საზოგადოება

გენდერული კვოტირება პარლამენტის თაროზე

4 მარტი, 2016 • 3698
გენდერული კვოტირება პარლამენტის თაროზე

მარტში ერთი წელი გავიდა, რაც საინიციატივო ჯგუფმა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად საპარლამენტო გენდერული კვოტირების ადვოკატირების კამპანია დაიწყო, თუმცა პროცესი წინ ვერ მიდის. ქალთა მოძრაობაში ფიქრობენ, რომ პარლამენტი კანონპროექტის “თაროზე შემოდების რეჟიმში” მოქმედებს და დეპუტატების გამოსაფხიზლებლად ახალ კამპანიას, ასევე აქციას აანონსებენ.

 

გაჭიანურებული გენდერული კვოტირება

18810

“კვოტირების თემაზე ინტენსიური განხილვები არ დაწყებულა, რადგან კოალიციაში შემავალ ჯგუფებში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. [პარლამენტში] ქალების რაოდენობამ რომ უნდა მოიმატოს, ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ხელოვნურად, კვოტირებით არ უნდა მოხდეს, არამედ პარტიებმა უნდა ავიღოთ იმის ვალდებულება, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს სიაში. ზოგი თვლის, რომ პირიქით, კვოტირებაა საჭირო”, – ასე ხსნის “ქართული ოცნების” პარტიის ფრაქციის ლიდერი გია ვოლსკი ბათუმელებთან საუბარში კვოტირების საკითხს.

დეკლარირების დონეზე საქართველოში გენდერულ კვოტირებას მხარს არაერთი პოლიტიკური ფიგურა უჭერს, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, პრეზიდენტი. კვოტირებისათვის მხარდაჭერა გამოცხადებული აქვს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია. მიუხედავად ამისა, პროცესი წინ ვერ მიდის და, როგორც პარლამენტის წევრები არაოფიციალურ დისკუსიებში საუბრობენ, არჩევნებამდე მისი მიღება უდიდესი ალბათობით ვერ მოხდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად მისი საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციისა, ამ საკითხში არ ერევა და ის “ქართული ოცნების” გადასაწყვეტია.

“ამ ეტაპზე პროცესი საერთოდ გაჩერებულია, თუმცა გაეროს [ქალთა მიმართა ძალადობის საკითხებში] წარმომადგენელი იყო სულ ახლახან ჩამოსული თბილისში და მოიკითხა, “სიდო კონვენციის” რეკომენდაციებს როგორ ასრულებთო. ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ კვოტირებაა. მას [დუბრავკა სიმონოვიჩი] უთხრეს, რომ პროექტი გვაქვსო. ეს პროექტი რეალურად გაჩერებულია: არც იქით მიაქვთ, არც აქეთ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეუბნებიან, ვმუშაობთ ამ საკითხზეო. სინამდვილეში მარტში თუ არ შევიდა ცვლილება [საარჩევნო კოდექსში], გენდერული კვოტირება 2016 წელს ვეღარ იმოქმედებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება არჩევენებამდე ექვსი თვით ადრე არ უნდა მოხდეს. პროცესი ხელოვნურადაა გაჩერებული. არც ბოლომდეა ჩაგდებული, მაგრამ არის გაყინული. შეიძლება სულ ასე დარჩეს, ან წინ წავიდეს”, – ამბობს ბაია პატარია, ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი.

გენდერული კვოტირების საკითხზე პარლამენტში ორი ინიციატივა არსებობს: ქალთა საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტის მიხედვით, კანონმა პარტიებს პროპორციული საარჩევნო სიების იმგვარად ფორმირება უნდა დაავალდებულოს, რომ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის პოლიტიკოსი იყოს, რაც, ჯამში, 150-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში ქალთა მინიმუმ 25- პროცენტიან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს – 38 დეპუტატი ქალი.

მეორე ინიციატივის მიხედვით, რომლის ავტორებიც “ქართული ოცნების” წევრები- ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ჭკუასელი არიან, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ დეპუტატში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. რიცხვებში ეს ქალთა მინიმუმ 15-პროცენტიან [25 ქალი] წარმომადგენლობას ნიშნავს.

ორივე ინიციატივა მხოლოდ საარჩევნო სიებს ეხება და პროპორციული სიით პარლამენტში გასულ დეპუტატებს, შესაძლოა, დაემატოს მაჟორიტარული წესით მოხვედრილი ქალებიც.

ჭკუასელი/ყეინიშვილის ვერსიის მიმართ შენიშვნები აქვს ბაია პატარაიას, რომლის აზრითაც ქალთა 15%-იანი წარმომადგენლობა მოცემულ რეალობაში ბევრს ვერაფერს ცვლის, რადგან 25 დეპუტატი არ არის საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ პოლიტიკამ ცვლილება განიცადოს, თუმცა ახლა ისე ჩანს, რომ პარლამენტი არც ამ ვარიანტის მიღებას ჩქარობს.

ბაია პატარიას თქმით, უკვე გამოჩნდა, რომ ქალთა საინიციატივო ჯგუფის ვერსიას [სიაში ყოველ მეორე ქალს] მხარს არც ერთი საპარლამენტო პარტია არ უჭერს. მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა იურიდიულმა კომიტეტმა ჩააგდო, იმისათვის, რომ საკანონმდბელო წინადადება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე დადგეს, მისი ინიცირება რომელიმე დეპუტატმა უნდა აიღოს თავის თავზე:

“ჩვენი წინადადებისთვის, როგორც ჩანს, ხელის მოკიდება საერთოდ არავის უნდა. არც ერთ დეპუტატს… თუმცა არის რიგი დეპუტატებისა, რომლებიც სამეულში ერთი განსხვავებული სქესის ვერსიას უჭერენ მხარს. ასეთი პარტიებიც არიან, თუმცა არა ენმ ან  “ქართული ოცნება”, არამედ თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები”, – ამბობს პატარაია.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არც კვოტირების ყეინიშვილისა და ჭკუასელის ვერსიას დაუჭირა, მათ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე კეჭისყრისთვის გატანა მაინც შეუძლიათ. როგორც კვოტირების ამ სისტემის მომხრე დეპუტატებმა ბათუმელებს არაოფიციალურ საუბრებში უთხრეს, კანონპროექტი კენჭისყრებზე არ გადის, რადგან ეშინიათ, რომ ის დიდი ალბათობით ჩავარდება.

ბაია პატარიას აზრით კი, გენდერული კვოტირების საკითხის შეჩერებას კონკრეტული მიზეზი აქვს. მისი თქმით, როდესაც პარტიები ბლოკური საარჩევნო სიების შედგენას დაიწყებენ ასეთი არჩევანის წინაშე დადგებიან:

“იქ, სადაც ბლოკური სისტემაა და გაერთიანებაში ბევრი პარტია შედის, საარჩევნო სიები პარტიების პირველი და მეორე ადამიანებისგან უნდა აეწყოს და იქ ქალები არ არიან”, – ამბობს პატარაია და დასძენს: “არავის უნდა, რომ პარლამენტში ქალებს ადგილი დაუთმოს”.

“პარლამენტის წევრთა 89 პროცენტი დღეს არიან კაცები, რამდენიმეს გამოკლებით პარტიებს მნიშვნელოვანწილად მართავენ და გადაწყვეტილებას იღებენ კაცები და იმისთვის, რომ ქალები შევიდნენ პარლამენტში, ბუნებრივია, ზოგიერთი კაცი პარლამენტიდან უნდა გამოვიდეს. ქალებმა უნდა დაიბრუნონ ის ადგილი, რომელიც მათ ეკუთვნის, მაგრამ არავის უნდა შეელიოს სკამს. ყველას უნდა რომ პარლამენტში იჯდეს”.

 

საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის პოზიციები

38136

გამოკითხვა, რომელიც ჩვენ კაც დეპუტატებში ჩავატარეთ, მოწმობს, რომ კვოტირების საკითხზე განსხვავებული პოზიციები რიგი პარტიების შიგნითაც არსებობს. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის წევრები- ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ვაშაძე სავალდებულო გენდერული კვოტირების წინააღმდეგნი არ არიან მაშინ, როცა პარტიის აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანს ასეთი პოზიცია აქვს:

“ვფიქრობ, პოზიტიური დისკრიმინაციაც შეიცავს მნიშვნელოვან პრობლემებს. გარემო უნდა გახდეს დემოკრატიული, რომელიც შეჯიბრობითობის საშუალებას მოგვცემს. მსგავსს გარემოში ადამიანს, მიუხედავად მისი სქესისა, ნიჭის და ცოდნის შესაბამისად, მიეცემა პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა. მე უფრო ვიზრუნებდი დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და არა მსგავსს ქმედებებზე. კვოტირება სრულიად ავტორიტარულად შეიძლება გამოიყენოს ვინმემ იმისათვის, რომ ნიჭიერი, მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანები დაბლოკოს. როცა გვაქვს პარტია, რომლის საარჩევნო სიას შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი აკომპლექტებდეს, ეს კანონი შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებდი კვოტირებისგან”, – ამბობს რატიანი.

განსხვავებული მოსაზრებები ისმის “ქართული ოცნებიდანაც”, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას ქმნის და დიდწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული, გავა თუ არა კონკრეტული კანონპროექტი.

“ქალები პოლიტიკაში უნდა იყვნენ, მაგრამ ასეთ ხელოვნური დაყოფაზე მიჭირს პასუხის გაცემა. ქალბატონებისთვის ეს ცოტა შეურაცხმყოფელი ხომ არ არის? რატომ უნდა იყოს თვლით?”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

“რაღაც დოზით შეიძლება იყოს კვოტა, მაგრამ 50/50-ზე არ მიმაჩნია სწორად. თვითონ ქალებისთვისაც შეურაცხმყოფელია, რადგან ბევრი მათგანი ისედაც მოიგებს არჩევნებს თავისი რეიტინგით. რაღაც დოზით, ვთქვათ, სიის 25 %-ით [კვოტირებას] ალბათ მხარს დავუჭერდი”, – ამბობს თამაზ მეჭიაური.

“არც მომხრე ვარ და არც წინააღმდეგი… როგორც გადაწყდება. სასურველია, დღეს რამდენი ქალიც არის, იმაზე მეტი იყოს პოლიტიკაში წარმოდგენილი, მაგრამ ეს თავისთავად უნდა დარეგულირდეს და არა რაღაც რეგულაციებით”, – თქვა ლექსო თამაზაშვილმა.

“რესპუბლიკური პარტია” ყოველ სამ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის პოლიტიკოსის ყოფნას მხარს დაუჭერს. ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ და იმის მიუხედავად, მიღებული იქნება თუ არა ასეთი კანონი, რესპუბლიკელების სია ამ სისტემით აეწყობა. ამასთანავე, შესაძლოა ერთი ან ორი ადამიანი აღმოჩნდეს ჩვენს ფრაქციაში, რომლებმაც შეიძლება თავი შეკავონ მხარდაჭერისგან, მაგრამ ფრაქციის პოზიცია ისეთივეა, როგორიც პარტიის და რესპუბლიკელების ხმები იქნება კანონის სასარგებლოდ. ჩემი პირადი ხმაც ასე იქნება, მე მხარს ვუჭერ”, – ეს დავით ბერძენიშვილის კომენტარია.

“მიმაჩნია, რომ ყოველგვარი კვოტირება არასწორი იქნება იმიტომ, რომ შეიძლება გარკვეული პიროვნებების ინტერესი დაზარალდეს. შეიძლება უფრო მეტი ქალი იმსახურებდეს პარლამენტში მოხვედრას და ამით შეზღუდო, ან პირიქით, უფრო მეტი მამაკაცი იყოს ღირსეული და ისინი შეზღუდო. ეს, არ მგონია, სწორი იყოს” – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე მრეწველების ფრაქციიდან.

“მე თვითონაც არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული ამ საკითხზე. ვფიქრობ,  თუ პარტიას იმის რესურსი გააჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი შეიყვანოის სიაში, შესაძლოა კვოტაზე მეტიც კი გააკეთოს, ხომ არ აჯობებს ამ გზით ვიაროთ? თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჩემი თავისთვისაც არ მაქვს მიღებული”, – ეს გია ვოლსკის სიტყვებია.

 

პოლიტიკაSHE

ქალთა მოძრაობის პლაკატი საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად

ქალთა მოძრაობის პლაკატი საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების მხარდასაჭერად

დღეისათვის საქართველოს 150-მანდატიან პარლამენტში მხოლოდ 18 დეპუტატია ქალი, რაც ინტერსაპარლამენტო კავშირის მონაცემებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგია.  

მიმდინარე კვირიდან ქალთა მოძრაობა იწყებს სავალდებულო გენდერული კვოტირების ადვოკატირების კამპანიის ახალ ტალღას – პოლიტიკაSHE, რომლის ფარგლებშიც, ბაია პატარიას თქმით, დაგეგმილი აქტივობები სხვადასხვა სივრცეში გაიმართება 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს. მისი თქმით, ქალთა საინიციატივო კგუფის მიერ მომზადებული კვოტირების კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დადგეს და დეპუტატებმა გადაწყვეტილება მიიღონ, ხოლო საზოგდოებას ეცოდინება, ვინ დაუჭირა მხარი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას და ვინ არა.

“თუ მოსახლეობამ უფრო მწვავედ არ დააყენა ეს საკითხი, მანამდე [პოლიტიკოსები] ყურადღებას არ მიაქცევენ და ახლა ზუსტად თაროზე შემოდების პროცესშია [პარლამენტი]”, – აცხადებს პატარაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი