საზოგადოება

“გაზაფხულის“ მძიმე გაზაფხული

25 მარტი, 2011 • 2116
“გაზაფხულის“ მძიმე გაზაფხული

“ჩემი შვილიშვილი ანა 12 წლისაა. 5 წლის იყო, როცა შევამჩნიეთ, რომ  ცუდად დგამდა ფეხებს,  ბრტყელტერფიანობაზე ვმკურნალობდით, შემდეგ მენჯ-ბარძაყის არეში დაეწყო ტკვივილები და მივხვდით – საქმე რთულად იყო.  აღმოჩნდა, რომ ძვლის თავის დაშლა იყო დაწყებული. ამას დაერთო ისიც, რომ  უცებ გაიზარდა სიმაღლეში, დაუზიანდა ხერხემალი და  მოიხარა. მოვიყვანე აქ და მითხრეს, რომ დაწოლა ესაჭირობოდა. 4 თვეა აქაა და უკეთესადაა.  შედეგი მივიღეთ და ახლა შუა გზაზე გავჩერდით“, – ჰყვება ეკა თითბერიძე, რომელიც ბავშვთა ორთოპედიულ სანატორიუმში “გაზაფხული“ ფიზიოკაბინეტის მედდად მუშაობს.

სანატორიუმი 1976 წლიდან ფუნქციონირებს და ძვალსახსროვანი დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველ ბავშვებს ემსახურება.

“25 წელია აქ ვმუშაობ, თავიდან 60-70 ბავშვი გვეწვა, შემდეგ კი მათი რაოდენობა მკურნალობის დაუფინანსებლობის გამო 10-მდე ჩამოვიდა. რეალურად კი გაცილებით მეტი ბავშვი საჭიროებს ჩვენს დახმარებას“, – ამბობს ეკა თითბერიძე.

მკურნალობის პროცესს სანატორიუმში სახელმწიფო აფინანსებდა. გასული წლის ბიუჯეტიდან სანატორიუმში 10 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა, თითოეული ბავშვისთვის დღეში 24 ლარი გამოიყო. მიმდინარე წლიდან კი სანატორიუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა.  სანატორიუმში აცხადებენ, რომ თებერვლის ჩათვლით არსებული რეზერვებით მოახერხეს სანატორიუმში პაციენტების მოვლა–პატრონობა, 1 მარტიდან კი სანატორიუმს რეზერვები აღარ გააჩნია. არადა, იქ ამ დროისთვის 7 ბავშვი გადის მკურნალობას. სანატორიუმში აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას უკავშირდება.

“ჩვენ შორის ხელშეკრულება შეწყდა. სამინისტროს ბავშვები გადაჰყავს მკურნალობის ახალ მეთოდზე, რომელიც მსოფლიო ექსპერტების მიერაა რეკომენდირებული და მათი დასკვნით მეტი ეფექტია მოსალოდელი“, – აცხადებს „გაზაფხულის“ დირექტორი გიორგი გიორხელიძე.

გიორგი გიორხელიძე
გიორგი გიორხელიძე

“ელასტიკური ბინტით ვბოჭავდით ანის, რათა გასწორებულიყო ხერხემალი, ორთოპედის დანიშნულებით საათნახევრის განმავლობაში ვკიდებთ ტვირთს.  მკურნალობის ახალი სისტემა გულისხმობს – ირბინონ, ითამაშონ, არ იყვნენ შეზღუდულნი. დაეშლებათ ძვლები და მერე – ოპერაცია. ჩემი აზრით, ეს მიდგომა ძალიან საშიშია. წოლითი რეჟიმია მსგავსი მკურნალობისთვის აუცილებელია“, – ამტკიცებს ეკა თითბერიძე.

სანატორიუმის პაციენტებს სამინისტრომ ინტეგრირებისთვის თანხა გამოუყო, შემდეგ ეტაპზე კი მოხდება ბავშვების სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანა.

“იაშვილის კლინიკა შემოგვთავაზა სამინისტრომ. მივედით შესამოწმებლად და აღმოჩნდა, რომ ფიზიოკაბინეტი არ აქვთ. დაგვხვდა მხოლოდ ბურთი, ხალიჩა და კედელი“, – ამბობს თითბერიძე.

სამინისტრომ უზრუნველყო ბავშვები მედიკამენტებით, თუმცა “გაზაფხულის“ ფიზიოკაბინეტის მედდა აცხადებს, რომ წამლების სია საჭიროებისამებრ არაა შედგენილი.

“ბავშვის მკურნალობისთვის დაგვენიშნა 90 ლარი 6 თვის განმავლობაში. ამასთანავე –დააზღვიეს, გადასცეს პოლისები, სადაც წამლების სიაა ჩამოთვლილი. იქ ნახავთ გულის, წნევის პრეპარატებს. კალციუმის შემადგენელი წამალი კი, რაც მსგავსი ტიპის დაავადებებისთვის აუცილებელია, არსადაა.  გარდა ამისა, დაზღვევაში არაა შეტანილი მთავარი – ორთოპედის მომსახურეობა“,-ამბობს თითბერიძე.

23 მარტს სანატორიუმში აქცია გაიმართა. პაციენტების მშობლებმა “გაზაფხულის“ ფუნქციონირების გაგრძელება მოითხოვეს. “ სიახლე, რაც უნდა კარგი იყოს, მშობლისთვის ცოტა რთული აღსაქმელია მკურნალობის კურსის შეცვლა. მით უმეტეს, როცა შედეგს ხედავს,“ – ამბობს გიორხელიძე.

პაციენტებს სანატორიუმი არ დაუტოვებიათ.

“ჩვენს ბალანსზე დარჩენილი იყო თანხა, რომელიც სამინისტრომ აღარ დაიბრუნა და ასე მოვახერხეთ ერთი თვე პაციენტებისთვის ყურადღება და შესაბამისი ზრუნვა არ მოგვეკლო“,-აცხადებს „გაზაფხულის“ დირექტორი.

“ერთი თვე ანაზღაურების გარეშე ვუვლით პაციენტებს, ისედაც სასაცილო ხელფასები გვქონდა: მედდას – 50 ლარი, ექიმს – 76, ხოლო დირექტორს – 120 ლარი. ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე ვმუშაობდით“, – ამბობს თითბერიძე.

ეკა თითბერიძე
ეკა თითბერიძე

რა ბედი ეწევა ბავშვთა ორთოპედიულ სანატორიუმს, გადაწყვეტილი არაა. გიორგი გიორხელიძის თქმით, გარემონტების შემდეგ, სავარაუდოდ, იგი განსხვავებული პროფილით ჩამოყალიბდება. სანატორიუმში მომუშავე პერსონალის განცხადებით კი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მათ სამუშაო ადგილების მოძებნაში დახმარებას შეპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი