საზოგადოება

საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლების წაშლილი ისტორიის გაცოცხლება ერთ ალბომში

20 თებერვალი, 2016 • 4810
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლების წაშლილი ისტორიის გაცოცხლება ერთ ალბომში

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრების შესახებ მემორიალური ალბომის გამოცემას აპირებს, რაც ავტორთა განმარტებით, წაშლილი ისტორიის გაცოცხლებასა და “მეხსიერების გაწყვეტილი ძაფის გადაბმას” ისახავს მიზნად.

მემორიალურ ალბომზე მუშაობა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ 4 წლის წინ დაიწყო. ალბომში შევა ბიოგრაფიული ცნობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 145 დეპუტატის შესახებ.

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის თქმით,  წიგნის გამოცემა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში არ არსებობს ისეთი მემორიალური გამოცემა, რომელშიც თავმოყრილია ცნობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების შესახებ.

დამფუძნებელი კრება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მიზანიც იყო, პარლამენტის მოწვევამდე შეემუშავებინა კონსტიტუცია და სახელმწიფო მმართველობის ფორმა, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, 1919-1921 წლებში ფუნქციონირებდა. დამფუძნებელი კრება 1919 წელს ჩატარებული საყოველთაო ფარული კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტდა.

10368868_717575281629826_1597608120510714141_o

ირაკლი ხვადაგიანის თქმით, 1919-1921 წლებშიც სურდათ გამოეცათ მსგავსი კრებული საქართველოს დამფუძნებელი კრების იმ წევრების შესახებ, რომელთაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, თუმცა კრებულის გამოცემას საბჭოთა ოკუპაციამ შეუშალა ხელი. სწორედ ეს ფაქტი გახდა ინსპირაცია “სოვლაბისთვის”, ამგვარი ალბომი შეექმნა.

მემორიალური გამოცემის ერთი ნაწილი 1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების მოქმედი და ყოფილი დეპუტატების ნაწილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიები და გადაღებული ფოტოებია, რომლებიც მკვლევრებმა საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა მუზეუმსა და საცავში მოიძიეს.

“ავტობიოგრაფიების ნაწილი  სხვადასხვა ფონდში, ფოტოები სხვადასხვა კოლექციაში გაიფანტა. როცა ჩვენ ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი, ისიც არ ვიცოდით, სულ რამდენი დეპუტატი იყო 1919-21 წლებში”, – ამბობს ხვადაგიანი.

დამფუძნებელი კრების ყველა დეპუტატის ვინაობა ცნობილია, თუმცა  ხვადაგიანი ამბობს, რომ ყველა მათგანზე სტარდარტიზებული  ინფორმაცია არ არსებობს.  ბევრ დეპუტატზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაციაა,  ნაწილზე- უფრო მცირე, ხოლო 2-3 დეპუტატზე ძალიან მწირი,  ბაზისური ინფორმაციაა მოიპოვება .

ხვადაგიანის თქმით, ის, რომ დეპუტატების ბიოგრაფიები ასე რთულად მოსაძიებელია, სწორედ საბჭოთა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული. საბჭოთა რეჟიმი “ძალიან მარტივად ცდილობდა მათი ნაკვალევის წაშლას – მათი განადგურებით”.

“ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად წარმოადგენდნენ საქართველოს. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მთავარი დარტყმა წავიდა იქით, რომ საბჭოთა რეჟიმს ისინი გამოეყენებინა, ეიძულებინა, საჯაროდ ეთქვათ, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისაღებია საქართველოს სახელმწიფოსათვის”, – ამბობს ხვადაგიანი.

დამფუძნებელი კრების დეპუტატი ლიზა/ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

დამფუძნებელი კრების დეპუტატი ლიზა/ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

1921 წლიდანვე დაიწყო მათი მასობრივი დევნა-შევიწროება, ნაწილმა წნეხს ვერ გაუძლო და შეიცვალა პოზიცია, რამდენიმე მათგანი კომუნისტური პარტიის წევრიც კი გახდა, დიდი ნაწილი კი წინააღმდეგობის მოძრაობაში გაწევრიანდა დამოუკიდებლობის აღსადგენად.

50-ამდე დეპუტატი დახვრიტეს, 5 თუ 6 დეპუტატი გადასახლებაში ან ციხეში დაიღუპა, ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, ხოლო დარჩენილებიდან მაქსიმუმ 2-3 შეიძლება მოიძებნოს ისეთი, ვინც ერთხელ მაინც არ ყოფილიყო დაპატიმრებული, ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დეპუტატები პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდნენ, რადგან რაიმე პოლიტიკური აქტივობის გამოჩენა შეუძლებელი იყო. ხვადაგიანის თქმით, მათ, ვინც გადარჩნენ, სხვა სფეროებში მუშაობით დაიმკვიდრეს თავი.

მაგალითად, დამფუძნებელი კრების დეპუტატი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი შალვა ალექსი-მესხიშვილი, იმის მიუხედავად, რომ 20-იან წლებში დააპატიმრეს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წვერობის გამო და წინააღმდეგობის მოძრაობის სავარაუდო მონაწილე იყო, გათავისუფლების შემდეგ აგრძელებდა საადვოკატო საქმიანობას და ქართული სამართალმცოდნეობისერთი-ერთი დამფუძნებელია.

ხოლო ჩიტო შარაშიძეს, დამფუძნებელი კრების კიდევ ერთ დეპუტატს, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის ავტორია, გასაბჭოების შემდეგ არ დაუმალავს საკუთარი უარყოფითი პოზიცია საბჭოთა მთავრობის მიმართ.

ჩიტო შარაშიძე დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხვა წევრებთან ერთად

ჩიტო შარაშიძე დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხვა წევრებთან ერთად

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევრების ვარაუდით, შარაშიძე სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტდა საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაწყებულ საქმიანობას – ანუ პოლიტიპატიმართა დახმარების საიდუმლო საქმიანობას.

“არის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ არსებობდა ორგანიზაცია “საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი”, რომელიც ეხმარებოდა პოლიტიკურ პატიმრებს. მისი ხელმძღვანელები ყოფილი ქალი დეპუტატები იყვნენ”, – ამბობს ხვადაგიანი.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციამ დიდი მსახურება გაუწია პატიმრებს, რადგან ციხის რაციონზე ყოფნა სიკვდილს უდრიდა, ხოლო რეპრესირებულთა ოჯახებისთვის თანხების მობილიზება საარსებო მნიშვნელობის იყო. პოლიტპატიმართა დახმარების ეს ქსელი სწორედ ქალი პოლიტიკოსებით იყო დაკომპლექტებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელზეც ირაკლი ხვადაგიანი ყურადღებას ამახვილებს, ისაა, რომ დამფუძნებელი კრება თითქმის ყველა მხარის თუ ეთნიკური და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

დამფუძნებელი კრების დეპუტატი ჰუსეინ (სოინ) ყული-მამედ-ოღლის (მამედოვი)

დამფუძნებელი კრების დეპუტატი ჰუსეინ (სოინ) ყული-მამედ-ოღლი (მამედოვი)

გავიგე თუ არა ჩვენი ჯარის მოგროვება ზაქათალისკენ, ჩვენი მაჰმადიანებიდან 14 მარზა წავიყვანე და სიღნაღში ჩავაბარე შესაწევრად ჩვენი სამშობლოს სახელოვან მცველებს. იქიდან დავტრიალდი და 3 ივნისს ჩაველ ჭარბელაქან-ზაქათალაში ფეხით, გლახასავით დაფხრეწილი ტანისამოსში, რასაც ყველა კაცზე და დედაკაცზე შეხვდები ეხლა ყველგან. ისე შევეპარე ლეკებს, რომ შემეშინდა; არა მიხიმანონ-რა მეთქი, მაგრამ ნიადაგი და ფსიქოლოგია იქ ისეთი აღმოჩნდა, რომ რასაც ვქადაგობდი მეჩეთებში, დოღრ-დეირო, კარგა ამბობსო, რასაც ამბობს ყურანში ჩასაწერიაო, იძახოდნენ … მე ვამბობდი ისეთი მიმართულების სიტყვებს, რომ მათ მეტისმეტი სიფრთხილე ემართათ საქართველოსთან წინანდელი დამოკიდებულობა არ გაემწოვებინათ. ვამბობდი, რომ თქვენ მარტო ხილი გაქვთ ცხოვრების წყაროდ და თუ იგი თბილის-საქართველოში არ გასაღდა, ისე თქვენი ყოფა წარმოუდგენელია-მეთქი და ბაქო-განჯაში ჩატანას ვერ უძლებს, ფუჭდება-მეთქი და თუნდაც არ ფუჭდებოდეს, იმისთანა ხილის ყადრი თბილის-საქართველოს გარდა, სხვაგან არავინ იცის-მეთქი. ვეუბნებოდი, რომ მე თქვენსავით მაჰმადიანი ვარ და ქართველების მიდგომით კი არ გირჩევთ, რაც თქვენთვის სამჯობინოა იმას გირჩევთ და როგორც აქამდე მამაპაპით მეზობლურად გიცხოვრიათ – ძმურად, ის ნუ დაგავიწყდებათ-მეთქი. ვინც წყაროში ჩააფურთხებს, ხშირად მასვე ხვდება იქიდან წყლის დალევა და თქვენ ისე უგუნურად ნუ მოიქცევით, უგუნურობა და გაურჩევლობა პირუტყვს შეეფერება-მეთქი.[დამფუძნებელი კრების დეპუტატის ჰუსეინ (სოინ) ყული-მამედ-ოღლის (მამედოვი) წერილი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას]

“საქართველოში ყველა მკვიდრად მცხოვრებ ეთნოსს ჰყავდა მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. ოღონდ ეს არ იყო კვოტირება ნაციონალური პრინციპით. გენდერული, ეთნიკური და კონფესიური ბალანსიც დამფუძნებელ კრებაში განპირობებულია მათი [სოციალ-დემოკრატების] საარჩევნო სიით, რაც აჩვენებს ძალიან მაღალ პოლიტიკურ კულტურას თუნდაც ამ ერთი პარტიის შიგნით, რომელმაც ასე დააკომპლექტა თავისი საარჩევნო სია”, – ამბობს ხვადაგიანი.

ხვადაგიანი ერიდება წარსულის გაიდეალებას და ცდილობს კრიტიკული თვალით შეხედოს მას, თუმცა იმდროინდელი პარტიებისა და დამფუძნებელი კრების მუშაობა, დისკუსიის კულტურა მისთვის შთამბეჭდავია. მკვლევრის აზრით, დეპუტატებს საქართველოს მომავალი სწორედ ევროპულ ერთა კავშირში წარმოედგინათ.

“გამოცემა მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს არის გაწყვეტილი ძაფის გადაბმა. გაწყვეტილი ძაფი იმისი, რაც დღესაც გვტკივა – სახელმწიფოებრიობისა და პოლიტიკური კულტურის. ზუსტად იმ ცოდნის გაცოცხლებაა, რომ ჩვენთვის უცხო არაა არც პოლიტიკური კულტურა, არც სახელმწიფოებრიობა, არც ღირებულებითი აღქმა საკუთარი ადგილის”, – ამბობს ხვადაგიანი.

“სოვლაბს” სურს, რომ ალბომის დაბეჭდვა 2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მოასწროს. 1 000 ეგზემპლარის გამოცემისთვის 20 ათასი ლარია საჭრო. მოქალაქეების შემოწირულობის წყალობით 400- გვერდიანი წიგნისთვის 7000 ლარი უკვე შეგროვდა. ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების მიღების იმედი აქვთ.

“ძალიან გვინდა, რომ დიდი ნაწილი ამ გამოცემის ხარჯის იყოს ისევ მოქალაქეების, რომლებსაც ექნებათ საშუალება, რომ თქვან, “ეს წიგნი ჩემი გამოცემულია”. ესაა გაცოცხლება თუნდაც პირველი რესპუბლიკის საზოგადოებრივი პრაქტიკის, სადაც უამრავი საქველმოქმედო ინიციატივა ხორციელდებოდა”, – ამბობს ხვდაგიანი.

მკვლევარმა გვითხრა, რომ სურს დამკვიდრდეს ტრადიცია, ყოველი წლის 26 მაისს, 17 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, სადაც მუშაობდა დამფუძნებელი კრება, შეიკრიბონ პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის გაცოცხლებით დაინტერესებულები და სიმბოლურად აღნიშნონ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი, ხოლო მემორიალური ალბომი ამ აღნიშვნის შემადგენელი ნაწილი გახდეს.

 

გსურთ მიიღოთ მონაწილეობა მემორიალური ალბომის გამოცემაში? საჭირო ინფორმაციას იპოვით ამ მისამართზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი