ახალი ამბები

“ინტერპრესნიუსი” ბოდიშს იხდის

11 მარტი, 2016 • 9981
“ინტერპრესნიუსი” ბოდიშს იხდის

სააგენტო “ინტერპრესნიუსი” განცხადებას ავრცელებს და ბოდიშს იხდის:

სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება. სააგენტო აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს იხდის.
“ინტერპრესნიუსისთვის” მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ტიპის მასალის გავრცელება და ტირაჟირება და იმედოვნებს, რომ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დროულ რეაგირებას მოახდენენ,”- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მითითებით ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი. ეს ინფორმაცია IPN-მა და რადიო ფორტუნამ გამოაქვეყნეს და მათ ინფორმაციაში მითითებული იყო იმ პოლიტიკოსის ვინაობა, რომელსაც ეხება გავრცელებული ვიდეო.

ამ ფაქტის გამო იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ მათი უწყებები სააგენტოსთან აღარ ითანამშრომლებენ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი