საზოგადოება

ომბუდსმენი: სამი თვის განმავლობაში სპეციალიზებულ დაწესებულებებში სამი შშმ პირი გარდაიცვალა

8 თებერვალი, 2016 • 1280
ომბუდსმენი: სამი თვის განმავლობაში სპეციალიზებულ დაწესებულებებში სამი შშმ პირი გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო დამცველი აქვეყნებს განცხადებას, სადაც უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო თვეების განმავლობაში სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარდაცვალების ფაქტების გამო.

ომბუდსმენის განცხადებით, გასული სამი თვის განმავლობაში დაფიქსირდა სამი შემთხვევა, რომელშიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელი პერსონალის მხრიდან დაუდევრობის ნიშნები იკვეთება. ომბუდსმენის ცნობით, მარტყოფისა და დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში სრულწლოვანი ბენეფიციარების, გ.მ.–ს და ი.გ.–ს გარდაცვალება კვების პროცესს უკავშირდება, ხოლო თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარი მ.ქ. იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მორიგე პერსონალი მასთან არ იმყოფებოდა.

“აღნიშნული უაღრესად საშიში ტენდენციის სახეს იღებს, მით უფრო, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში. სათანადო ყურადღება მიექცეს ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოხდეს მათი უზრუნველყოფა მოთხოვნილებების შესაბამისი, ხარისხიანი და უსაფრთხო საკვებით. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს კი ადმინისტრაცია დახმარებას უნდა უწევდეს კვების პროცესში,”– აცხადებს ომბუდსმენი.

ეს დაწესებულებები წარმოადგენს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებს (ფილიალებს) და მათ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.

ომბუდსმენის განცხადებით, აუცილებელია, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ასეთ შემთხვევებზე, გამოიკვეთოს არსებული ცალკეული თუ სისტემური ხარვეზები და გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება მათი აღმოფხვრისა და მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციისთვის. გარდა ამისა, მისი განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია მსგავსი ტიპის დაწესებულებების შიდა მონიტორინგისა და ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერება და აღნიშნულ პროცესში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტების დროული და ეფექტური გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირის გამოვლენა.

ომბუდსმენის აპარატი ასევე აცხადებს, რომ კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს მოცემულ საქმეებს, ყურადღებით ადევნებს თვალყურს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და შედეგების თაობაზე მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი