საზოგადოება

ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას ემიჯნებიან

8 თებერვალი, 2016 • 2670
ლგბტ ორგანიზაციები ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას ემიჯნებიან
ლგბტ ორგანიზაციები [ლგბტ საქართველო, WISG – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, იდენტობა, ლგბტქი ასოციაცია – თემიდა] ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის ინიციატივას ემიჯნებიან.
მოქალაქე გიორგი ტატიშვილმა, მისი განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რომელიც ქორწინებას მხოლოდ ქალსა და კაცს შორის აღიარებს.
“ამ საკითხის სენსიტიურობიდან და ლგბტ თემისთვის მოსალოდნელი ზიანის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გვსურს, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ლგბტ ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო პოზიცია:
1. საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანები განიცდიან დევნას და ჩაგვრას ცხოვრების ყველა სფეროში. მრავალი მათგანი (მათ შორის არასრულწლოვანი პირი) რჩება ქუჩაში, რადგან მათ საკუთარი მშობლები ან ახლობლები აგდებენ სახლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებისთვის ხშირია უარი დასაქმებაზე, მათ უჭირთ საკუთარი თავის გადასარჩენად ადეკვატური შემოსავლების უზრუნველყოფა. ლგბტ პირები ასევე განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ვერბალურ ძალადობას და დევნას საჯარო სივრცეებში: ისინი ხშრად ხდებიან ცემის, მუქარის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაცინვის და გარიყვის მსხვერპლნი. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას.
2. სწორედ ზემოთ მოცემული ძალადობრივი გარემოს გათვალისწინებით, ლგბტ პირებს უმრავლეს შემთხვევაში უწევთ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის დამალვა. ლგბტ პირები, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, უმეტეს შემთხვევაში, ცდილობენ მათი იდენტობა და ურთიერთობები არ გახდეს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ეს შეიცავს ძალადობის დამატებით რისკს. სამოქალაქო ქორწინებაში შესვლა ნიშნავს საზოგადოებისთვის საკუთარი ურთიერთობის და იდენტობის გამჟღავნებას. იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პირებს უწევთ მათი იდენტობის და ურთიერთობის დამალვა, რათა თავიდან აირიდონ მოსალოდნელი ძალადობა, დევნა და შევიწროება, ქორწინების უფლება, მისი დაკანონების შემთხვევაშიც კი, უმეტესობისთვის გახდებოდა გამოუყენებადი შესაძლებლობა.
3. გიორგი ტატიშვილს არ ჰქონია ლგბტ თემთან ზემოთ ხსენებულ ინიციატივაზე დისკუსია და იგი მოქმედებს არა ლგბტ ადამიანების, არამედ საკუთარი სახელით. შესაბამისად, ეს ინიციატივა ლგბტ ადამიანების ინიციატივად ვერ ჩაითვლება; ის კონკრეტულად გიორგი ტატიშვილის ინიციატივას წარმოადგენს. მისთვის ასევე ცნობილია, რომ, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიური განწყობების გამო ამ საკითხის წინ წამოწევას მკვეთრად ნეგატიური უკუკავშირი მოჰყვება და ქორწინების განმარტების ცვლილების ალბათობა თითქმის არ არსებობს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ლგბტ ადამიანებთან უშუალოდ მომუშავე ორგანიზაციები ემიჯნებიან როგორც გიორგი ტატიშვილს, ასევე მის ამ ინიციატივას.
განცხადების ავტორები ეჭვობენ, რომ ზემოხსენებული ინიციატივა პროვოკაციულია და ლგბტ ადამიანების უფლებების არა დაცვისკენ, არამედ მათი დაზარალებისკენ არის მიმართული.
სრულად განცხადების ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი