ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

10 მარტი, 2016 • 1195
გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა საქართველო – აზერბაიჯანის  ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯნს შორის ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი  გასული წლის ნოემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას, ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ. ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტებმა ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ღრმადაა დაინტერესებული ენერგეტიკის სექტორში აზერბაიჯანთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.

“მივესალმები საქართველოსათვის გაზის მიწოდების გაზრდის შესახებ  აზერბაიჯანის  სახელმწიფო ნავთობკომპანია  „სოკართან“  შეთანხმების ხელმოწერას. აღნიშნული შეთანხმება კიდევ  ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სრული ურთიერთგაგება არსებობს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე უნდა მოგვარდეს.

 

“როგორც შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა,  საქართველო უდიდეს  მნიშვნელობას ანიჭებს  ტრანსკასპიური გაზსადენის  პროექტის განხორციელებას, რადგან ეს პროექტი რეგიონში დამატებით რესურსებს გააჩენს,”- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი