საზოგადოება

ქართველების სიყვარული ruნეტში

8 მარტი, 2011 • • 8446
ქართველების სიყვარული ruნეტში

სექსსა და სიყვარულს ქართველი  ინტერნეტ მომხმარებლები  ყველაზე ხშირად რუსულ სოციალურ ქსელებსა და  გაცნობის ვებ-გვერდებზე ეძებენ. სტატისტიკის მთვლელი საიტის alexa.com-ის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ყველაზე პოპულარულ 10 ვებ–გვერდს შორის 2 ვებ–გვერდი – mail.ru და odnoklassniki.ru რუსულია.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-მა odnoklassniki.ru-ს საქართველოში მომხმარებელთა რაოდენობით რამდენიმე თვის წინ გადაუსწრო, რუსული სოციალური ქსელი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვებ–გვერდად საქართველოში, სადაც ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, ერთმანეთის გაცნობას, დაახლოებას, შეყვარებასა და ხშირად დაქორწინებასაც ახერხებენ.

24 წლის მაიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ odnoklassniki.ru-სა და Facebook-ს  თითქმის თანაბარ დროს უთმობს, თუმცა სიყვარულს და რომანტიკულ ურთიერთობებს რუსულ სოციალურ ქსელში უფრო ხშირად პოულობს, ვიდრე – Facebook-ზე.

„Facebook-ზე ძალიან ბევრი უცხო ადამიანი გავიცანი, ბევრს დავუმეგობრდი კიდეც, მაგრამ საქმე ამაზე შორს არ წასულა,“ – ამბობს მაია, „რაც შეეხება odnoklassniki.ru-ს, ახალი მეგობრები იქაც შევიძინე, თუმცა, Facebook-ისგან განსხვავებით, სიყვარულიც კი ვიპოვე, რატომღაც ფლირტი და რომანტიული ურთიერთობა „ოდნოკლასნიკებზე“ უფრო ხშირად გამოდის“.

ბოლო 4 წლის მანძილზე მაიამ  odnoklassniki.ru-ზე  დაახლოებით 7-8 კაცი გაიცნო, რომლებსაც შემდეგ შეხვდა და მეტ-ნაკლებად სერიოზული ურთიერთობა დაამყარა მათთან. იყვნენ ისეთებიც, რომლებთან შეხვედრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფოტოებისგან განსხვავებით, ზოგიერთი ბიჭი გარეგნობით არ მოეწონა, თუმცა მათთან მეგობრული ურთიერთობები მაინც შეინარჩუნა.

„ზუსტად 2 შემთხვევაში საქმე ლამის დაქორწინებამდეც კი მივიდა, თავდავიწყებით შემიყვარდა, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, საბოლოოდ მაინც არაფერი გამოვიდა. ურთიერთობა ბოლო წამს გვიფუჭდებოდა ხოლმე,“ – იხსენებს მაია.

მაიას თქმით, ფლირტი და რომანტიკული საუბრები თითქმის ყოველთვის არის. „შემოვლენ, ფოტოს შემიფასებენ, მერე მეც შევუფასებ, ვიწყებთ საუბარს და ასე, ნელ-ნელა ვუახლოვდებით. ვცვლით ტელეფონის ნომრებს, ერთმანეთს ვიმატებთ სკაიპში. ძირითადადმ ასე  ხდება ხოლმე“ – ამბობს მაია. მისივე თქმით, ხშირად არის შემთხვევები, როცა ვიღაც „უცებ შემოვარდება“ და ქალისგან გამარჯობის თქმამდე სექსს, შიშველი ფოტოების გაცვლას, ან ვირტუალურ სექსს ვებ–კამერით ითხოვს. „როგორც წესი, ასეთებს ვბლოკავ, ეს ავადმყოფობაა, მეტი არაფერი“ – უთხრა მაიამ “ნეტგაზეთს”. ის არ გამორიცხავს, რომ მორიგი ონლაინ ფლირტით თავისი ცხოვრების თანამგზავრი იპოვოს.

მაიას ვკითხეთ, იყო თუ არა დარეგისტრირებული „mamba-ს” გაცნობის სისტემაში, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. mamba არის გაცნობის რუსული ვებ–გვერდი, სადაც შესვლა სხვა საიტების მსგავსად mail.ru-დანაც არის შესაძლებელი. გაცნობის ამ სერვისს, ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები იყენებენ. ამჟამად ამ სისტემაში 12 მილიონზე მეტი ანკეტაა დარეგისტრირებული.

Mamba-ს სისტემაში დარეგისტრირებულ 35 ათასზე მეტ ანკეტაში საცხოვრებელ ადგილად საქართველოა მითითებული. აქედან, 26 ათასამდე ანკეტა კაცის სახელითაა დარეგისტრირებული, რომელსაც ქალის გაცნობა სურს, კაცის გაცნობა კი 7300-მდე ქალს უნდა. გარდა ამისა, სისტემაში იძებნება მამაკაცის 2300-ზე მეტი ანკეტა, რომლის ავტორსაც, ასევე, მამაკაცის გაცნობა უნდა, ხოლო ქალს სიყვარულისთვის 900-მდე ქალი ეძებს.

ჩვენს რესპონდენტ მაიას ვკითხეთ, თუ რატომ არის გაცნობის ამ სისტემაში დარეგისტრირების კატეგორიული წინააღმდეგი.

„მეგობარმა მითხრა, რომ იქ  ნორმალური არავინაა და მთხოვა, ამ საიტს ახლოსაც არ გავკარებოდი,“ – უპასუხა მაიამ “ნეტგაზეთს”. ჩვენ მაიას მეგობარს, 23 წლის „დათოს“ დავუკავშირდით. მისივე თხოვნით, მისი რეალური სახელი შევცვალეთ.

„დათომ“ გვითხრა, რომ  mamba-ს გაცნობის სისტემაში მხოლოდ „ნაშების ასაგდებად“ შედის.  მისი თქმით, თუ ფული გაქვს, შეიძლება „ნაშა“ ააგდო, თუ არადა, იქ უფულოდ არავინ არაფერს არ მოგცემს. „სერიოზულ ურთიერთობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, შეგიძლია თავადაც ნახოთ, იქ დარეგისტრირებულ ქალებს უწერიათ, რომ მხოლოდ ფულის სანაცვლოდ შეგხვდებიან“ – ამბობს „დათო“. მისივე თქმით, გაცნობის ამ რუსულ საიტზე შესვლას ერიდება, რადგან odnoklassniki.ru-სგან განსხვავებით, იქ საკუთარი ფოტო თითქმის არავის უყენია, ძალიან ბევრი გამარჯობის ნაცვლად სექსს გთხოვს და მნიშვნელობა არა აქვს, ეს კაცია თუ ქალი. ასევე, ხშირად ითხოვენ ვირტუალურ სექსს.

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად mamba-ს სისტემაში დავრეგისტრირდი. „დათო“ მართალი აღმოჩნდა. აქ დარეგისტრირებული ქალების უმრავლესობას პროფაილის ფოტოდ ფოტომოდელების ან მსახიობების სურათები აქვს დაყენებული.

მაგდა, 30 წლის: „გამარჯობათ. მე მაგდა მქვია, ჩემთან ერთსაათიანი სტუმრობა ოთხმოცი ლარია – ჩემი ბინით. დამირეკეთ *****”.

კატერინა: “za 1 chas biru 100 lari, gastinica vxodit. minet delaiu bez rezinom toje. anal net. 
xaju tolkaa v gastinicu. est igrushki i magu dominirovat. 
takje est padruga ustroem vam lezbi shou, za dvaix nada platit v dvaineee… 
esli ustraivaet uslovia pazvaniteeeeeee”.

ლანა, 28 წლის: „ძალიან გთხოვთ, ნუ მისვამთ სულელურ შეკითხვებს, მაგალითად, “როგორ ხარ”. თითქოს, რომ გითხრათ, ცუდად ვარ, გამოქანდებით ჩემსკენ და დამეხმარებით. ან “რა ხდება შენკენ ახალი” – ჯერ ძველი გაიგე და მერე მკითხე ახალზე. privet, hi და ა.შ. ისედაც გასაგებია… ამას სჯობს თქვენს თავზე მიამბოთ, პირველ რიგში, და მერე ჩემზე მკითხოთ. ასევე, ძალიან არ მომწონს სულელური შეკითხვა, შეიძლება თუ არა ჩემი გაცნობა. როგორ გაგცეთ ამ შეკითხვაზე პასუხი, თუ თქვენ არც ანკეტა გაქვთ შევსებული, სურათი არ გაქვთ და არაფერი ვიცი თქვენზე…როგორ უნდა გაგცეთ პასუხი, კი ან არა, როდესაც არანაირი წარმოდგენა არ მაქვს თქვენზე!  კიდევ ძალიან ვხალისობ, როდესაც მწერთ, რომ ძალიან ლამაზი ვარ :) ამ შორ კადრში განა რა სჩანს? – იქნებ და მარცხენა მხარს უკან კუზი მაქვს, დამპალი და ჩამტვრეული კბილები და საერთოდ ელამი ვარ? :) 
გართობის, ვირტუალური სექსის, სექსის ან სხვა წინადადებების მიზნით გთხოვთ არ მომმართოთ. მე აქ ცარიელ სექსს არ ვეძებ. ძალიან გთხოვთ, ფულს და ფულს ინტიმისთვის ნუ შემომთავაზებთ. ჩემზე უმცროს პიროვნებებს არ ვპასუხობ.”

მსგავსი ანკეტების პოვნა mamba-ს გაცნობის სისტემაში ძალიან ადვილია. სექსუალურ მომსახურებას ფულის სანაცვლოდ საპირისპირო სქესს მამაკაცებიც სთავაზობენ, თუმცა აქ უფულოებიც ბლომად არიან.

მისტერ საბურთალო: „მე ვარ ერთი ბიჭი, რომელსაც სიყვარულის გარდა არაფერი არ გააჩნია. ვინც გამიგებს, მოხარული ვიქნები. ძალიან გთხოვთ, ვირტუალური სექსის მოყვარული და ფულზე მოჩალიჩე გოგოები ნუ გამომეხმაურებით.  მე რეალურად და გრძნობით მსურს ქალის გაცნობა, ასაკის სხვაობაში შეზღუდული არ ვარ. მე მიზიდავს ჩემზე უფროს თაობის მანდილოსანი.”

ადვოკატი: „ვარ სერიოზული და ვეძებ სერიოზულ ურთიერთობას…. არა – ქორწილისათვის!“

valeri:  „Делаю массаж на дому детский, лечебный, релакс, для похудения, антицеллюлитный (лимфод ренажный, медовый, кофейный), пилинг(кофейный), остеохондроз, сколиоз, точечный массаж, косметический массаж лица (оливковый, медовый, кофеный).Рустави-Тбилиси“

playboy: „შემიძლია ქალს მივანიჭო უდიდესი სიამოვნება ყველანაირად. შემეხმიანეთ, წლოვანებას არა აქვს მნიშვნელობა, 50 წლამდე მანდილოსნები.“

გაცნობის საიტზე პროფაილების თვალიერებისას პირველი მესიჯიც მომდის. 21 წლის „გიგა“ სექსს მთავაზობს და თან მეკითხება, რა მიზნით ვარ საიტზე დარეგისტრირებული. ვეუბნები, რომ სექსი არ მინდა და უბრალოდ სიტუაციაში გარკვევას ვცდილობ, თან ვეკითხები, რამდენად რეალურია აქ ადამიანის პოვნა, ვისთან ერთადაც ურთიერთობას რეალურ სივრცეში გააგრძელებ.

„გიგა“ ამბობს, რომ „რეალური მე ვარ და შეგიძლია ჩემთან იყო“, მერე კი ამატებს, რომ აქ ასეთი ადამიანის პოვნა რთულია, თუმცა ის შეხვედრია რამდენიმეს. კითხვაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა მისთვის თბილისში ინტერნეტით გაცნობილ კაცთან შეხვედრა, მპასუხობს, რომ ადვილად არ იშიფრება და შეხვედრისას ყოველთვის ფრთხილობს, აქამდე კი პრობლემა არ  შექმნია.

მისივე სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობის მაძიებელი მამაკაცი, პირობითად ლევანი, ამბობს, რომ mamba ლამის ერთადერთი გზა არის, სადაც კაცთან სექსის მსურველ მამაკაცს პარტნიორის პოვნა შეუძლია.

„საქართველოში გეი კლუბები არ არის, მე პირადად რამდენიმე მეგობარი სწორედ აქ გავიცანი, თუმცა, აქაურობა მოსაბეზრებელი გახდა. ჯერ ერთი, ძალიან ძნელია გაარკვიო რეალურად ამა თუ იმ პროფაილის უკან ვინ დგას“,- ამბობს ლევანი. მისივე თქმით, ერთი ადამიანი ხშირად ათ პროფაილს არეგისტრირებს და ასე ცდილობს სხვის შებმას, ახალ პროფაილებსაც ძველი მომხმარებლები არეგისტრირებენ და, ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ.

„მიუხედავად ამისა, აქ ნამდვილი მეგობრების პოვნაც  შეიძლება, თუმცა ასეთი კარგა ხანია არავინ გამიცვნია“-ამბობს ლევანი.

გაცნობის ქართული საიტები ახალგაზრდებში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. პოპულარული ქართული საიტების  ასეულში მხოლოდ ერთი ქართული სოციალური ქსელია. ამის მიზეზად ხშირად ქართული ვებ–გვერდების არასტაბილურობა სახელდება. გაცნობის ახალგახსნილ ვებ–გვერდს რამდენიმე თვე პატრონობენ, შემდეგ კი უპატრონოდ მიაგდებენ და იქ არავინ რეგისტრირდება.

მარიამი გაცნობის რუსულ საიტებზე დარეგისტრირებული არ არის. მსგავს ქართულ ვებ–გვერდს ის დაახლოებით სამი წლის წინ იყენებდა. მას იქ არც რეალური სახელი ერქვა და ასაკიც შეცვლილი ჰქონდა.

„რისთვის ვიყავი დარეგისტრირებული, ცოტა მიჭირს პასუხის გაცემა. ალბათ, ახალი ნაცნობობა ისეთი ადრენალინი და ემოციაა, რომ რთულია ამაზე უარის თქმა. რადგანაც ქუჩაში ვინმეს გაცნობა ცოტა უცნაურად მიმაჩნდა, ვფიქრობდი, რომ ინტერნეტსივრცეში ეს ბევრად საინტერესო და ადვილი იქნებოდა,“ – უთხრა მარიამმა “ნეტგაზეთს”.

მარიამს თავიდან „უხამსი“ შეთავაზებები მისდიოდა, თუმცა, შემდეგ „გაიფილტრა“ კონტაქტები და ბოლოს მხოლოდ სამ ადამიანთან გააგრძელა ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, რეალურად არც ერთ მათგანს არ შეხვედრია.

მარიამი გაცნობის საიტზე ბოლოჯერ წელიწადნახევრის წინ დარეგისტრირდა. „თუმცა, მოგვიანებით მივხვდი, რომ Forum.ge-სა და „ადნაკლასნიკებში” საერთო ინტერესების მქონე უფრო მეტ ადამიანს ვესაუბრებოდი, ვიდრე – გაცნობის საიტებზე. თან, მსგავს ვებ–გვერდებზე ხალხი სულ უფრო მცირდებოდა, ამიტომ შევეშვი,“ – ამბობს მარიამი.

მასალების გადაბეჭდვის წესი