საზოგადოება

ECRI: საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა და ლგბტ პირთა დისკრიმინაციამ იმატა

1 მარტი, 2016 • 2008
ECRI: საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა და ლგბტ პირთა დისკრიმინაციამ იმატა

დღეს, 1 მარტს, ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) გამოაქვეყნა მისი მეოთხე ანგარიში საქართველოზე, რომელშიც გაანალიზებულია არსებული ვითარება და გადაუჭრელი საკითხები, ასევე მოცემულია რეკომენდაციები ხელისუფლებიადმი. საქართველოს მთავრობის მოსაზრებები ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა.

ECRI-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა და ლგბტ პირების დისკრიმინაცია მატულობს, ხოლო სამართალდამცავთა რეაგირება არ არის საკმარისი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს ანტიდისკრიმანაციული პოლიტიკისა და კანონმდებლობის კუთხით, სიძულვილის ენა და ძალადობა ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის, ასევე ლგბტ პირების მიმართ ბოლო წლებში გაიზარდა, ხოლო ხელისუფლების პასუხი არ აღმოჩნდა საკმარისი“, – აცხადებს კრისტიან ალუნდი, ECRI-ის ხელმძღვანელი.

ევროპული კომისიის განცხადებით, საქართველოში სიძულვილის ენის გამოყენება და ფიზიკური თავდასხმები ზოგიერთ უმცირესობაზე, მაგალითად, მუსლიმებზე, მატულობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართულ საზოგადოებაში, ზოგადად, არის ჰომო და ტრანსფობიური კლიმატი.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ამბობს: „შეუწყნარებლობა და ლგბტ პირთა თუ უმცირესობათა დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. მართლმსაჯულებასა და სამართალდამცველ ორგანოებს საკვანძო მნიშვნელობა აქვთ ამ თვალსაზრისით. არსებითია იმის უზრუნველყოფა, რომ ძალადობის შემთხვევაში გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის საგანი იმთავითვე გახდეს პოტენციური რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური მოტივაცია“.

ანგარიში მიესალმება რიგ პოზიტიურ ცვლილებებს, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსის დამატება, რომელიც რასისტულ მოტივაციას დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს; 2014 წელს კანონის მიღებას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მიღებას სგანგებო აქცენტებით რელიგიის თავისუფლებასა და უმცირესობათა დაცვაზე; ასევე სხვა სახის ეროვნული პოლიტიკის გატარებას შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

”თუმცა საქართველოში კრიმინალიზებული არ არის რასიზმის გამოვლენისა და მხარდაჭერის ყველა ფორმა. ასევე არ არსებობს კანონმდებლობა, რომლითაც შეიზღუდება რასისტული პოლიტიკური პარტიების თუ ორგანიზაციების დაფინანსება, აიკრძალება ან გაუქმდება ისინი. ასევე შეუძლებელია სასამართლო განხილვის დაწყება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, თუ არ არსებობს კონკრეტული მსხვერპლი,” – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლების პასუხები არ გამოდგა ადეკვატური. ევროპული კომისიის აზრით, საქართველოში არ არსებობს ქმედითი სისტემა სიძულვილის ენის მონიტორინგისათვის.

”მედიასა და პოლიტიკურ დისკურსებში უფრო მეტად ისმის არაშემწყნარებული კომენტარები, განსაკუთრებით, ისლამოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის.”

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ აცხადებს, რომ წინა ანგარიშის შემდეგ სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა სიძულვილის ენის გამოვლენის არც ერთ შემთხვევაზე სამართლებრივი ბაზის არარსებობის გამო: ”გამოძიება იწყებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ერთვებოდა ძალადობის მუქარა.”

როგორც ECRI-ის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რელიგიური შეუწყნარებლობის გამო თავდასხმების ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია სათანადოდ არ იცავდა უმცირესობათა უფლებებს. ევროპული კომისიის აზრით, ანალოგიურად, საკმარისად არ იცავდნენ ლგბტ ორგანიზაციების უფლებას, გაემართათ მშვიდობიანი საჯარო შეკრებები.

”ინტეგრაციის სფეროში საკმარისად არ იყო მიღებული ზომები უმცირესობათა განათლების გასაუმჯობესებლად და ისტორიულად ეთნიკურ უმცირესობათა სოციალურ-ეკონომიკური გარიყულობის შესამცირებლად: გასაუმჯობესებელია სახელმძღვანელოები, ხოლო მასწავლებლები დამატებით გადამზადებას საჭიროებენ,” – ნათქვამია ანგარიშში.

ECRI-მ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა. ევროპული კომისიის განცხადებით, ქვემოთ მოყვანილი ორი რეკომენდაცია დაუყოვნებელ განხორციელებას საჭიროებს და ამას ECRI ორი წლის შემდეგ განიხილავს:

  • პოლიციაში საგანგებო განყოფილების შექმნა, რომელიც კონკრეტულად რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე იმუშავებს;
  • რელიგიათა საბჭოს მხარდაჭერის გაფართოება, განსაკუთრებით, რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან, რომელმაც უნდა გამოიყენოს საბჭოს ექსპერტიზა რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემასთან გასამკლავებლად.

ანგარიში ECRI-მ საქართველოში 2015 წლის მარტის ვიზიტის შემდეგ მოამზადა და მასში გათვალისწინებულია მოვლენები 2015 წლის 17 ივნისამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი