ახალი ამბები

უვიზო რეჟიმი – ახალი “შესაძლებლობები” და “გამოწვევები” ქართული კრიმინალური ჯგუფებისათვის ევროპაში

10 მარტი, 2016 • 1730
უვიზო რეჟიმი – ახალი “შესაძლებლობები” და “გამოწვევები” ქართული კრიმინალური ჯგუფებისათვის ევროპაში

“უსაფრთხოებასა და მიგრაციულ საკითხთა ზეგავლენის შეფასება” – ასე ჰქვია სამუშაო დოკუმენტს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსა და EU-ს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის სამოქმედო გეგმის [VLAP] შეფასების ფარგლებში მოამზადა. ეს დოკუმენტი (რომელიც ნათარგმნია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ) თან ახლავს ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ამ უკანასკნელმა ევროპარლამენტსა და მინისტრთა საბჭოს მიმართა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.

სამუშაო დოკუმენტში განხილულია ის სავარაუდო რისკები და პოტენციური ზეგავლენა, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება გამოიწვევს, როგორც მიგრაციული ნაკადების, ასევე, უსაფრთხოების თემების მიმართულებით.

“წარმოდგენილი დოკუმენტი მიზნად ისახავს, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინოს ახალი ფენომენები და ტენდენციები მიგრაციის, მობილურობისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოსთან და იმ სავარაუდო ზეგავლენასთან მიმართებაში, რომელიც შესაძლოა უვიზო რეჟიმმა იქონიოს ევროკავშირისა და შენგენის სივრცისათვის. წინამდებარე განახლებული დოკუმენტი ასახავს 2015 წლის ოქტომბრისთვის არსებულ მდგომარეობას და, შესაბამისად, მოკლედ ახასიათებს სიტუაციას”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

გთავაზობთ ევროკომისიის მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოტენციურ რისკებსა და გავლენებს განიხილავს ორგანიზებული დანაშაულის, იარაღით, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტრეფიკინგის მიმართულებით.

ორგანიზებული დანაშაული: ტენდენციები და უვიზო გადაადგილების პოტენციური შედეგები

კვლევის “Transcrime“ („ტრანსსასაზღვრო დანაშაული“) მიხედვით, რომელიც გამოსაცემად შინაგან საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა მოამზადა, ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები უკვე არსებობენ და აქტიურად მოქმედებენ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში. ეს ჯგუფები ფართოდ არიან ევროპაში ოფიციალურად წარმოდგენილი ლეგალურ ეკონომიკაში ინვესტიციების თვალსაზრისით. ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები, მათ შორის „კანონიერი ქურდები“, ინვესტიციებს ახორციელებენ ძირითადად მშენებლობაში, ტრანსპორტირებასა და ლოგისტიკაში, უძრავ ქონებაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, სასტუმროებში, ბარებსა და რესტორნებში. ლეგალურ ეკონომიკაში მათი საქმიანობა ხშირად დაკავშირებულია მათი კრიმინალური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების გათეთრების სქემებთან.

ევროპაში აქტიური ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები მონაწილეობენ ქონებასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულში, ნარჩენების მართვაში, საგადახდო ბარათების გაყალბებაში, ფულის გათეთრებაში, დოკუმენტების გაყალბებაში, არარეგულარული მიგრაციის ხელშეწყობაში, გამოძალვაში/რეკეტში და ნარკოტიკებით ვაჭრობაში, თუმცა მათი კრიმინალური საქმიანობა მოიცავს ასევე ქურდობას, ყაჩაღობას, ჯიბის ქურდობას, ადამიანებით ტრეფიკინგს, სიგარეტის კონტრაბანდას, ევროს გაყალბებას, მკვლელობას და ზოგადად კორუფციას.

გარდა ამისა, ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები აკონტროლებენ კრიმინალური ბაზრების საკმაოდ დიდ ნაწილს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რუსული ენის ცოდნა და საერთო წარსული უადვილებს მათ რეგიონში სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობას. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან ერთად ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებისთვის არსებული ბაზარი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეთა არარეგულარულ მიგრაციას ევროკავშირში, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც ამ ჯგუფებს აიძულებს, ეძებონ ახალი შესაძლებლობები. მიუხედავად ამისა, ძალზე სავარაუდოა, რომ გაფართოებული მობილურობის შედეგად ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები შეეცდებიან, გამოიყენონ გადაადგილების თავისუფლება, რათა ხელი შეუწყონ ეთნიკური უმცირესობებისა თუ იმ სხვა მეზობელი ერების არარეგულარულ მიგრაციას, რომლებზეც არ გავრცელდება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, მაგალითად, ქართული ბიომეტრიული პასპორტების გაყალბების მეშვეობით (მიუხედავად საქართველოს მხრიდან ინტერპოლთან თანამშრომლობისა).

თუმცა მინიმალური რისკი არსებობს იმისა, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს გამოიყენებენ როგორც სატრანზიტო ქვეყანას შენგენის სივრცემდე მისაღწევად და თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადს შეიტანენ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველომ დანერგა ქმედითი მექანიზმები არა მარტო არარეგულარული მიგრანტების გამოვლენისა და მართვისათვის, არამედ თავის ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და დაცვისათვის. 2015 წელს თავშესაფრის მაძიებლები ძირითადად ერაყიდან და უკრაინიდან იყვნენ (სულ დაახლოებით 900 განმცხადებელი).

გარდა ამისა, ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებმა შეიძლება მოახერხონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და შენგენის სივრცის თავშესაფრის სისტემების და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ამ ქვეყნებში ხანგრძლივად ყოფნის ლეგიტიმურობის ბოროტად გამოყენება (ანუ შესვლის/გასვლის გაყალბებული ბეჭდით სარგებლობა).

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამ ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებს შესაძლოა ახალი შესაძლებლობებიც წარმოუქმნას, ვინაიდან ისინი მოახერხებენ საკუთარი საქმიანობისა და ინვესტიციების მოქნილად განხორციელებას და გარემოებებთან ადაპტირებას. შესაბამისად, უვიზო რეჟიმმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სხვადასხვა საქონლის ან უკანონო საქონლის (ანუ ძვირფასი ლითონებისა და თვლების) კონტრაბანდას სამხრეთი კავკასიის მარშრუტით.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმ რისკებთან გასამკლავებლად, რომლებსაც მას ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები და „კანონიერი ქურდები“ უქმნიან: მან ჩამოაყალიბა აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩო და ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც სწორედ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაინერგა; ამის მაგალითებია ოპერატიული და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება პოლიციის უწყებათა საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, ან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ისეთი მექანიზმების შემოღება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველომ ასევე მოახდინა „კანონიერი ქურდის“ სტატუსის კრიმინალიზება, რაც, inter alia, ნიშნავს, რომ ის ქართველი „კანონიერი ქურდები“, რომელთა ვინაობა ცნობილია, ვერ მიიღებენ ქართულ ბიომეტრიულ პასპორტებს.

ადამიანებით ტრეფიკინგი: ტენდენციები და უვიზო გადაადგილების პოტენციური შედეგები

საქართველო წარმოადგენს ადამიანებით ტრეფიკინგის წყაროს, სატრაზიტო და დანიშნულების ქვეყანას. საშიშროება ევროკავშირისთვის დაბალი რჩება, ვინაიდან საქართველო არ არის დაფიქსირებული არც მსხვერპლთა და არც ევროკავშირში იდენტიფიცირებულ ეჭვმიტანილ ადამიანებით მოვაჭრეთა წარმომავლობის უმთავრეს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის.

იარაღი და ნარკოტიკებით ვაჭრობა: ტენდენციები და უვიზო გადაადგილების პოტენციური შედეგები

არ არსებობს მტკიცებულებები იმისათვის, რომ ვივარაუდოთ, ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები მონაწილეობენ ევროკავშირში იარაღით უკანონო ვაჭრობაში. უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული წყაროების ინფორმაციით, ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები შესაძლოა ჩართულები იყვნენ იარაღით უკანონო ვაჭრობაში ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში.

რაც შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას, სამხრეთი კავკასიის მარშრუტი გამოიყენება ჰეროინის კონტრაბანდით გადატანისას ირანიდან და ავღანეთიდან ევროკავშირისკენ ალტერნატიული სატრანზიტო კვანძის სახით. შავი ზღვის გადაკვეთის შემდეგ ჰეროინი კონტრაბანდულად გადააქვთ დასავლეთი ევროპის ქვეყნებში. ამიტომ საბორნე მიმოსვლის პუნქტებმა ნარკოტიკებით მოვაჭრეთათვის შეიძლება კონტრაბანდით გადატანის შესაძლებლობები წარმოქმნას და საჭირო იქნება მეტი ყურადღება, განსაკუთრებით, თუ მომავალში უკრაინის მოქალაქეებისთვისაც შესაძლებელი გახდება შენგენის სივრცეში უვიზო გადაადგილება.

უვიზო რეჟიმმა ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებს შეიძლება მისცეს ახალი არხები და საშუალებები ნარკოტიკების კონტრაბანდულად გადატანისთვის შავის ზღვის მარშრუტის გამოყენებით. ასევე, საქართველოდან ევროკავშირში მიმავალი მგზავრების რაოდენობის ზრდასთან ერთად ისინი კურიერებად შეიძლება იქნენ გამოყენებულნი.

თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ნიშნულთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებამ განავითარა ინფრასტრუქტურა და კონტროლის შესაძლებლობები, დანერგა ადამიანური რესურსების ტრენინგები და რისკების მართვის სისტემა რისკების სახეობების დადგენისათვის სავარაუდო დამნაშავეების, მათი სატრანსპორტო საშუალებებისა და საეჭვო გარიგებების წინასწარ იდენტიფიცირების მიზნით.

ინფორმაცია ტვირთების შესახებ შეჰყავთ სისტემაში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. რისკების მართვის სისტემა ავტომატურად ამუშავებს ინფორმაციას და რისკის გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო უწყების თანაშრომელი იღებს ელექტრონულ გზავნილს იმის შესახებ, რომ საჭიროა ტვირთის უფრო საფუძვლიანი შემოწმება და ეს თანამშრომელი ატარებს შემოწმებას ისე, როგორც ეს რისკის კონკრეტული სახეობისთვის არის განსაზღვრული.

ძირითადი პოტენციური შედეგები უსაფრთხოების ტენდენციებისთვის

(ა) საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამ არ უნდა გამოიწვიოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის უსაფრთხოების მხრივ რისკების რაიმე მნიშვნელოვანი ზრდა არსებულ სიტუაციასთან შედარებით. დანერგილია ღონისძიებები პოტენციური შედეგების შესამსუბუქებლად და შემდგომში მათ მოსაგვარებლად.

(ბ) არ არის სავარაუდო, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილება ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფების საქმიანობაში. ამ ჯგუფებს უკვე ნაპოვნი აქვთ გზები გადაადგილების შეზღუდვების გვერდის ასავლელად და ისინი უკვე აქტიურად მოქმედებენ ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში.

(გ) მიუხედავად ამისა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამ შესაძლოა გარკვეულწილად ხელი შეუწყოს ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფების კრიმინალურ საქმიანობას საქართველოდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქონლისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგის თვალსაზრისით, რადგან მათ, სავარაუდოდ, ამ მიზნით შეიძლება გამოიყენონ საქართველოდან ევროკავშირში მიმავალი ადამიანები.

(დ) ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებისთვის არსებული ბაზარი, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა არარეგულარულ მიგრაციას, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც აიძულებს ამ ჯგუფებს, ეძიონ ახალი შესაძლებლობები, მაგალითად, შეეცადონ ეთნიკური უმცირესობებისა თუ სხვა ეროვნების ადამიანებისათვის მოპარული ან გაყალბებული ქართული პასპორტების უზრუნველყოფას, ან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში გრძელვადიანი ცხოვრების ლეგალიზების მომსახურების გაწევას.

ზეგავლენის შემსუბუქების ზომები, რომელთა განხორციელება შეუძლიათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები უსაფრთხოებაზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის სხვადასხვა პოტენციური ზეგავლენის გასანეიტრალებლად:  

გააფორმონ ორმხრივი შეთანხმებები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში შემოიღონ შესაბამისი საკონტაქტო წერტილები პოლიციის ატაშეების განთავსების გზით;  

ქართველ კოლეგებს შესთავაზონ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში (საქართველო-ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები) მონაწილეობა, რაც მიზნად დაისახავს ცოდნისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების გაზიარებას ქართველი კრიმინალების modus operandi-ს შესახებ;  

დანაშაულების ანალიზისათვის საჭირო საქართველოს ინსტრუმენტების გასაუმჯობესებლად და შესაბამისი ინფორმაციის გაზიარების ხელშესაწყობად დააჩქარონ EUROPOL-თან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი