საზოგადოება

ბრძოლა კიბოსთან თამბაქოს ინდუსტრიის მხარდაჭერის ფონზე

22 თებერვალი, 2016 • 2277
ბრძოლა კიბოსთან თამბაქოს ინდუსტრიის მხარდაჭერის ფონზე

სახელმწიფო, ერთი მხრივ, მილიონებს ხარჯავს ბიუჯეტიდან ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის, პრევენციისა თუ მკურნალობისთვის, მეორე მხრივ, ასევე ბიუჯეტიდან, მილიონებს ხარჯავს თამბაქოს წარმოების განვითარებაზე, რომელიც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, კიბოს ერთ-ერთ ძირითად გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა. ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მტკიცებით, თამბაქოს ინდუსტრიამ საქართველოში უმაღლესი თანამდებობის პირების მხარდაჭერა კორუფციული გზით მოიპოვა. კიბოთი საქართველოში ყოველწლიურად 10-12 ათასი ადამიანი იღუპება.

დანახარჯები კიბოსგან განკურნებაზე და თამბაქოს ინდუსტრიის შენატანები ბიუჯეტში

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე სახელმწიფო ბევრ თანხას ხარჯავს. „ჩვენმა უცხოელმა ექსპერტებმა დათვალეს ზარალი და დანახარჯი შეადგენს დაახლოებით მილიარდ ლარს წელიწადში. მილიარდ ლარში შედის ის თანხა, რაც ჯანდაცვის ბიუჯეტიდან  ხმარდება კიბოს ამა თუ იმ დაავადების მკურნალობას, რომლის მკურნალობის ხარჯებს – 70%-ს სამი წელია სახელმწიფო იხდის, ზოგ შემთხვევაში კი სრულადაც აფინანსებს, დანარჩენ 30%-ს პაციენტები იხდიან.

მაშინ, როცა თამბაქოს ინდუსტრიას ბიუჯეტში მხოლოდ 300 მილიონამდე ლარი შეაქვს“, – აცხადებს „თამბაქოს კანტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე.

რამდენად ზუსტია გიორგი ბახტურიძის განცხადება? – ამ ინფორმაციის გადამოწმება „ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გასულ კვირას სცადა. სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს მონაცემები ცალკე დამუშავებული არ აქვთ და მხოლოდ 10 დღის ვადაში შეუძლიათ მისი მოწოდება. ინფორმაცია დღემდე არ მოუწოდებიათ.

კიდევ ერთი ინფორმაციის – თამბაქოს ინდუსტრიიდან 2015 წლის ბიუჯეტში შენატანების შესახებ ზუსტი მონაცემების დასადგენად „ბათუმელებმა“ საქართველოს შემოსავლების სამსახურსა მიმართა. შემოსავლების სამსახურს „ბათუმელების“ წერილობითი აცნობეს, რომ „თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა 2015 წლის განმავლობაში იყო 525,213.3 ლარი, აქედან აქციზის გადასახადი საქართველოში წარმოებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციიდან – 56,616.1 ლარი“.

კიბოსგან განკურნებაზე დახარჯული თანხის შესახებ გარკვეული ინფორმაციის შეგროვება „ბათუმელებმა“ მაინც მოახერხა, თუმცა ის ფრაგმენტულია და ასე გამოიყურება:

ქვეყნის ბიუჯეტიდან მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვაზე 570 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ მუხლში სხვა ყველაფერთან ერთად შედის ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგი, თუმცა რამდენი ლარია ამისთვის გამოყოფილი, არსად არ არის მითითებული. დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის კი 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 2 მილიონი ლარია გამოყოფილი „ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18-წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის; წელს თბილისის მერიამ ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დასაფინანსებლად 3 მილიონი ლარი გამოყო. კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად 700 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. ამ მიზნით 86 ათასი ლარია გათვალისწინებული ბათუმის მერიის ბიუჯეტშიც.

თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა თანხაც იხარჯება სხვადასხვა სახის კიბოს ოპერაციებისა თუ ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად, ასევე ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობისა თუ ლეიკემიის შემთხვევების დასაფინანსებლად.

სახელმწიფო პოლიტიკა

2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გამოაცხადა. ამ მიზნით დაიწყო პროცესები თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელმაც 2013 წელს შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმით ზუსტად იყო გაწერილი, რომელ უწყებას რა უნდა გაეკეთებინა, მდგომარეობის რეალურად შესაცვლელად. თუმცა, სამოქმედო გეგმის შემუშავებიდან დღემდე პროცესში გარდატეხის შემტანი არაფერი გაკეთებულა. გამოიკვეთა ერთი ტენდენცია – სახელმწიფომ თამბაქოს ინდუსტრიის დახმარება დაიწყო.

სახელმწიფო მხარდაჭერა თამბაქოს ინდუსტრიას

საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტში არსებობს ასეთი შინაარსის ჩანაწერი: „თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება… ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამის პოპულარიზაცია“. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო 2016 წელს 400 ათას ლარს დახარჯავს. ამავე დროს ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ – მიმოხილვაში პირდაპირ წერია, რომ ამ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს, ანუ „დააფინანსოს თამბაქოს გადამუშავება, ასევე სიგარების, სიგარილების და სიგარეტების წარმოება“.

საქართველოს სახელმწიფო პროგრამის („აწარმოე საქართველოში“) მიერ მხარდაჭერილი პროექტების მონიტორინგის შედეგად ნათელი ხდება, რომ ხელისუფლებამ თამბაქოს მწარმოებლების მხარდაჭერა 2016 წლის დადგომისთანავე დაიწყო: მაგალითად, იანვრის თვეში სახელმწიფო პროგრამამ – „აწარმოე საქართველოში“ – 250 ათასი ლარით დააფინანსა საწარმო „იმერი“. ეს კომპანია მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში და სიგარების წარმოება-რეალიზაციით არის დაკავებული. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „იმერის“ წარმოებული სიგარები იყიდება როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ისე უცხოეთში.

„იმერის“ მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერა არაფერია იმასთან შედარებით, რაც სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ – ფარგლებში მიიღო კომპანია „თბილისის თამბაქომ“. ამ კომპანიას სახელმწიფომ 2 500 000 ლარი გადასცა ბიზნესის გასავითარებლად. „თბილისის თამბაქო“ ქართულ ბაზარზე ცნობილია, როგორც სიგარეტ „პირველის“ მწარმოებელი კომპანია.

თამბაქოს მწარმოებლები სასწავლო დაწესებულებებში

არაერთი კვლევის თანახმად, საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები – 12-13 წლის ასაკში. ამის მიუხედავად, სახელმწიფო მოხელეები თამბაქოს ინდუსტრიის პოპულარიზაციას სასწავლო დაწესებულებებშიც კი არ ერიდებიან.

ფოტო შს აკადემიის ფეისბუქგვერდიდან

ფოტო შსს აკადემიის ფეისბუქგვერდიდან

მსგავსი უცნაურობები, როდესაც სახელმწიფო, ერთი მხრივ, თითქოს იბრძვის სიგარეტის მავნე გავლენების შესამცირებლად, ხოლო, მეორე მხრივ, ეწევა მის პოპულარიზაციას, ერთეული შემთხვევა სულაც არ არის. მაგალითად, საქართველოს შს სამინისტროს აკადემიის ფეისბუქგვერდზე დღემდეა განთავსებული იმის დამადასტურებელი ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ მსხვილმა სიგარეტის შემომტანმა კომპანიამ – „ბრითიშ ამერიკან თობაქომ“ „აკადემიის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა“. აი, რა წერია უწყების მიერ 2015 წლის 30 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და „ბრითიშ-ამერიკან თობაქოს“ დირექტორმა კავკასიის კორპორატიულ და მარეგულირებელ საკითხებში ზვიად სხვიტარიძემ 30 სტუდენტს სერტიფიკატები შსს-ს აკადემიის რექტორთან ნუკრი გელაშვილთან ერთად გადასცეს…

სტუდენტების დაფინანსება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება, რომლის საფუძველზეც, მათ სწავლის საფასურის 50% ერთჯერადად დაუფინანსდებათ. ამას გარდა, კომპანია შსს-ს აკადემიის ბიბლიოთეკას 20 პორტატიულ კომპიუტერს გადასცემს“.

იგივე „ბრითიშ ამერიკან თობაქომ“ 2014 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის მაგისტრატურის საუკეთესო 15 პირველკურსელს სრულად დაუფინანსა სწავლა ერთი წლის განმავლობაში. თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან სხვადასხვა სახის „ქველმოქმედება“ მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს.

მსგავსი სპონსორობა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო კონვენციას. მაგალითად, „საქართველოს კანონში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ წერია, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, შეამციროს „თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილება და ამ ნაწარმის ხელმისაწვდომობა“; ასევე უზრუნველყოს „თამბაქოს რეკლამისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება და მისი ზემოქმედებისგან დაცვა“. უფრო მეტიც, „თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა აკრძალულია საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში“;

ზემოთ აღნიშნულ ფაქტებს თუ განვაზოგადებთ, საქმე გვაქვს იმასთან, რომ თამბაქოს მწარმოებლების პოპულარიზაცია, მათ მიმართ კეთილგანწყობის მოპოვება, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მოსყიდვა ხდება ქვეყნის სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.

მსგავსი დამოკიდებულება ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს რეკლამის შესახებ და თამბაქოს კონტროლის იმ ჩარჩო კონვენციას, რომელსაც საქართველო 2006 წლიდან არის მიერთებული. ამ კონვენციის 13.1 მუხლში წერია: „მხარეები აღიარებენ, რომ რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა მნიშვნელოვნად შეამცირებს თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას“. კონვენციის კიდევ ერთი – 13.2 მუხლის თანახმად კი „თითოეული მხარე თავისი კონტიტუციისა და კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად, კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს თამბაქოს რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა“. კონვენცია ხაზგასმით კრძალავს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ სპონსორობას და „სოციალური პასუხისმგებლობის“ აქტივობების განხორციელებასაც.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები აძლევს საფუძველს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელს, გიორგი ბახტურიძეს, განაცხადოს, რომ „თამბაქოს ინდუსტრიამ იყიდა მთელი ხელისუფლება“. „ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები, თუ რომელ თანამდებობის პირს რამდენი გადაუხადეს, ჩვენ არა გავქვს, მაგრამ ეს ჩანს მსგავსი აქციებიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით ბუმი იყო 2014-2015 წლებში, რასაც თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები უნივერსიტეტებში ეწეოდნენ. არადა, თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან სპონსორობა აკრძალულია 2009 წლიდან“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბახტურიძემ. – „ამ ე.წ. საქველმოქმედო აქციების უკან დგას პოლიტიკური კორუფციის ნიშნები, ხელისუფლებამ შეაჩერა ყველა ის პროცესი, რაც ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებს ეხებოდა. ყოველდღე ვიღებთ მეტ დაზარალებულს ჯანმრთელობის თვალსაზრისით  და ეკონომიკურ გაღატაკებას“.

მწეველებისა და გარდაცვლილების სტატისტიკა

საქართველო სიგარეტის მოხმარების მასშტაბებით ევროპაში მეორე ადგილზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე „მწეველი“ ქვეყნების სიაში საქართველოს საბერძნეთი მოსდევს. ამავე ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%. მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის – 15-22%. თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის ცნობით კი, ქვეყანაში 1 700 000 მწეველია.

წინა წლების დინამიკაზე დაყრდნობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა იზრდება (სხვადასხვა კვლევის თანახმად, ბოლო 16 წლის განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა).

ასევე კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 0-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება.

ამ ციფრების მიღმა დგანან რეალური ადამიანები, რომლებიც, ძალიან ხშირად, მოწევით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებით იტანჯებიან ან იღუპებიან. კიდევ ერთი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების მსხვერპლია 9-დან 12 ათასამდე ადამიანი. „იღუპება ერთი ქალაქი მშვიდობიანობის დროს“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსმა მის ხელთ არსებული ინფორმაციების საფუძველზე წერილობით მიმართა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. თუმცა, საქართველოს პროკურატურას ამ მხრვი მოკვლევა არ განუხორციელებია. ალიანსი იმავე განცხადებით მალე მიმართავს ახალ პრემიერს – გიორგი კვირიკაშვილსაც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ორი კომპანია მუშაობს თამბაქოს წარმოებაზე, ხოლო 79 კომპანია ვაჭრობს თამბაქოს პროდუქციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი