ახალი ამბები

ევროპარლამენტარები სავჩენკოს საქმის გამო პუტინისა და კიდევ 28 ადამიანის სანქცირებას მოითხოვენ

9 მარტი, 2016 • 1679
ევროპარლამენტარები სავჩენკოს საქმის გამო პუტინისა და კიდევ 28 ადამიანის სანქცირებას მოითხოვენ

ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელძღვანელ ფედერიკა მოგერინის ნადეჟდა სავჩენკოს საქმის გამო ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის 28 ინდივიდუაური პირის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართეს.

რადიო თავისუფალი ევროპის ცნობით, მოგერინისადმი შესაბამის მიმართვას ხელს 57 დეპუტატი აწერს. რადიოს ცნობით, საუბარია იმ ადამიანებისათვის სანქციების დაწესებაზე, ვინც “პასუხისმგებელია ნადია სავჩენკოს გატაცებასა და საქმის ფაბრიკაციაზე”.

გარდა პუტინისა, ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ სანქციები დაუწესდეთ FSB-ს დირექტორ ალექსანდრ ბორნტიკოვს, რუსეთის პარლამენტის წევრ ალექსეი პუშკოვს და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერ იგორ პლოტნიცკის,

ევროპარლამენტარების აზრით, ჩამოთვლილ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ევროკავშირის ვიზებზე, უნდა გაიყინოს მათი საბანკო ანგარიშები ევროპაში, ასევე უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული მათი ქონების კონფისკაცია.

უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ “აიდარის” მებრძოლ ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება ლუგანსკის ოლქში საარტილერიო სროლების შედეგად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლის ჟურნალისტების დაღუპვაში მონაწილეობა და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

გამოძიების ინფორმაციით, სავჩენკომ გადამღები ჯგუფის კოორდინატები დაადგინა და უკრაინის სამხედროებს გადასცა. ამ კოორდინატების გამოყენებით 2014 წლის 17 ივნისს დაუდგენელმა პირებმა ჭურვები ჩაყარეს ლუგანსკში, მეტალისტის დასახლებაში, რის შედეგადაც ჟურნალისტები დაიღუპნენ. გამოძიება ასევე ირწმუნება, რომ სავჩენკომ ლტოლვილად გაასაღა თავი და გადაკვეთა რუსეთის საზღვარი, სადაც ის დააკავეს.

მფრინავის ადვოკატებმა კი განაცხადეს, რომ მომხდარიდან რამდენიმე დღეში მათ გამოძიებას წარუდგინეს ოფიციალური მონაცემები სავჩენკოს ტელეფინიდან ამოღებული სიგნალების შესახებ, რომლის თანახმადაც მტკიცდება, რომ ჟურნალისტებზე დავდასხმის დროს სავჩენკო უკვე ტყვედ იყო აყვანილი. თავად სავჩენკოც აცხადებს, რომ სეპარატისტებმა ლუგანსკის ტერიტორიიდან გაიტაცეს და ვორონეჟის ოლქში წაიყვანეს, სადაც რუსეთის სპეც-სამსახურებს გადასცეს.

19 ივნისს ინტერნეტში გამოჩნდა სავჩენკოს დაკითხვის ვიდეო, რომელშიც ხელბორკილებით მილზეა მიბმული. 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სავჩენკო რუსეთში, ვორონეჟის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. სექტემბერში მოსკოვში, ქალთა #6 ციხეში გადაიყვანეს.

2014 წლის 15 დეკემბერს სავჩენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა მისი გატაცებისა და რუსეთში დაკავების პროტესტის ნიშნად.

“ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, ბატალიონ “აიდარის” ხელმძღვანელმა თავის თავზე აიღო ბრალი სავჩენკოს საქმესთან დაკავშირებით.

“ბი-ბი-სის” უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში “აიდარის” მეთაურმა სერგეი მელნიჩუკმა განაცხადა, რომ 2014 წლის 17 ივნისს აღმოსავლეთ უკრაინაში თვითონ ხელმძღვანელობდა ბრძოლას, რის შედეგადაც რუსი ჟურნალისტები დაიღუპნენ. მელნიჩუკის თქმით, თვითონაა დამნაშავე იმ ქმედებაში, რომელშიც ბრალი ნადეჟდა სავჩენკოს ედება.

მელნიჩუკის თქმით, ჟურნალისტებს უთხრეს, გადაეღოთ სეპარატისტების ნამოქმედარი – უკრაინული სამხედროების განადგურებული ტექნიკა ლუგანსკის ოლქში, მეტალისტის დასახლებაში. მისი განმარტებით, სიუჟეტების მომზადების დროს ჟურნალისტები აღმოჩნდნენ ბატალიონ “აიდარის” მებრძოლების საპასუხო სროლების ქვეშ, რომლებიც იმ დოისთვის ბრძოლით მიიწევდნენ თავისიანების დასახმარებლად. მელნიჩუკმა ჟურნალისტებს სროლების “შემთხვევითი მსხვერპლი” უწოდა.

მელნიჩუკის ნაამბობი დაადასტურა სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა. “ბი-ბი-სის” უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მელნიჩუკის სიტყვები შეესაბამება იმ ამბავს, რაც ადვოკატს თავად სავჩენკომ მოუყვა.

9 თებერვალს სავჩენკოს დაცვის მხარემ სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა. ამის შესახებ უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა მარკ ფეიგინმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაწერა.

მნიშვნელოვანია, რომ მანამდე სტრასბურგის სასამართლომ თვითონ დაიწყო უკრაინელი მფრინავის საქმის წარმოება და რუსეთი მთავრობას სავჩენკოს დაპატიმრების მიზეზების განმარტების მოთხოვნით მიმართა.

9 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტს სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა ასევე საინიციატივო ჯგუფმა. “ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. კიდევ რამდენიმე დღე და ის მოკვდება”, – წერია პუტინისადმი მიმართვაში.

ნადეჟდა სავჩენკო 1981 წელს კიევში დაიბადა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერია და ერთ-ერთი პირველი ქალია უკრაინაში, რომელიც საჰაერო ძალების პილოტი გახდა. სავჩენკო მოხალისედ იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონ “აიდარის” შემადგენლობაში.

2014 წლის ნოემბერში ნადეჟდა სავჩენკო მერვე მოწვევის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი გახდა პარტია “ბატკივშინადან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი