საზოგადოება

ომბუდსმენი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს მომხსენებლის რჩევებს იზიარებს

22 თებერვალი, 2016 • 1272
ომბუდსმენი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გაეროს მომხსენებლის რჩევებს იზიარებს

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გაეროს სპეციალური მომხსენებლის, დუბრავკა სიმონოვიჩის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და სრულად იზიარებს მათ.

“აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციები თანხვედრაშია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე განხორციელებულ შესწავლის შედეგებთან და ეხმიანება იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს წინაშე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით დგას,” – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელობანია, რომ სპეციალურმა მომხსენებელმა ისაუბრა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებებისა და იმ ტაბუს შესახებ, რაც ქალებს არ აძლევს საშუალებას მიმართოს პოლიციას. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა დამცავი ორდერების სიმცირეზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიციელები გახდნენ უფრო მეტად პროაქტიულები, რათა დროულად მოხდეს პრევენციული ღონისძიებების გატარება.

დუბრავკა სიმონოვიჩმა ისაუბრა გენდერული ნიშნით ძალადობის ისეთ ფორმაზე, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება და აღნიშნა, რომ მართალია, კანონმდებლობა დაიხვეწა, თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში იყოს მზაობა და გავრცელდეს ინფორმაცია შესაძლო რისკებთან დაკავშირებით.

სიმონოვიჩმა საკუთარ დასკვნაში ხაზი გაუსვა ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე; მხარი დაუჭირა სავალდებულო კვოტირებას და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ეს ინიციატივა გაზრდის ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება სპეციალური მომხსენებლის წარმოდგენილ რეკომენდაციებს და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მოხდება აღნიშნული საკითხების გათვალისწინება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პოლიტიკის, სერვისებისა და დაცვის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.

სიმონოვიჩი ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის შს მინისტრის მოადგილესა და იუსტიციის მინისტრს. სიმონოვიჩი იმყოფებოდა თბილისში, ასევე, კახეთსა და შიდა ქართლში. ექსპერტი ეწვია ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშეფარს და ადგილზე გაეცნო იქ მცხოვრებთა პრობლემებს.

ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაციის საფუზველზე მომზადებულ საბოლოო ანგარიშსა და შესაბამის რეკომენდაციებს დუბრავკა სიმონოვიჩი ივნისში გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭოს 32-ე სესიაზე წარადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი