ახალი ამბები

სოსო ჯაჭვლიანი: რომის პაპზე დიდი კათოლიკე ვერ ვიქნები

10 მარტი, 2016 • 2257
სოსო ჯაჭვლიანი: რომის პაპზე დიდი კათოლიკე ვერ ვიქნები

“მე როცა რაღაცას ვაკეთებ,  რომის პაპზე დიდი კათოლიკე ვერ ვიქნები,” – ასე უპასუხა სოსო ჯაჭვლიანმა “ნეტგაზეთის” კითხვას, თუ რატომ გაითხოვა “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან. მანამდე პარლამენტარს ამ თემაზე განმარტებები არ გაუკეთებია.

ჯაჭვლიანი არ აკონკრეტებს, ხელახლა შეიტანს თუ არა კანონპროექტს პარლამენტში:

“შევხედავ, როგორ წავა პროცესი . საპატრიარქოს წერილის შინაარსი ისე გავიგე, რომ არაო. დედა ეკლესიას წინ კი არ უნდა დაუდგე, გვერდით უნდა იყო და უსმინო მას.”

კითხვას, საპატრიარქოსგან მეტ მხარდაჭერას ელოდით თუ არა, ჯაჭვლიანი პასუხობს:

“რატომაც არ ველოდი? ”

“საპატრიარქო გამოვიდა და მე მათი წერილი ისე გავიგე – ეს ჩვენი ის[ინიციატივა] არ არისო. მე როცა რაღაცას ვაკეთებ,  რომის პაპზე დიდი კათოლიკე ვერ ვიქნები,”- აღნიშნავს ჯაჭვლიანი.

2 თებერვალს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება.

4 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე მათი ინიციატივა არაა.

15 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტის ბიუროს განცხადებით მიმართა და “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” შესახებ კანონპროექტი უკან გაითხოვა.

მიმართვის ტექსტში ჯაჭვლიანი წერდა:

“საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დამატებითი კონსულტაციების გამართვა კანონის შემდგომი დახვეწის მიზნით, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს”.

კანონპროექტის ავტორმა, ზვიად ტომარაძემ 15 თებერვალს “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ იმ “ალიაქოთის”  შემდეგ, რომელიც საზოგადოებაში “რელიგიური გრძნობების შერაცხყოფის” შესახებ კანონპროექტის საკითხზე ატყდა, ასევე საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ამ საკითხზე თავს ენერგიულად და მხნედ ვეღარ გრძნობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი