საზოგადოება

რა უშლის ხელს მედიას საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობაში

27 აპრილი, 2011 • 2470
რა უშლის ხელს მედიას საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობაში

პროფესიონალიზმის დაბალი ხარისხი, საზოგადოების სისუსტე, პოლიტიკური ნება და შიში – ასეთია იმ პრობლემების ჩამონათვალი, რაც «სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის» მონაცემებით, საქართველოში მედიის ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში არსებობს.

«ამ ოთხი მთავარი პრობლემიდან წმინდა მედია–პრობლემა გახლავთ მხოლოდ პირველი მათგანი – პროფესიონალიზმის დაბალი ხარისხი, დანარჩენი სამი კი – ეხება გარემოს, რომელშიც მედიას უწევს საქმიანობა,» – ამბობს «სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის» ხელმძღვანელი ია ანთაძე.

ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან მედიის ურთიერთობის პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების გამოკვეთის მიზნით, «სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა» გასულ წელს დახურული შეხვედრები გამართა საქართველოს 6 ქალაქში (ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, გორი, სიღნაღი, ოზურგეთი), რომლებშიც ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საერთო ჯამში, დისკუსიებში 122–მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, მედიას წარმოადგენდა 33, ხელისუფლებას – 26, არასამთავრობო ორგანიზაციებს – 28, ოპოზიციას – 17 და საზოგადოების ნაწილს – 18 ადამიანი.

«ყველა ქალაქში მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები დისკუსიებში, თუმცა ყველაზე მწირი მონაწილეობა ხელისუფლებამ ქუთაისში მიიღო, სადაც ქალაქის საკრებულოს «ნაციონალური მოძრაობის» ფრაქციის ხელმძღვანელი წარმოადგენდა ხელისუფლებას. გურიაში გუბერნატორი და მისი მოადგილე მონაწილეობდნენ, ფოთში თავად ქალაქის მერი, კახეთში რაიონების გამგებლები,» – ამბობს ია ანთაძე.

დახურული შეხვედრები წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით წარიმართა:

«ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრის მონაწილეებს ორ საკითხთან დაკავშირებით ჩამოეყალიბებინათ პრობლემური საკითხები: 1. რა უშლის ხელს მედიას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის ხელისუფლებასთან? და 2. რა უშლის მედიას ხელს საზოგადოებასთან ერთიერთობის პროცესში? ამის შემდეგ მოხდა პრობლემების დაჯგუფება,» – აცხადებს ია ანთაძე.

დისკუსიების დროს გამოკითხული 122 ადამიანიდან, 67–მა მთავარ პრობლემად პროფესიონალიზმის ნაკლებობა დაასახელა, 51–მა – პოლიტიკური ნება, 49–მ – საზოგადოების სისუსტე, 36–მა – შიში, 18–მა – კომუნიკაციის პრობლემა და 7–მა – ფავორიტიზმი.

მედიაში პროფესიონალიზმის კუთხით არსებული პრობლების გადაჭრის საუკეთესო გზად გამოკითხულთა უმრავლესობას საუნივერსიტეტო და პროფესიული განათლების გაუმჯობესება, ასევე, ექსპერტული და ანალიტიკური ჟურნალისტიკის განვითარების მხარდაჭერა მიაჩნია, თუმცა, იმავე უმრავლესობის აზრით, ამ კუთხით არსებობს ისეთი რისკფაქტორები, როგორებიცაა– მედიაში მწირი ფინანსები და პროფესიონალების გადინება.

«გამოკითხულები ამბობდნენ, რომ მედიის მწირი დაფინანების გამო ხშირია ჟურნალისტების გადინება სახელისუფლებო და ბიზნე–დაწესებულებების პიარ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში,» – განმარტავს ია ანთაძე.

გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ პოლიტიკური ნებისა და შიშის პრობლემის მოგვარება საზოგადოების გააქტიურებით არის შესაძლებელი, საზოგადოების გააქტიურება კი – დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებით.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად თანამშრომლობენ ერთმანეთთან მედია, ხელისუფლება და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, «სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა» დისკუსიების მონაწილეების ანკეტური გამოკითხვა ჩაატარა. ანკეტურ გამოკითხვაში 107 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, თანამშრომლობა მედიაორგანიზაციებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებს, ბიზნესსექტორსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის არ არსებობს, ან დაფუძნებულია ურთიერთსარგებლიანობაზე. თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, რესპონდენტების აზრით, აუცილებელია შეხვედრებისთვის საჭირო ფინანსების მოძიება, ნდობის გაზრდა და მონიტორინგისა და ადვოკატირების უნარ–ჩვევების გამომუშავება.

პრობლემების მიუხედავად, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ზემოთ აღნიშნული სექტორების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საზოგადოების ნდობა ამ სექტორების მიმართ გაიზარდა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ბიზნესსექტორი, რომლის მიმართაც, გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, არც საზოგადოების ნდობა გაზრდილა და არც მისი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დასახელებული პრობლემების დასაძლევად, გამოიკვეთა ოთხი რეკომენდაცია: 1. დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება (რომელიც დაიყო სამ ნაწილად: მედიის გათავისუფლება კონტროლისგან; ექსპერტული და ანალიტიკური ჟურნალისტიკის გაძლიერება; საზოგადოების ზუსტი ინფორმირება); 2. საზოგადოების გააქტიურება (რაც გულისხმობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მოქალაქეთა ჩართულობის გზარდასა და ადგილობრივი ლიდერების გამოკვეთას); 3. განათლება (საუბარია საუნივერსიტეტო და პროფესიულ განათლებაზე) და 4. დიალოგი მედიას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.

საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან მედიის ურთიერთობის პროცესში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ანალიზი «სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა» «საქართველოში მედიის ხელშემწყობი პროგრამის»  დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განახორციელა. პროგრამა, რომელსაც IREX EUROPE, WAN-IFRA, “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი” და «საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია» ახორციელებდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.

ამავე პროგრამის ფარგლებში გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო ეთიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის, რომელშიც ქართულ პრესაში გამოქვეყნებული 20 სტატიის ანალიზია წარმოადგენილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმებთან შესაბამისობაში.

აღნიშნული სახელმძღვანელოს და ზემოთ აღნიშნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია «სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა» დღეს სასტუმრო «თბილისი მარიოტში» გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი