ახალი ამბებიკომენტარი

“რესპუბლიკური პარტია” პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება

11 მარტი, 2016 • 1413
“რესპუბლიკური პარტია” პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით “რესსპუბლიკური პარტია”  განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ვინც არ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერების დამამზადებელი და გამავრცელებელი, მათ დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება:

“ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებამ და გავრცელებამ ჩვენს ქვეყანაში უკვე მიიღო უკიდურესად საშიში და ევროინტეგრაციაზე ამბიციის მქონე სახელმწიფოსთვის დამანგრეველი ფორმები. ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის, რომ ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟების არც ერთი შემთხვევა არ არის დღემდე გახსნილი და არავინ არ არის დასჯილი.

ვინც არ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერების დამამზადებელი და გამავრცელებელი, მათ დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ჩვენ, რესპუბლიკელები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კატეგორიული ვიყავით ამ საკითხში, ამ პასუხისმგებლობის ტვირთს, როგორც სახელისუფლო კოალიციის წევრი პარტია, ვერ გავექცევით.

იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პრაქტიკა კიდევ გაგრძელდება, არ იქნება კონკრეტული დამნაშავეები გამოვლენილი და დასჯილი, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება დავარწმუნოთ ვინმე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების უსუსურობის ან თანამონაწილეობის გამოვლინება.

აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ პირადი ცხოვრების ჩანაწერებით მანიპულირების ამაზრზენ პრაქტიკას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მიერ მითითებულია ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი