ახალი ამბები

ხმაური შესაძლოა დასჯადი გახდეს

10 მარტი, 2016 • 1296
ხმაური შესაძლოა დასჯადი გახდეს

ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვით, ხმაური დასჯადი ხდება.

კანონპროექტის მიხედვით, რომლის ავტორი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეა, ხმაური დღის საათებში, რომელიც აღწევს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და რომლის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივს  – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირის და დაწესებულების – 500 ლარით.

იგივე ქმდება ჩადენილი ღამის საათებში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირის და დაწესებულების- 1000 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში იმავე დარღვევის გამეორება გამოიწვევს ჯარიმის გაორმაგებას.

კანონპროექტის მიხედვით, დღის საათებად ითვლება 07.00 საათიდან 23.00 საათამდე პერიოდი, ხოლო ღამის საათებად- 23.00 საათიდან 07.00 საათამდე პერიოდი.
კობახიძის განმარტებით, დღის საათებში ხმაური 40 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ღამის საათებში- 30 დეციბალს.

კანონპროექტით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით შს სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამინისტრომ ხმაურმზომი მოწყობილობები უნდა შეიძინოს, ასევე, პოლიციელებმა ამ სამართალდარღვევაზე რეაგირების სასწავლო კურსი უნდა გაიარონ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ჩატარებული კენჭისყრისას საკანონმდებლო წინადადებას მხარი 9 დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის ავტორი, თედო კობახიძე იმედოვნებს, რომ ინიციატივას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს და პირველი სექტემბრიდან  ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება:

” ერთადერთი შენიშვნა ჰქონდათ დეპუტატებს, ეს ეხებოდა დარღვევის პირველი შემთხვევისას  გაფრთხილებას, რასაც დავეთანხმე. იმედია, საგაზაფხულო სესიაზე ეს ყველაფერი იქნება კანონის სახით წარმოდგენილი და პირველი სექტემბრიდან ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი იქნება”, – აღნიშნა თედო კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი