საზოგადოება

სანიკიძე: განათლების სამინისტროს საპატრიარქოსთან ყოველთვის ექნება გადაკვეთა

11 თებერვალი, 2016 • 1483
სანიკიძე: განათლების სამინისტროს საპატრიარქოსთან ყოველთვის ექნება გადაკვეთა

განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, 11 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, რელიგიასა და რელიგიის ისტორიასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება დაიწყება არა დაბალი კლასებიდან, არამედ მეექვსე–მეშვიდე კლასიდან.

ნეტგაზეთის შეკითხვას, თუ რამდენად სწორია, როდესაც სეკულარული სახელმწიფო უთანხმებს ეკლესიას, რა უნდა ჩაწეროს სახელმძღვანელში, სანიკიძემ  მისი კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია უწდა. 10 თებერვალს სანიკიძემ GDS–ის ეთერში განაცხადა, რომ საგნის “მე და საზოგადოება” სტანდარტზე კონსულტაციებს საპატრიარქოსთან გადის.

მან ვრცლად ისაუბრა, თუ კონკრეტულად რა საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები საპატრიარქოსთან.

“რაც შეეხება საპატრიარქოს ჩართულობას: გადაათვალიერეთ და მოიკითხეთ დოკუმენტაცია, თუ არ ვცდები, 2009–2010 წელს, სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის არის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ თუ სახელმწიფო მუშაობს რელიგიის საკითხებზე საგანმანათლებლო სფეროში, მაშინ ის მუშაობს ამ თემებზე საპატრიარქოსთან. ძალიან მარტივია, ძალიან ნორმალურია, თუ ვეხებით რელიგიას, თუ ვეხებით რელიგიის ისტორიას, რელიგიის საფუძვლებს, მე მგონი, საპატრიარქოს ამაში კომპეტენცია გააჩნია. ჩვენ ასე ვფიქრობთ. ამიტომაც, არსებობს გარკვეული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ვიმუშავოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაიმე უნდა ვკითხოთ, ან არ უნდა ვკითხოთ. ვეხებით იმ საკითხებს, რომელშიც ძალიან კომპეტენტური არის საპატრიარქო, რომელსაც აქვს განათლების ცენტრი და არ დაგვავიწყდეს, რომ საპატრიარქოსთან ყოველთვის გვექნება გადაკვეთა, იმიტომ, რომ საპატრიარქო არის სკოლების და უნივერსიტეტების დამფუძნებელი, შემოდის მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც რეგულირდება განათლების მიერ დადგენილი სტანდარტებით და არა საპატრიარქოს მიერ დადგენილი სტანდარტებით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რელიგიის ნაწილი იყო ერთადერთი სიახლე, როემლსაც ჩვენ იმ საგნის და საგნობრივ სტანდარტში ვთავაზობდით საზოგადოებას. მაგრამ, ამ საკითხებზე მსჯელობისას და განსაკუთრებით, ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებისას, გარკვეული შეთანხმების მიღწევა ვერ შედგა იგივე საპატრიარქოსთან, რომელზედაც ასევე შევჯერდით მაშინ, ეს რელიგიის საკითხები და რელიგიის ისტორიასთან არის დაკავშირებული ეს საკითხები, დავამუშავოთ ზემოთ, მე–6, მე–7 კლასში, სადაც  არის იგივე “ჩემი საქართველო”, მერე როდესაც იწყება იგივე სამოქალაქო განათლება და ა.შ. ეს იყო აბსოლუტურად ერთობლივი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის სტანდარტი, რომელზეც ვმუშაობდით მე–3, მე–4 კლასელებისთვის, იქიდან ეს საკითხები მთლიანად ამოვა და ამ საგანს საბოლოო ჯამში დაერქმევა “საზოგადოებრივი მეცნიერების საფუძვლები”,  რომელიც იქნება ის საბაზო განათლება საზოგადოებრივი მეცნიერების კუთხით, რომელიც ნამდვილად, გადაუდებლად გვჭირდება,”– განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი