საზოგადოება

სოლიდარობა მინის ტარის მუშებს და პროფკავშირს – გაფიცვის მეცხრე დღე

14 თებერვალი, 2016 • 1532
სოლიდარობა მინის ტარის მუშებს და პროფკავშირს –  გაფიცვის მეცხრე დღე

ქსნის მინის ტარის მწარმოებელ ქარხანაში მუშათა გაფიცვა გრძელდება. ისინი კომპანიისგან ხელფასების 30 %-ით გაზრდას, კოლექტიური ხელშეკრულების დადებას და ადგილობრივი პროფკავშირისათვის სამუშაო სივრცის გამოყოფას მოითხოვენ.

13 თებერვალს, ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის წინ, თვითორგანიზების ქსელი სხვა ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან ერთად მუშათა პროტესტს შეუერთდა. ისინი საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებენ სამართლიანობისა და ღირსეული ცხოვრებისათვის მებრძოლი თანამოქალაქეების მიმართ.

როგორც თბილისის სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, ცხრა დღის განმავლობაში საწარმოს წინ პროტესტი არ შეწყვეტილა და მთელი ეს დრო მუშები სს “მინას” შენობასთან არიან გამაგრებული. დამსაქმებელთან ბრძოლაში მინისტარელები აქტიურ სოლიდარობას მხოლოდ საკუთარი ოჯახებისაგან, ადგილობრივი მოსახლეობისაგან და პროფკავშირებისაგან გრძნობენ.

გაფიცვას წინ ერთწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა კომპანიის ადმინისტრაციასთან, რომელიც გასული წლის დეკემბერში, მედიაციის ჩარევის შედეგად, გარკვეული შეთანხმებით დამთავრდა. კომპანიის დირექტორს ამა წლის იანვარში მუშებისთვის მათი მოთხოვნების შესრულების გეგმა უნდა წარედგინა, თუმცა, სოლიდარობის ქსელის განცხადებით, ეს ვალდებულება მთლიანად იქნა უგულებელყოფილი. მუშებმა სწორედ ამის გამო წინააღმდეგობის რადიკალურ ფორმას მიმართეს გაფიცვის სახით.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მწვანე მუშტი, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მწვანეები, ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი, არაკომერციული კოლექტივი ურბან რეაქტორი და ორგანიზაცია “შენ დემოკრატიისთვის”.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმდჯომარე, თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ მთელი ეს პერიოდი კომპანიამ არაგონივრულად გამოიყენა. მისი თქმით, კომპანიის გენერალური დირექტორის დამოკიდებულება მოლაპარაკებების პროცესში იყო არასერიოზული.

“2015 წლის 1 სექტემბრიდან მიმდინარეობს კოლექტიური მოლაპარაკებები მხარეებს შორის, მაგრამ ამხელა პერიოდი კომპანიამ გამოიყენა არაგონივრულად, რის შედეგადაც ჩვენ ნოემბერში მოვითხოვეთ სახელმწიფო მედიატორის ჩართვა. მედიატორის ფარგლებში გაიმართა ორი შეხვედრა. 30 ნოემბერს შეხვედრაზე შედგა ოქმი, სადაც კომპანიამ განაცხადა, რომ 15 იანვარს დაასახელდებდა მოსამატებელი ხელფასის პროცენტს. კოლექტიურ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, დაასახელებდა სავარაუდო თარიღს, ანუ რამდენ ხანში დამთავრდება კოლექტიურ ხელშეკრულებაზე მუშაობა და გადაწყვიტავდა ოფისის საკითხს. თუმცა, 15 იანვრის ნაცვლად, კომპანიის დირექტორთან შეხვედრა 28 იანვარს შედგა. ამ შეხვედრაზე  გენარალური დირექტორი მოვიდა აბსოლუტურად მოუმზადებელი. მისი დამოკიდებულება ამ შეხვედრის მიმართ, ვთვლი, რომ იყო არასერიოზული. მოვიდა და თქვა, რომ კომპანია ამ ყველაფერზე უარს არ ამბობს, მაგრამ ამ ეტაპზე არ გააჩნია კონკრეტული პასუხები. ამან გამოიწვია ის, რომ 31 იანვარს გაიმართა დასაქმებულთა საერთო კრება და მიიღო გაფიცვის დაწყების გადაწყვეტილება 5 თებერვლიდან,” – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

ქსანში 12 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელზა ჯგერენაია იმყოფებოდა. მისი ორგანიზებით, მხარეებს შორის შეხვედრა შედგა.

თამაზ დოლაბერიძის თქმით, კომპანიის წარმოამდგენლებთან შეხვედრის შემდეგ, გაფიცულებმა თავისი ნებით კომპრომისისკენ გადადგეს ნაბიჯი და კრიტიკულ სამუშაო ადგილებზე ცხრა ადამიანი შეუშვეს – იმ დანადგარებთან, რომელთა გაჩერებაც ზიანს მოუტანს კომპანას:

“ველოდებით 16 თებერვალს. კომპანია აცხადებს, რომ სტამბულის ცენტრალური ოფისიდან უნდა ჩამოვიდნენ მათი წარმომადგენლები და შრომის წარმომადგენლის ჩართლობით გაიმართება მოლაპარაკებები გაფიცულთა მოთხოვნებთან დაკავშირებით. გაფიცვა გრძელდება მოლაპარაკებების დასრულებამდე. პროდუქცია არ იწარმოება. ეს ადამიანები უბრალოდ უზრუნველყოფენ ღუმელის უსაფრთხოდ, სამუშაო რეჟიმის შენარჩუნებას, იმიტომ, რომ ღუმელის გაჩერება გამოიწვევს მის დაზიანებას, რის გაკეთებასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ამიტომ, გაფიცულებმა გაითვალისწინეს აღნიშნული, კომპრომისისკენ გადადგეს ერთი ნაბიჯი მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას მათ არ ავალდებულებდა. ვნახოთ, კომპანიის რეაქცია როგორი ინება და როგორ ღირსეულად შევა მოლაპარაკებებში. კომპანია უკვე მეცხრე დღეა პროდუქციას ვერ აწარმოებს. რა თქმა უნდა, ზუსტი ზარალის დათვლა არ შეგვიძლია. გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გონივრული შეთანხმება – ისეთი, რომელიც გაფიცულების მოთხოვნებს ჯეროვნად დააკმაყოფილებს და კომპანიისთვისაც არ იქნება ეს ძნელად შესასრულებელი. ქარხანაში 220 მუშა მუშაობს, საიდანაც 200-მდე ადამიანი გაფიცულია.”

სოლიდარობის ქსელის განცხადებით, მუშათა მოთხოვნას ხელფასების ზრდის თაობაზე წინ უძღოდა ქარხანაში საწარმოო სიმძლავრეების ორჯერ გაზრდა.

გაფიცვის მიუხედავად, მუშათა მცირე ნაწილს 6 დღის განმავლობაში ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა საწარმოს წინაშე, რომ არ დაეშვათ ღუმელის გაჩერება, რაც გამოიწვევდა საწარმოს პარალიზებას მინიმუმ სამი თვით. როგორც თბილისის სოლიდარობის ქსელში აცხადებენ, 11 თებერვალს, ადმინისტრაციის მხრიდან მორიგი გაჭიანურების მცდელობის ნიადაგზე, მუშებმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა საწარმოს წინაშე და უარი განაცხადეს ღუმელის ფუნქციონირების საკუთარი ძალებით შენარჩუნებაზე.

ქსნის მინის ტარის ქარხანამ ფუნქციონირება 1987 წელს დაიწყო. იმ დროისათვის იგი იყო ერთ–ერთი ყველაზე დიდი და თანამედროვე საწარმო ყოფილ საბჭოთა კავშირში.

მასალების გადაბეჭდვის წესი