ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საგანგაშოა მთელი რეგიონისათვის

10 მარტი, 2016 • 1212
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საგანგაშოა მთელი რეგიონისათვის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე დისკუსიაში „მსოფლიო დღეს – როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“  მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფორუმი გეოპოლიტიკური კრიზისის განხილვას  დაეთმო – ფორუმის მონაწილეებმა  რეგიონში არსებული გამოწვევების, რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის,ენერგოუსაფრთხოების, კონფესიათაშორისი დიალოგის შესახებ იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს რუსეთი ახორციელებს,  საგანგაშო სიგნალია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის:

„ამ რთულ ვითარებაში და ამ რთულ რეგიონში საქართველო ცდილობს მოკავშირეების გაზრდას და სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცებას. საქართველო ყველა მეზობელთან და პარტნიორთან ცდილობს ახალი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, რომლებიც სტაბილურობით არიან დაინტერესებულნი. ვცდილობთ რეგიონში მშვიდობიან თანაარსებობას.

მეორე მხრივ, რეგიონში ხორციელდება მსხვილი სხვადასხვა პროექტები, მაგალითად, ახალი აბრეშუმის გზის პროექტი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს და ქმნის შესაძლებლობას, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს დაუკავშირდეს“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანთან, რომელთან ერთადაც მონაწილეობს სხვადასხვა პროეეტებში.

გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო  მზადაა წვლილი შეიტანოს პროექტის Lapis lazuli განხორციელებაში, რადგან მიგვაჩნია, რომ ის რეგიონს მრავალმხრივ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს:

„საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობას, ასევე მის უმთავრეს ამოცანას ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება წარმოადგნს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვნ წარმატებას მიაღწია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წინაშე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას“,  – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსლის შემდეგ ფორუმი კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ფორუმის ამოცანაა, მსოფლიო ლიდერებმა შეაფასონ გლობალური უსაფრთხოების ხელის შემშლელი სადავო და საკვანძო საკითხები და განსაზღვრონ ის შესაძლებლობები, რომლებიც  პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში დაეხმარებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი