ახალი ამბები

თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა

10 მარტი, 2016 • 2022
თსუ-ში სენატის სხდომა ჩაიშალა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში სენატის სხდომა დღეს აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებმა გაავრცელეს, რომლებიც რექტორს ესაუბრნენ.

20:00 საათისთვის სენატის წევრები რექტორის კაბინეტში არიან შეკრებილები. რექტორის თქმით, დღევანდელი სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა, მაგრამ სტუდენტები დაშლას არ აპირებენ, სანამ წერილობით განცხადებას არ მიიღებენ იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდება სხდომა.

სტიდენტური აქცია 16:00 საათზე დაიწყო. ისინი არჩევნების დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებდნენ გიორგი გაფრინდაშვილს, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა და არ მიეღო მონაწილეობა უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში.

უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილია დასახელებული, რომელსაც აკადემიური საბჭო ასარჩევად სენატს წარუდგენს.

სტუდენტები, რომლებიც გაფრინდაშვილის არჩევას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობის პირველი და მეორე მოწვევის წევრი იყო. 2012 წლამდე მუშაობდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. ჟურნალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ გიორგი გაფრინდაშვილმა მათ განუცხადა, რომ არავინ არავის სცემდა.

გიორგი გაფრინდაშვილი სტუდენტების ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ კანდიდატურას არ მოხსნის.

თსუ-ში დღეს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი