ახალი ამბები

„რესპუბლიკური პარტია“ ავღანეთში ქართული კონტიგენტის შემცირებას ითხოვს

24 ივნისი, 2011 • 1089
„რესპუბლიკური პარტია“ ავღანეთში ქართული კონტიგენტის შემცირებას ითხოვს

„რესპუბლიკური პარტია“ ავღანეთში ქართული კონტინგენტის შემცირებას წელსვე მოითხოვს. პარტიის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში წერია, რომ საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ რამდენიმე წლის წინ მხარი დაუჭირა ნებაყოფლობით საწყისებზე ქართველი სამხედროების მონაწილეობას ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში.

„დასავლეთის ქვეყნები, ნატო და ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს დემოკრატიული რეფორმები –  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, მედიის სახელისუფლებო მარწუხებისაგან გათავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით. ხელისუფლება კი ამ მოწოდებებს პასუხობს ავღანეთში ქართული კონტიგენტის პერმანენტული ზრდით და არა დემოკრატიული რეფორმებით.

სახელმწიფო მდივნისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთმნიშვნელოვანი განცხადებები – მადლობა ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობისთვის, მთავარი კი დემოკრატიული რეფორმებიაო, ვერ აჩერებს სააკაშვილის ჯიუტ ლტოლვას, რომ სწორედ ავღანეთში დაღვრილი და დასაღვრელი ქართველთა სისხლი დაუფასონ და შეუფასონ  პირველ რიგში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ავღანეთში უკვე წელს 10 ათასით, გაისად კიდევ 23 ათასით ამერიკული კონტიგენტის შემცირების თაობაზე, მყისიერად მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ ამერიკელებთან შეთანხმებით, ფრანგებიც ადგენენ ჯარების შემცირების გრაფიკს.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ზრდის ნაცვლად ავღანეთში ქართული კონტიგენტის შემცირება უნდა დაიწყოს წელსვე ამერიკელების, ფრანგების და სხვათა შემცირების გრაფიკის პარალელურად და პროპორციულად. ქვეყნის მომავალი დასავლური სტანდარტების დემოკრატიულ რეფორმებზე გადის და არა სააკაშვილის რეჟიმის გახანგრძლივების მცდელობისთვის დასაღვრელ სისხლზე ავღანეთში“,–ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

აშშ მომავალი თვიდან ავღანეთიდან სამხედროების გამოყვანას იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი