ახალი ამბები

ცხოველთა სასაკლაოებში HACCP-ის სისტემის დანერგვის მხარდაჭერაზე შეთანხმება გაფორმდა

9 მარტი, 2016 • 1415
ცხოველთა სასაკლაოებში  HACCP-ის  სისტემის დანერგვის მხარდაჭერაზე შეთანხმება გაფორმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცხოველთა სასაკლაოებში  HACCP-ის  სისტემის  დანერგვის მხარდაჭერასთან დაკავშირებით შეთანხმება გაფორმდა.

სააგენტოს ცნობით, ეს შეთანხმება ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის  სისტემის  დანერგვასთან დაკავშირებით  მხარდაჭერას  და მათთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. შესაბამისი მემორანდუმი სურსათის ეროვნულ  სააგენტოსა და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ (REAP) შორის გაფორმდა.

REAP-ის  პროექტის დირექტორის, ლუის რაიმონდ ფაოროს განცხადებით, ისინი 90 სასაკლაოს პერსონალს გაუწევენ კონსულტაციას და გააცნობენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია სასაკლაოების სერტიფიცირებისათვის.

„შეთანხმების მიზანია, REAP-ისა და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით  განხორციელდეს სურსათის უვნებლობის მართვისა და სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება ცხოველთა სასაკლაოებისათვის, რაც უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვას და  გააძლიერებს მათ პოტენციალს,“- განაცხადა  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩავლეშვილმა.

HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც  სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას  გულისხმობს. HACCP ეფუძნება 7 ძირითად პრინციპს: საფრთხის ანალიზის ჩატარება; კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა; კრიტიკული ზღვრების დაწესება; მონიტორინგის პროცედურები; მაკორექტირებელი ქმედებები; გადამოწმება; ჩანაწერების წარმოება.

2016 წლიდან, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით,  ცხოველთა სასაკლაოებისთვის სავალდებულოა HACCP-ის დანერგვა.

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში HACCP-ს პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები უკვე გაწერილია. თუმცა, კოდექსის თანახმად, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო 2015 წლის 1 იანვრამდე ბიზნესოპერატორები არ დაჯარიმდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი