საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

კლერიკალიზმის ტრიუმფი სეკულარულ აფხაზეთში

22 თებერვალი, 2016 • 2020
კლერიკალიზმის ტრიუმფი სეკულარულ აფხაზეთში

ზოგადი მდგომარეობა ჩემი კოლეგა-ჟურნალისტებისა, რომლებიც ფხაზეთის პარლამენტში ჯანდაცვის შესახებ კანონის დაჟინებულ გატანას თვალს ადევნებდნენ, შეიძლება ერთი სიტყვით აღვწეროთ – “დაბნეულობა”.

დღესაც კი, როდესაც კანონი, რომელიც რესპუბლიკაში აბორტის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს, უკვე ხელმოწერილია პრეზიდენტის მიერ, არავის ესმის, საერთოდ, როგორ გახდა მისი მიღება შესაძლებელი.

ანალოგიურ ემოციებს (გაღიზიანება და გაბრაზება) განიცდის, როგორც ჩანს, აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი – განსაკუთრებით, ქალები.

ქართველების რელიგიურობის დამოუკიდებლად შეფასებას ვერ გავბედავ, მაგრამ მიჩნეულია, რომ ამ ერის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში გამოკითხვები ყოველთვის მოწმობს ეკლესიის მაღალ რეიტინგს. აფხაზები კი ამ ფონზე ყოველთვის უფრო სეკულარულ ერად გამოიყურებოდნენ, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი მრავალი ისტორიული მიზეზი აქვს.

აფხაზების დიდი ნაწილი, საერთოდ, ისლამის მიმდევარია, ბევრი დღესაც სახლში ლოცულობს და რიტუალებს ასრულებს. რა თქმა უნდა, უმრავლესობა, ვინც საკუთარ თავს მართლმადიდებელს უწოდებს – არაკლესიურია, ტაძრებშიც მხოლოდ დღესასწაულებზე დადის.

ამის მიუხედავად, რაღაც სასწაული ძალით აღნიშნული კანონის მისაღებად შესაძლებელი გახდა დეპუტატების ჯგუფის თავმოყრა (რა თქმა უნდა, მამრობითი სქესის). განსაკუთრებით დამამახსოვრდა დეპუტატი საიდ ხარაზია, განათლებით თეოლოგი და, როგორც ამბობენ, ძალიან მორწმუნე ადამიანი. ფეისბუკის აფხაზი მომხმარებლები თავიდან დასცინოდნენ მის სატელევიზიო ქადაგებებს – ამბობდნენ, რომ რუს სასულიერო პირს ჰგავს დეპუტატის ჩაცმულობაში. თუმცა შემდეგ სასაცილოდ აღარ ჰქონდათ საქმე, როდესაც აღმოჩნდა, რომ ამ კანონპროექტს მხოლოდ ორი დეპუტატი ეწინააღმდეგება – ერთადერთი ქალი პარლამენტში, ვიცე-სპიკერი ემა გამისონია და დეპუტატი ახრა ბჟანია.

სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა, როგორც ჩანს, კანონმდებელთა ეს წინადადება თავიდან არასერიოზულად მიიჩნიეს. მოგვიანებით კი, როდესაც ნათელი გახდა, რომ დეპუტატების უმრავლესობა სულაც არ გეგმავს ჯანდაცვის შესახებ კანონიდან ამ ნორმის ამოღებას, ექიმებმა დაიწყეს აბორტის აკრძალვის საწინააღმდეგო სტანდარტული არგუმენტების ჩამონათვალის წარმოდგენა.

ყველაზე გვიან ჯანდაცვის მინისტრი ანზორ გოოვი გამოფხიზლდა, რაც, დამეთანხმებით, უცნურია – კანონი ხომ სწორედ მისი საქმიანობის სფეროს შეეხება.

გოოვმა კანონპროექტის კრიტიკა მხოლოდ იანვრის ბოლოს დაიწყო, უკვე მას შემდეგ, რაც მეორე მოსმენით მიიღეს პარლამენტში (დეპუტატები, რომლებიც ერთმანეთს ფარისევლობაში ეჯიბრებიან, მეორე მოსმენის დროს პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ არგუმენტები ვერ იპოვა, რაც სიმართლეს შეესაბამება). ამასთან, გოოვმა აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტი ასეთი ფორმულირებით დაიწყო “ზოგადად, მე, რა თქმა უნდა, აბორტების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ…”.

პრეზიდენტის იმედიღა რჩებოდათ (მე არა, სხვებს) – რომ ის მაინც დაადებდა კანონს ვეტოს. თუმცა რაულ ხაჯიმბა, როგორც ჩანს, კონფლიქტს მოერიდა პარლამენტთან, რომელმაც გასაოცარი ერთსულოვნება გამოამჟღავნა.

ცხადია, პატარა აფხაზეთში აბორტების აკრძალვა – უფრო სიმბოლური ჟესტია. სოჭამდე ორი საათი სამარშრუტო ტაქსით და არასასურველი ორსულობის პრობლემა (სამედიცინო და სხვა ნებისმიერი მიზეზით) გადაწყვეტილია – ფულით. უფასოდ აბორტის გაკეთება მხოლოდ გინეკოლოგიური ქირურგიის პროფილის საქართველოს კლინიკებში შეიძლება.

საკითხი ოპერაციების მცირე რაოდენობას შეეხება. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში წელიწადში 900 აბორტი კეთდება.

მაგრამ რისი სიმბოლოა ეს ჟესტი?

პირველი – სამოქალაქო საზოგადოების უკიდურესი სისუსტე და გენდერული თანასწორობის არარსებობა. პარლამენტში ქალების მიზერული წარმომადგენლობა ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ქალების ხმები კაცმა დეპუტატებმა მარტივად უგულებელყვეს იმის გამოც, რომ პროტესტი არ ისმოდა, რადგან მის გამოსახატად პრაქტიკულად არხებიც არ აღმოჩნდა (ფეისბუკი არ ითვლება). რატომ იყო შექმნილი ორგანიზაცია “ქალები პოლიტიკაში”, თუკი მისმა ხელმძღვანელობამ პრობლემაზე ხმის ამოღება ვერ შეძლო? როგორც ჩანს, პოლიტიკის გამო და არა ქალების. რატომ დუმდნენ დანარჩენი არასამთავრობო ორგანიზაციები? რა თქმა უნდა, დამოუკიდებელ საპროტესტო აქციებზე საუბარი აღარაა, ვინაიდან პატარა საზოგადოებაში არ არის მარტივი ქალების უფლების – საკუთარი სხეულის ფლობის შესახებ ქუჩაში ფემინისტური ლოზუნგით გამოხვიდე.

მეორე – ანალიტიკოსებისთვის, შესაძლოა, საჭირო გახდეს აფხაზეთის პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის როლზე შეხედულებას გადახედონ.

საეკლესიო დაპირისპირების გაჩენის მომენტიდან აფხაზეთში ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ საეკლესიო ცხოვრებაში საერო სექტორი ერევა. თუმცა დღეს სახეზე საპირისპირო პროცესი ჩანს. როგორ ფორმებს მიიღებს ის მომავალში, ჯერ ადრეა განხილვა. მაგრამ ამ კვირაში სოხუმის საქალაქო კრებაზე ქალაქის გერბის შეცვლის (უფრო ქრისტიანული და წარმართული სიმბოლოებისგან თავისუფალი გერბი სურთ) მცდელობა იყო. ამის უკან დაუფარავად დგას სოხუმი-ბიჭვინთის ეპარქიის წარმომადგენელი, მღვდელი ბესარიონი. სწორედ ისინი იყვნენ აბორტების აკრძალვის ინიციატორები.

დაბოლოს, მესამე – აფხაზური დემოკრატიის არქაიზაციის ტრენდი. თუ ადრე აფხაზური კანონმდებლობა ძირითადად საერთაშორისოდ მიღებული პროგრესული ნორმების გადმოღებით იქმნებოდა, დღეს აფხაზეთის პარლამენტმა უმცირესობის უფლებების იგნორირებით უმრავლესობის პრიმიტიული დიქტატურისკენ სწრაფვის დემონსტრირება მოახდინა. ამას კი, შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს.

Captureujm,.

მასალების გადაბეჭდვის წესი