-ს სენატის სხდომა, სადაც კანცლერი უნდა აერჩიათ, თუმცა სტუდენტებმა უნივერსიტეტის პიკეტირება მოაწყვეს, რის გამოც სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა. ხოლო დღეს, 11 მარტს, 15 საათზე კვლავ აქციას გამართავენ.

თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უცხადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი