საზოგადოება

კანონპროექტი: რეკლამის ხმის სიმძლავრე ტელემაუწყებლობის ხმის დონეს არ უნდა აღემატებოდეს

8 თებერვალი, 2016 • 1516
კანონპროექტი: რეკლამის ხმის სიმძლავრე ტელემაუწყებლობის ხმის დონეს არ უნდა აღემატებოდეს

“ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” ფრაქციის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია რეკლამის ხმის სიმძლავრე (დონე)  აღემატებოდეს რადიო და ტელემაუწყებლობის ხმის სიმძლავრეს (დონეს), რომელი არხის პროგრამაზეც ხდება სარეკლამო ჭრის განთავსება.

აღნიშნული ჩანაწერი, კანონპროექტის მიხედვით, რეკლამის შესახებ კანონს უნდა დაემატოს, ხოლო ხმის სიმძლავრის დონის გაზომვა ციფრულ სკალაზე უნდა წარმოებდეს საქართველოს კანონმდბელობით დადგენილი წესით.

კანონპროექტის თანახმად, ეს რეგულაციები მხოლოდ საქართველოში მოქმედ ცენტრალურ და ადგილობრივ რადიო და ტელემაუწყებლობაზე უნდა გავრცელდეს.

“კანონპროექტის მიღების მიზანი რადიო და ტელემაუწყებლობაში ხმის სიმძლავრის (დონის) დარეგულირებაა მაუწყებლობის ეთერით გადაცემულ ხმის სიმძლავრესთან (დონესთან), რადგან ხშირ შემთხვევაში ირღვევა მომხმარებლის უფლებები. კერძოდ, მომხმარებლის სურვილისამებრ შერჩეული ხმის სიმძლავრე რადიო და ტელემაუწყებლის ეთერში იცვლება მისი ნების საწინააღმდეგოდ რეკლამის მსვლელობისას. აღნიშნული გათვლილია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად, თუმცა რეკლამის ხმის სიმძლავრის ცვლილება მომხმარებლის ნების გარეშე ქმნის დისკომფორტს და აღიზიანებს მას ფსიქო-ემოციური მდგომარეობის თვალსაზრისით”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი