ახალი ამბები

ილიას უნივერსიტეტის პროფესორები: ცენზურა უნივერსიტეტში მიუღებელია

11 მარტი, 2016 • 2201
ილიას უნივერსიტეტის პროფესორები: ცენზურა უნივერსიტეტში მიუღებელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მიმართვა გაავრცელეს, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტებში ცენზურა მიუღებელია.

“უკანასკნელი პერიოდის მოვლენები ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგანან: არსებობს თემები, რომელთა აკადემიურ სივრცეში განხილვას გარკვეული ჯგუფები თუ ინსტიტუტები ეწინააღმდეგებიან. სახეზეა მცდელობა, რომ ჩაიხშოს იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც აქვთ აკადემიური კვალიფიკაცია და მოვალეობა, ახლებურად იმსჯელონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე, იქნება ეს რელიგია, გენდერი, სექსუალობა თუ სხვა. ბოლო თვეებში საქართველოს უნივერსიტეტებზე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ზეწოლა და აკადემიური ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები განგაშის საფუძველს იძლევა – ეს შემთხვევები ტენდენციის სახეს იღებს, რომელიც საბოლოოდ ცენზურის ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს.

უნივერსიტეტი არის საზოგადოების თვითგააზრების ადგილი. სადავო და მგრძნობიარე თემების კვალიფიციური განხილვა აკადემიური მომზადების მქონე ადამიანების მიერ არის საუნივერსიტეტო სივრცის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ ფუნქციის დარღვევით ხელი ეშლება არა მხოლოდ აკადემიურ პროცესს, რომელიც გულისხმობს ცოდნის შექმნასა და მის გადაცემას, არამედ, ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. კვალიფიციური მსჯელობისა და არსებული თუ ახალი ცოდნის თავისუფალი და საჯარო გავრცელების გარეშე ვერ მოხდება ვერც საზოგადოების განვითარება და ვერც მასში ცივილური თანაცხოვრების წესებზე შეთანხმება.

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუტსა და ადამიანს, რომელთათვისაც მიუღებელია ცენზურა, აქტიურად შეუწყონ ხელი უნივერსიტეტებს აკადემიური სივრცის თავისუფლებისა და ავტონომიურობის დაცვაში”, – წერია განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს 7 მარტიდან მართავენ, მოთხოვნით, რომ თსუ-ს კანცლერის პოსტზე არ აირჩიონ გიორგი გაფინდაშვილი. სტუდენტების თქმით, გაფრინდაშვილის არჩევის შემთხვევაში გაიზრდება სტუდენტებს შორის უთანასწორობა და უნივერსიტეტის ბიუჯეტის ხარჯვა ისევ თვითმმართველობის სასარგებლოდ გაგრძელდება.

სტუდენტები ასევე საუბრობენ უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” არსებობაზე, რაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრისას დაადასტურა.

გუშინ, 10 მარტს უნდა გამართულიყო თსუ-ს სენატის სხდომა, სადაც კანცლერი უნდა აერჩიათ, თუმცა სტუდენტებმა უნივერსიტეტის პიკეტირება მოაწყვეს, რის გამოც სხდომა ჩაიშალა. სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარეს. ხოლო დღეს, 11 მარტს, 15 საათზე კვლავ აქციას გამართავენ.

თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უცხადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი