ახალი ამბები

ინსპექტორი: ვიმედოვნებ, რომ საგამოძიებო ორგანოები ვიდეოს წარმომავლობის საკითხსაც გამოიძიებენ

11 მარტი, 2016 • 1591
ინსპექტორი: ვიმედოვნებ, რომ საგამოძიებო ორგანოები ვიდეოს წარმომავლობის საკითხსაც გამოიძიებენ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება დისკრედიტაციის მიზნით დღეს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის  გავრცელების ფაქტს.

ინსპექტორი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ოპერატიულად გამოიძიებენ არა მხოლოდ ჩანაწერის ინტერნეტსივრცეში გავრცელების, არამედ ჩანაწერის წარმომავლობისა და ავთენტურობის საკითხს:

“მიუხედავად იმისა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მოხდა მასალაზე წვდომის შეზღუდვა, ინსპექტორი მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მასალა ხელმისაწვდომი გახდა, თავი შეიკავონ ვიდეომასალის შემდგომი გავრცელებისგან, რათა პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს ჩანაწერში ასახული პირების და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს,”- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

11 მარტს youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ამტვირთავის მიერ მითითებულია ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტიის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი