საზოგადოება

არასამთავრობოები: კონსტიტუციაში ოჯახი ქალის და კაცის ერთობად არ უნდა განისაზღვროს

17 თებერვალი, 2016 • 1594
არასამთავრობოები: კონსტიტუციაში ოჯახი ქალის და კაცის ერთობად არ უნდა განისაზღვროს

არასამთავრობო ორგანიზაციები: “ვიზგი”, EMC, “იდენტობა”, “ლგბტ საქართველო”, და “თემიდა” პარლამენტს მოუწოდებენ, რომ მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას.

არასამთავრობოებს განცხადებით, ეს ცვლილება თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს.

როგორც NGO–ები აცხადებენ, ამ ეტაპზე ლგბტ პირთა დღის წესრიგში ქორწინების საკითხი არ დგას, ამიტომაც, ინიციატივე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პოლიტიკური სპეკულაციების საგანს წარმოადგენს.

განცხადების ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა წარმოადგენს პოპულისტურ სვლას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ინსტიტუციისა და უმრავლესობის ლოიალობის მოპოვებისკენ არის მიმართული და ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებს  აღრმავებს.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობს,  რომლის თანახმად, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ   ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ განცხადებაში საუბრობენ  მოძრაობა „ეროვნულების” წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის მხრიდან, რომ ისინიც პარლამენტში ამ საკითხზე საკონსტიტუციო შესწორების პროექტის შეტანაზეც, რომლის თანახმადაც,  ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.  განცხადებაში ასევე მოყვანილია  ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განხადება იმის შესახებ, რომ  „იგი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაიწეროს”. ამასთან, პარლამენტის ბიურომ, 2016 წლის 15 თებერვალს, მსვლელობა მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი უფლებების“ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კონსტიტუციაში ზემოაღნიშნულ ცვლილებებს ეხება.

“აღნიშნულთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ თემისა და ორგანიზაციების მიერ ქორწინების თანასწორობის საკითხი საქართველოს სამართლებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს ყოფილა დაყენებული. სახელმწიფოში არსებული ინსტიტუციონალური ჰომოფობიის პირობებში, ლგბტ პირები განდევნილნი არიან საჯარო სივრცეებიდან და ხდებიან დისკრიმინაციისა და სისტემური ძალადობის მსხვერპლნი, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული ძირეული უფლებებით. აღნიშნული ძალადობრივი სისტემის ლეგიტიმაციას კი ხელს უწყობს ლგბტ პირთა მიმართ არსებული სახელმწიფოს იგნორირების პოლიტიკა და არაეფექტრი ბრძოლა ჰომო/ტრანსფობიური დანაშაულებისა და უფლებათა დარღვევის პრატქიკების მიმართ. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას.

მათი განცხადებით, ქორწინების უფლების გავრცელება ერთი და იმავე სქესის ადამიანებთან მიმართებით სახელმწიფოს შიდა პრეროგატივას წარმოადგენს და კონკრეტულ საზოგადოებაში ლგბტ პირებთან მიმართებით სოციალური დამოკიდებულებების ცვლილებასა და ლგბტ თემის ემანსიპაციას უკავშირდება.

“ლგბტ პირთა დღის წესრიგში ქორწინების საკითხი დღეს პრიორიტეტული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა არ ემსახურება დემოკრატიულ ღირებულებების  დამკვიდრებას ქვეყანაში და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი უფროა. საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნებებთან დაკავშირებული ინიციატივები, როგორც ჩანს, წარმოადგენს პოლიტიკური ჯგუფების მთავარ სტრატეგიას მიმდინარე საარჩევნო წელს.  დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და პოლიტიკური აზროვნების მქონე პოლიტიკური ჯგუფები, იმის ნაცვლად, რომ შექმნან ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა და სხვადასხვა ჯგუფების ემანსიპაციის ხელშემწყობი პროექტები, ცდილობენ შექმნან ხელოვნური დღის წესრიგები და იდეოლოგიური და ირაციონალური ზემოქმედების ინსტრუმენტებით მოიპოვენ მხარდაჭერა. მსგავსი საკითხებით მანიპულირება კი ცხადია, იწვევს დისკრიმინაციული პრაქტიკების გაძლიერებას და ლგბტ თემის განგრძობით და სისტემურ მარგინალიზაციას.”

არასამთავრობოების განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღჭურვის შესაძლებლობებს, ეს ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის არაშეზღუდული დეფინიციის გაუქმებასა და დავიწროებას ისახავს მიზნად,  უნდა შეფასდეს, როგორც კონსტიტუციური სტანდარტებისა და ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების მცდელობა.  ისინი აცხადებენ, რომ ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამეთ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ.  მათი თქმით, საქართველოს მხრიდან აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ემსახურება ლგბტ პირთა მიმართ დამატებითი შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკრიმინაციის გამყარებას.

არასამტავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • მოახდინონ ლგბტ თემატიკის დეპოლიტიზაცია და არ გამოიყენოს აღნიშნული საკითხები პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით;
  • შეაჩეროს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილს შეეხება;
  • გაატაროს ყველა პრევენციული ღონისიება, რომ არ გააძლიეროს საზოგადოებაში ფობიური დამოკიდებულება და ხელი შეუწყოს ტოლერანტული გარემოს შექმნას;
  • შეწყვიტოს ლგბტ პირთა უფლებებით მანიპულირება და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს;
  • დაიწყოს დისკუსია და მუშაობა გენდერულად ნეიტრალური ქორწინების/პარტნიორული ურთიერთობების სტანდარტების დანერგვაზე ქვეყნის კანონდმებლობაში, რომელშიც ჩართული იქნებიან ლგბტ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი