საზოგადოება

სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ[video]

18 აპრილი, 2011 • • 1347
სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ[video]

სტუდენტები და მათი მხარდამჭერები დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ. საპროტეტსო აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხერხდა.

აქციის ორგანიზატორი საინიციატივი ჯგუფი „თარგმნე“ იყო, თუმცა პროტესტს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი და მათი მეგობრები შეუერთდნენ. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლაშა ქავთარაძის თქმით, უნივერსიტეტთან აქციის გამართვის მიზეზი 15 აპრილს თსუ-ს მეხუთე კორპუსში განვითარებული მოვლენებია. მისი თქმით, პარასკევს თსუ-ს მეხუთე კორპუსში საინიციატივო ჯგუფმა „თარგმნე“ გამართა პრეზენტაცია, სადაც სტუდენტებმა უნივერსიტეტში სასწავლო ლიტერატურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრეს: კერძოდ, თსუ-ში სასწავლო ლიტერატურის დიდი ნაწილი ინგლისურ ენაზეა, ნაწილი კი უხარისხოდ არის ნათარგმნი. ლაშა ქავთარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსიას მოჰყვა პრეტენზიები თსუ-ს თვითმმართველობის მიმართაც და ის სტუდენტთა ინტერესების უგულვებელყოფაში დაადანაშაულეს. პრეტენზიებს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების მხრიდან აგრესია და რამდენიმე სტუდენტის ცემა მოჰყვა.

დღეს გამართულ აქციაზე სტუდენტებმა უნივერსიტეტის თვითმმართველობას უნდობლობა გამოუცხადეს და სასწავლებლიდან იმ სტუდენტების გარიცხვა მოითხოვეს, რომლებმაც სხვა სტუდენტების ცემაში მიიღეს მონაწილეობა. მათ, ასევე, მოითხოვეს თსუ-ს თვითმმართველობის სრული ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნება.

„სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა ძალადობამ დაგვანახა, რომ აუცილებელია აქტიური მოქმედება და ახალგაზრდობის უფლებების დაცვა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულენოვანი ლიტერატურის არარსებობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, რამდენიმე სტუდენტმა გამოთქვა უკმაყოფილება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის მიმართ. ამის გამო მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათზე დღემდე ხორციელდება დევნა. საკუთარი მოსაზრების გამო დისკრიმინირებული სტუდენტები მოუწოდენ ახალგაზრდობას, რომ ერთად ებრძოლონ ძალადობას უნივერსიტეტში,“ – წერენ აქციის ორგანიზატორი სტუდენტები ფეისბუქზე გახსნილ სპეციალურ გვერდზე. მათ მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თამამად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და გმობენ ადამიანის უფლებების ყოველგვარ შელახვას.

მიუხედავად ამისა, საინიციატივო ჯგუფ „თარგმნეს“ წევრები ვერ ამტკიცებენ, რომ აგრესიის და ფიზიკური ძალადობის ინიციატორები თვითმმართველობის წევრები იყვნენ.  ისინი ამბობენ, რომ ამას ვარაუდის დონეზე ხვდებიან და დოკუმენტურად ვერ ამტკიცებენ, რადგან აღნიშნულ ადამიანებს პირადად არ იცნობენ.

 

“ნეტგაზეთმა” სცადა, უნივერსიტეტის თვითმმართველობისგან, ადმინისტრაციისგან ან თავად უნივერსიტეტის რექტორისგან მიეღო განმარტებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა შენობაში არ შეგვიშვა და მიზეზად „შინაგანაწესი“ დაასახელა, რომლის მიხედვით არასტუდენტის შეშვება სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ისინი შენობაში შემსვლელ ადამიანებს სტუდბილეთებს არ სთხოვდნენ. დაცვის სამსახურმა თსუ-ს  პიარ–სამსახურის წარმომადგენელთან დაკავშირება შემოგვთავაზა. მისმა უფროსმა ნანა მამაგულაშვილმა კი სატელეფონო საუბარში განგვიცხადა, რომ მისი ნებართვის გარეშე უნივერსიტეტის შენობაში ვერ შევიდოდით. მისივე ინფორმაციით, თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ადგილზე არ იყო არც მისი მოადგილე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი უცხოელებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, შესაბამისად „პრესის უნივერსიტეტის შენობაში შესვლას აზრი არ ჰქონდა“.

ნანა მამაგულაშვილმა, ასევე, განგვიცხადა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გმობს ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას უნივერსიტეტში. მისივე ინფორმაციით, „თარგმნე“ ჯგუფის წევრები უკვე შეხვდნენ თსუ-ს ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, შეხვედრაზე კი მათგან არსებული პრობლემების მოგვარების პირობაც მიიღეს. თსუ-ს სტუდენტ ლაშა ქავთარაძის თქმით, „თარგმნეს“ წარმომადგენლები მართლაც შეხვდნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელობას და მათგან მიიღეს პირობა, რომ „მსგავსი ძალადობა“ უნივერსიტეტში აღარ მოხდება. ქავთარაძის თქმით, თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყოველგვარი კავშირი უარყვეს სტუდენტთა ცემის ინიციატორ სტუდენტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი