ახალი ამბები

რკინიგზის პროფკავშირი თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს

11 მარტი, 2016 • 1649
რკინიგზის პროფკავშირი თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს

სტუდენტების საპროტესტო აქცია თსუ-ში გრძელდება. მათი ნაწილი უნივერსიტეტში ღამითაც აპირებს დარჩენას. რკინიგზის პროფკავშირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებს.

პროფკავშირის წარმომადგენლის, მალხაზ დვალიშვილის თქმით, როგორც სტუდენტები ედგნენ ამდენი ხნის მანძილზე გაფიცულ მუშებს გვერდით, ასევე, ისინიც უცხადებენ სოლიდარობას.

“ჩვენ აქ მოვედით სტუდენტებისადმი სოლიდარობის გამოსაცხადებლად. გასულ წლებში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები აწარმოებდა გაფიცვებს. სტუდენტები მიდიოდნენ ჩვენთან სოლიდარობის ნიშნად. ანალოგიურად, ჩვენც მოვედით და სოლიდარობას ვუცხადებთ სტუდენტებს, მომავალ თაობას,” – განაცხადა დვალიშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე დღეა სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. 10 მარტს სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა უნივერსიტეტის სენატის სხდომა, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩიათ.

სტუდენტები აპროტესტებენ კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის დასახელებას, რადგანაც მათი თქმით, ის იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც მათი აზრით ზეწოლას ახორციელებდა სტუდენტებზე. გარდა ამისა, სტუდენტები აცხადებენ, რომ გაფრინაშვილი უნივერსიტეტის ე.წ. ოდეერის მეგობარია.

“ოდეერების ინსტიტუტთან” დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ლადო პაპავამ ჯერ სტუდენტებთან და შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ უნივერსიტეტში  “ოდეერის” ინსტიტუტი არსებობს, თუმცა სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო.

კანცლერობის კანდიდატურის გაპროტესტებამდე სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია უნივერსიტეტის თვითმმართველობის წინააღმდეგ გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ თვითმმართველობის მიერ ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში 25 ათასი ლარის დახარჯვას.

სტუდენტები, რომლებიც მეორე დღეა აქციას მართავენ, ამბობენ, რომ თვითთმართველობა მხარს უჭერს გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას კანცლერის პოსტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი