საზოგადოება

“ქალბატონი უნდა წაიშალოს!”

15 მარტი, 2011 • 1268
“ქალბატონი უნდა წაიშალოს!”

დღეს  თბილისის პირველ საჯარო სკოლაში 10 წლის მოსწავლეებისთვის ცხოვრების ჯანსაღ წესზე გაკვეთილის ჩასატარებლად სანდრა ელისაბედ რულოვსს ელოდნენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნეტგაზეთს აღნიშნული ღონისძიების შესახებ ანონსი გუშინ საღამოს გამოუგზავნა.

ღონისძიების გასაშუქებლად მისულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს პირველი ლედის ჩაწერა გაკვეთილის დაწყებამდე დაიწყეს.

სანდრა რულოვსმა მედიასთან საუბარი ჯანსაღი სკოლის მნიშვნელობაზე დაიწყო. ყველა ტელევიზიის კამერასთან ერთად, საქართველოს პირველი ლედის საუბარს “ნეტგაზეთის” კამერაც იღებდა, თუმცა მალევე რამდენიმე პირმა “ნეტგაზეთს” ჯერ პირველი ლედის ახლო ხედით გადაღება აგვიკრძალა, შემდეგ – საერთოდ გადაღება.

რამდენიმე პირმა, რომლებმაც ვინაობის დასახელება არ ისურვეს, გადაღების შეწყვეტის მიზეზად ის ფაქტი დაასახელეს, რომ ღონისძიების მოწვეულთა სიაში მხოლოდ ტელევიზიები იყვნენ.

კითხვებზე, თუ ვინ იყო ღონისძიების ორგანიზატორი და სად იყო სია, სადაც ჩვენი გამოცემის დასახელებაც უნდა შესულიყო, პასუხი ვერ მივიღეთ.

„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ორგანიზატორი, ფაქტია, ქალბატონის ვიდეო უნდა წაიშალოს, სხვანაირად არ შეიძლება, ალბათ, გესმით ჩემი!“ – რამდენჯერმე გაგვიმეორა უცნობმა პირმა.

ამასობაში საქართველოს პირველი ლედის მედიასთან საუბარი დასრულდა და სანდრა რულოვსი გაკვეთილის ჩასატარებლად მოსწავლეებთან შევიდა. მალევე ჯანსაღ სკოლაზე სასაუბროდ სკოლაში საქრთველოს პატრიარქიც მივიდა. თუმცა ზემოთხსენებულმა რამდენიმე უცნობმა პირმა არც გაკვეთილზე დასწრების უფლება მოგვცა და ხმაურის თავიდან არიდების მიზნით სკოლის დერეფანში გვთხოვა გაყოლა.

პირადობის მოწმობის მონაცემების ჩაწერის შემდეგ გადაღებული ვიდეომასალის წაშლა კვლავ შეგვახსენეს.

„ეს ვიდეო აქ არ უნდა დარჩეს. თუ დაგჭირდათ ეს მასალა, სხვა ტელევიზიები მოგცემენ, რა პრობლემაა, ან თქვენ თვითონ გადმოიწერეთ“, –განგვიცხადეს.

საბოლოოდ, ვიდეოჩანაწერი, სადაც სანდრა ელისაბედ რულოვსის მედიისთვის მიცემული ინტერვიუ იყო, უცნობმა პირმა ვიდეოკამერიდან თვითონვე წაგვიშალა.

მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის პირველი გზავნილები ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების მავნე ზეგავლენის, ჯანმრთელი კვებისა და უსაფრთხო მოძრაობის ჩვევების გამომუშავების, ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში სპორტის მნიშვნელობაზე უნდა ყოფილიყო.

თბილისის პირველ საჯარო სკოლაში ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის პროექტის მხარდამჭერი, სანდრა ელისაბედ რუსლოვსთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი იყო.

„საქართველოში ბევრი კარგ რამ ხდება, ეს ქვეყანა სწრაფად ვითარდება. თუმცა ცხოვრების ჯანსაღი წესის სფეროში ჩავარდნაა.  ამ მხრივ, სკოლებში პრობლემებია ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების, გზაზე უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, ჩატარდეს საგანმანათლებლო კამპანიები, სადაც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება მოხდება“,–განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, რულანდ მონაშიმ.

ბროწეული, ყურძენი, ვაშლი, კიტრი, ბოლოკი, ლიმონი, ხახვი, მწვანილი, ბურღულეული, ბრინჯი, წიწიბურა, კარაქი, კვერცხი, საქონლისა და ქათმის ხორცი, ყველი, ზეთი და წყალი, როგორც ჯანსაღი საკვები პროდუქტი, მოსწავლეებისთვის საჩვენებლად მოამზადეს.

სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი

მასალების გადაბეჭდვის წესი