საზოგადოება

შეთანხმება, რომლითაც ტყიბულში გაფიცვა შეწყდა და რისკები

1 მარტი, 2016 • 2886
შეთანხმება, რომლითაც ტყიბულში გაფიცვა შეწყდა და რისკები

რას წარმოადგენს დოკუმენტი, რომლითაც ტყიბულელ მაღაროელებს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” ხელფასების 7 + 3 პროცენტით გაზრდას დაპირდა და გაფიცვა შეწყდა?

შეთანხმება

დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერენ საგაფიცვო კომიტეტი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ჯანდაცვის სამინისტრო, “ჯიაიჯი ჯგუფი” და ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობა, შეთანხმება ჰქვია. შეთანხმების მომენტში ცვლილებები არ შესულა გაფიცული მაღაროელების ინდივიდუალურ კონტრაქტებში, თუმცა შეთანხმების მიხედვით კომპანია მათთვის ხელფასების მომატების ვალდებულებას იღებს.

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ “ჯიაიჯი ჯგუფს” არა შეთანხმების, არამედ მემორანდუმის გაფორმება სურდა, თუმცა ისინი ამას არ დაეთანხმნენ, რადგან შეთანხმების შესრულება სავალდებულოა და თუ მას რომელიმე მხარე დაარღვევს, მეორე მხარეს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, შეთანხმებაზე პროფკავშირების ხელმოწერა მნიშვნელოვანია, რადგან თუ დოკუმენტზე მხოლოდ საგაფიცვო კომიტეტი მოაწერდა ხელს, ეს მომავალში შექმნიდა შეთანხმების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფრთხეს:

“სწორედ ამიტომაც არ უნდოდა “ჯი აი ჯი ჯგუფს”, რომ ჩვენ ვყოფილყავით ხელმომწერები, მხოლოდ საგაფიცვო კომიტეტის ხელმოწერა უნდოდათ, რომლის [ლეგიტიმაციასაც ეჭვქვეშ დააყენებდნენ] ერთ თვეში, რა უფლებამოსილსების მქონენი არიან და ა.შ.”, – ამბობს პეტრიაშვილი.

საჯაროობა

შეთანხმება, რომელიც უკვე ხელმოწერილია და რომლის საფუძველზეც ტყიბულის მაღაროში დღეს, 12:00 საათიდან მუშაობა აღდგა, ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ პროფკავშირებმა ტყიბული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ დატოვეს და დოკუმენტის ის პირი, რომელიც მათ ეკუთვნით, ახლა ხელთ არ აქვთ. პეტრიაშვილის განმარტებით, შეთანხმების მათი ასლი ამჟამად საგაფიცვო კომიტეტში ინახება: “სავარაუდოდ, დღეს გადმოგვიგზავნიან”. დოკუმენტი ნეტგაზეთს ვერც საგაფიცვო კომიტეტში მიაწოდეს ტექნიკური მიზეზების გამო და ამის გაკეთებას ხვალისთვის დაგვპირდნენ.

შეთანხმების საჯაროობა მნიშნელოვანია EMC-ის იურისტის, ლინა ღვინიანიძისათვის, რომელიც ტყიბულში გაფიცვის პროცესს აკვირდებოდა:

“მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, როგორია ამ დოკუმენტის შინაარსი და მხარეებმა ეს ინფორმაცია საჯარო უნდა გახადონ”, – ამბობს ღვინიანიძე.

2011 წლის შეთანხმება და სასამართლო დავა

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ 1 მარტს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა პროფკავშირებსა და საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს  შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების ასლი, რომლითაც მისი თქმით, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ყოველი წლის ბიუჯეტის განხილვისას მოცემული მომენტისთვის არსებული ინფლაციის მაჩვენებელს გაითვალისწინებს და დასაქმებულთა ხელფასებში ასახავს. ინფორმაცია ამ დოკუმენტის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემაც გაავრცელა ტყიბულში ყოფნისას. თუმცა, მისი თქმით, კომპანიამ დოკუმენტის ავთენტურობა უარყო და განაცხადა, რომ  “ჯი აი ჯი ჯგუფის” სახელით გაკეთებული ხელმოწერა ყალბია.

აგერ უკვე მერამდენე დღეა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) წარმომადგენლები, პროფკავშირთან 2011 წელს დადებული თავისივ…

Posted by Tamaz Dolaberidze on Saturday, February 27, 2016

რა გარანტია არსებობს, რომ ინტერპრეტაციის საგანი 2016 წელს დადებული შეთანხმებაც არ გახდება, რომელიც 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების ანალოგიურია?

“რა თქმა უნდა, არის რისკი  მისი შეუსრულებლობის, ისევე როგორც 2011 წელს იყო. აქ  ასევე დგას პროფკავშირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც არის მხარე და იმ შემთხვევაში, თუ საწარმო პირობას არ აღასრულებს, მას აქვს სამართლებრივი დავის შესაძლებლობა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ საწარმოსგან ხელშეკრულების აღუსრულებლობის შემთხვევაში მას გაასაჩივრებს… თუმცა 2011 წლის შეთანხმების საკითხზე ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირს ჰქონდა სამართლებრივი უფლებამოისლება, თავს დროზე მოეხდინა რეაგირება და ედავა სასამართლოში, მან ეს ბერკეტი გამოიყენა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფიცვა დაიწყო [2016 წელს]. პროფკავშირების რეაქცია სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების თვალსაზრისით არის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მექანიზმი. 2011 წლის ხელშეკრულების შემთხვევაში რეაქცია დაგვიანებული იყო და გვაქვს იმედი, რომ იგივე არ მოხდება 2016 წელს დადებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში”, – ამბობს ლინა ღვინიანიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ტყიბულში გაფიცვა შეწყვეტილია, პროფკავშირები 2011 წლის ხელშეკრულების საკითხს სასამართლოში მაინც გაასაჩივრებს და წამოიწყებს დავას “ჯი აი ჯი ჯგუფის” წინააღმდეგ. კითხვას, რატომ არ გააკეთა ეს აქამდე, იგი ასე პასუხობს:

“დაგვიანებული რა არის? სასამართლოში არ მოხდა გასაჩივრება, თორემ 2011 წლის შეთანახმებაზე აპელირებით კომპანიას წერილები ეგზავნებოდა და პროტესტი გამოითქმებოდა…”.

“რეაქცია რომ არ იყო? ამას ვადა არ გასვლია და იმიტომაც მაქვს უფლება, რომ სასამართლოში შევიტანო სარჩელი და ვიდავო აღებული ვალდებულებების შესრულებაზე’, – პასუხობს პეტრიაშვილი ნეტგაზეთის შეკითხვას.

რაც შეეხება იმას, თუ რას წარმოდგენს ის მოთხოვნა, რაზეც პროფკავშირები ახლა სასამართლო დავის წამოწყებას გეგმავს, პეტრიაშვილი განმარტავს:

“მე ვუთხარი კომპანიას, თუ თქვენ მეშახტეებს ხელფასზე 14.7 პროცენტს ახლავე მოუმატებთ, სასამართლო დავას არ დავიწყებთ. თუ თქვენ მხოლოდ 10 პროცენტს მოუმატებთ, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ სასამართლო დავას და ეს თანხა იქნება ბევრად უფრო მეტი ვიდრე 14.7 პროცენტი და დავუდე კიდევაც წინ: ეს არის 6 400 000 ლარი. თუ სამართლიანი სასამართლო იქნა ამ ქვეყანაში, რაც ახლა გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშაა, ამას აუცილებლად მოვიგებთ და კომპანიამ იცის, რომ  მოვიგებთ”.

რაც შეეხება იმას, თუ საიდან მოვიდა 14.7 პროცენტი, რაზეც პეტრიაშვილის აპელირებს, პროფკავშირების ხელმძღვანელის განმარტებით, ეს ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით ხელფასების ინდექსაციის მონაცემია:

“2011 წლის შეთანხმების მე-10 მუხლში გვიწერია ასეთი რაღაც, რომ კომპანია ყოველწლიურ სახელფასო ბიუჯეტში ასახავს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლით ხელფასების ინდექსაციას. ჯამში თუ ავიღებთ, ეს არის 14.7 პროცენტი, მაგრამ თუ პროგრესულ ზრდას ავიღებთ: 2011 ში ინფალცია იყო 7.4, ანუ 100 ლარი თუ გქონდათ ხელფასი, თქვენი  უნდა გამხდარიყო 107.4 ლარი, 107.4 ლარს უნდა დაემატოს 2012 წლის ინფლაცია, მერე გაზრდილს უნდა დაემატოს 2013 წლის ინფლაცია და ეს, ჯამში, გამოდის ბევრად უფრო მეტი თანხა, ვიდრე 14.7 პროცენტია და ეს გახალვთ 6 400 000 ლარი”, – აცხადებს პეტრიაშვილი.


2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ტყიბულში გაფიცულებს საწარმომ მარტიდან დაუყოვნებლივ 7%-იანი სახელფასო ზრდა შესთავაზა, აპრილის დასაწყიში კი დამატებით ხელფასების 3%- იანი ზრდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, სულ კომპანიას სახელფასო ბიუჯეტის 5 პროცენტით გაზრდა უწევს, თუმცა მენეჯერულ რგოლებს ზრდა არ შეეხება და გაფიცულ მაღაროელებს 7 + 3 – პროცენტიანი სახელფასო ზრდა გამოუვა.

საწარმო თანახმაა, გაცდენილი დღების ნაწილი აანაზღაუროს, ნაწილს საშვებულებო დღედ გააფორმებს. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწმუნება, რომ “გადაიხედება”  შრომის პირობებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი