ახალი ამბები

წულუკიანი: ევროკავშირთან საზღვრების გახსნის შემდეგ საკუთარი თავი და ქვეყანა არ უნდა შევარცხვინოთ

10 მარტი, 2016 • 1304
წულუკიანი: ევროკავშირთან საზღვრების გახსნის შემდეგ საკუთარი თავი და ქვეყანა არ უნდა შევარცხვინოთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის 10 მარტის სხდომის შემდეგ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირში შესულმა საქართველოს მოქალაქეებმა კანონი განუხრელად უნდა დაიცვან.

“მე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი სამართალდამცველების ძალისხმევას ამ დიდ წარმატებაში, რადგან მათ თავიანთი პროფესიონალიზმით დაარწმუნეს ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც უვიზო მიმოსვლის ფარგლებში შევა ევროკავშირის ქვეყანაში, იქნება კანონმორჩილი მოქალაქე. აქ სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ყურადღებით, რომ როდესაც საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ, რადგან ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა ნიშნავს ევროკავშირის მოცემული ქვეყნის კანონების განუხრელად დაცვას,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ, 9 მარტს, ევროკომისია საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად წარსდგა. შესაბამისი დოკუმენტი  ევროკომისიის ვებგვერდზე არის ატვირთული. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

“გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე იმედი გვაქვს ხელშესახები იმისა, რომ საზღვრები გაიხსნება, რომ ჩვენ შევძლებთ მოკლევადიანი მიზნებით, იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა, ახლობლების მონახულება თუ უბრალოდ სიახლეების ნახვა ვიზიტორის სტატუსით, შევძლებთ ყოველგვარი რიგების, ვიზების მოძიების და ბიუროკრატიის გარეშე ვიმოგზაუროთ ევრპოკავშირის ქვეყნებში,”- აცხადებს წულუკიანი.

ასევე, იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში მუშაობის უფლებას არ ნიშნავს:

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევალთ ევროკავშირის ქვეყანაში და იქ, მაგალითად, დავსახლდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეძლევა უფლება, შევიდეთ უვიზოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში და იქ დავრჩეთ საუშაოდ. თუ ეს მოხდება, ეს იქნება წესების დარღვევა და საქართველოს ასეთი მოქალაქე გახდება მოცემული ტერიტორიიდან გამოძევების საგანი,” – განაცხადა მინისტრმა. მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც წესებს დაარღვევს, საქართველოში დააბრუნებენ და მას რამდენიმე წლით აეკრძალება ევროკავშირში შესვლა.

თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, საკუთარ სამშობლოს უფრო მარტივად დაუკავშირდებიან.

“მინდა ჩვენს ყველა მოქალაქეს, სოფლად თუ ქალაქად, მივულოცო ევროკაშირის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ასევე მინდა მივულოცო ეს გადაწყვეტილება ჩვენს ყველა იმ მოქალაქეს, როემლიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და მჯერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მათ კავშირს და ურთიერთობას ჩვენს სამშობლოსთან კიდევ უფრო მარტივს გახდის,”- განაცხადა მინისტრმა.

გარდა სამართადამცავებისა, თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ყველა საჯარო მოხელეს, როემლიც ამ საკითხებზე მუშაობდა.

“თვითონ ბრიუსელში გუშინდელი გადაწყვტილება ნიშნავს, რომ პროცედურა ჩაირთო, რაზეც ჩვენ მრავალი თვე ვმუშაობდით და ამიტომაც გადავუხადეთ ყველა დიპლომატს მადლობა. ჩვენ მოველით და მიხარია, რომ კომისარმა ეს აღნიშნა, უკვე ზაფხულისთვის, ეს რამდენიმეთვიანი პროცედურაა,  საბოლოო გამარჯვება და წარმატება დადგება,”- აცხადებს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი