საზოგადოება

შემწეობადაკარგულები

7 მარტი, 2011 • 1134
შემწეობადაკარგულები

აჭარაში  საარსებო შემწეობა 2007 ოჯახს შეუწყდა, 1839 ოჯახმა კი  მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უფლება სამი წლით დაკარგა.  საარსებო შემწეობის მიღება  დაპირებული გამარტივების ნაცვლად გამკაცრდა.

���� ��������
���� ��������

63 წლის მერი  გვიანიძე ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად უკვე 5 წელია   ბათუმში, ტაბიძის ქუჩის #8-ში, ცხოვრობს. პოლიციის ყოფილი  საერთო საცხოვრებლის  პატარა ოთახი (13,5კვმ) ოჯახს  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  გასული წლის აგვისტოში დაუკანონა. ამ ოთახში პატარა, ბუნებრივი აირის ბალონზე სადილსაც ამზადებენ, ჭურჭელსაც რეცხავენ და აქვე სძინავთ. ბანაობისთვის კი ოჯახის დიასახლისი პლასტმასის წითელ  ტაშტს იყენებს და  გვაჩვენებს, რომ მას  უადგილობის გამო საწოლის ქვეშ ინახავს.

ქალბატონი მერი გვიჩვენებს ექიმის დასკვნას, სადაც ვკითხულობთ, რომ მას დიაბეტი აქვს. მისი ქალიშვილიც ავადაა. მათი შემოსავალი ამჟამად მხოლოდ პენსიაა – 78 ლარი. უკვე ერთ წელიწადზე მეტია, ამ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, 2009 წელს მისი სარეიტინგო ქულა 44 170 შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახური მდგომარეობა, დიასახლისის მტკიცებით, არ გაუმჯობესებულა, დეკლარაციის შევსების შემდეგ  ქულათა რაოდენობამ 59 760 შეადგინა, რაც ავტომატურად შემწეობის დაკარგვის საფუძველი გახდა. ქულების მომატება გვიანიძეებმა გაასაჩივრეს, მაგრამ უშედეგოდ.

ოჯახის ქულათა დადგენის მეთოდოლოგიაში 2010 წლის  ივნისის თვეში შესული ცვლილების შედეგად ოჯახის სარეიტინგო ქულამ 94 000 ათასამდე აიწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ვერც მერიის მიერ დაფინანსებულ სასადილოში უფასო სადილის უფლებას და ვერც სადაზღვევო პოლისს ვერ მიიღებენ. გვიანიძეების ერთოთახიან ბინაში საპატიო ადგილი უჭირავს ჟურნალს პირველი ლედის პორტრეტით. მერი გვიანიძე:  ”სანდრა საჩუქრებს 8 წლის ლელას (შვილიშვილი)  ხშირად უგზავნის,  საახალწლოდაც გამოუგზავნა, ტელეფონითაც გვიკავშირდება, ბავშვს დაბადების დღეს ულოცავს, მაგრამ არასოდეს მიცდია ამ პრობლემის შესახებ  მეთქვა, არ მინდა, იფიქროს, რომ ამ  ურთიერთობის გამოყენებას ვცდილობ.”

შემწეობის თანხის გარეშე  დარჩა  შაფათავას ქუჩაზე, ერთოთახიან ბინაში, მცხოვრები  ცხრა წევრისაგან შემდგარი ბოლქვაძეების ოჯახიც. ოჯახში ავადმყოფი ჰყავთ, რომელიც საოპერაციოა, ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, 4 თვის ანასტასიაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არც ერთი წევრი არ მუშაობს. ოჯახმა შემწეობის მიღებისთვის  საჭირო სარეიტინგო ქულა იმიტომ დაკარგა, რომ ახალმოყვანილ რძალს მშობლებმა მზითვად  საძინებელი მიუტანეს.

ორივე ფაქტის შესახებ განმარტებებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს მივმართეთ.

გვიანიძეების შემთხვევაში სააგენტოში ამბობენ, რომ გვიანიძეებმა დაწერეს საჩივარი და უახლოეს დღეებში განმეორებით შეისწავლიან ოჯახის მდგომარეობას. საგენტო ირწმუნება, რომ ოჯახმა ჯერ 94 000 ქულა მიიღო, შემდეგ კი ეს ქულა 59 760- მდე შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ უფასო სადილის უფლება ექნებათ (დიასახლისმა კი საპირისპირო ინფორმაცია მოგვაწოდა და დოკუმენტაციაც გვაჩვენა).

თუ განმეორებითი შესწავლის შემდეგ გვიანიძეები შემწეობას მიიღებენ, უპასუხოდ რჩება კითხვა: ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ოჯახმა საჭირო ქულა უსამართლოდ დაკარგა და თვეების განმავლობაში შემწეობის გარეშე დარჩა?

ბოლქვაძეებთან დაკავშირებით კი სააგენტო პასუხისმგებლობას თავად ოჯახს აკისრებს, რადგანაც ოჯახს 2010 წლის 27 სექტემბრიდან უფლება ჰქონდა, დაეწერა განცხადება და მოეთხოვა განმეორებითი შესწავლა. სააგენტოში ამბობენ, რომ ბოლქვაძეების ოჯახს ეს დღემდე არ გაუკეთებია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, თუ 2010 წლის მაისში აჭარაში შემწეობას იღებდა 11 732 ოჯახი, ამჟამად შემწეობას 2007 ოჯახით ნაკლები იღებს. საარსებო შემწეობის რაოდენობა ერთ ადამიანზე 30 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ყოველ მომდევნო ოჯახის წევრზე ეს თანხა მცირდება.  ორი წევრისაგან შედგარი ოჯახი 54 ლარს იღებს.

2010 წლის აპრილში, პირდაპირი ეთერის დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა  განაცხადა, რომ შემწეობის მიღება მარტივდებოდა და ისეთ ნივთებს, როგორებიცაა: მაცივარი, ტელეფონი და ტელევიზორი, სარეიტინგო ქულის დადგენაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა.

ქართული მედია სიახლეებს მაშინ ასე გამოეხმაურა: დამოუკიდებელმა მედიამ ახალი ინიციატივა შეაფასა, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამომრჩეველთა გულის მოგებად გადადგმული ნაბიჯი, სახელისუფლებო მედიამ კი მიიჩნია, რომ შემწეობის მიღება მარტივდებოდა. გაზეთი ”ბათუმელები“ ამ თემით მაშინ დაინტერესდა. ჩვენ მაშინ მოვიპოვეთ  ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად შედგენილი ოჯახის დეკლარაციის შევსების  ფორმა. სტატია სათაურით – ”შემწეობის გაცემის გასაიდუმლოებული მეთოდი”ბათუმელებში“ 2010 წლის 5-12 მაისის ნომერში დაიბეჭდა. დეკლარაციის ფორმის ანალიზის მიხედვით კი, ”ბათუმელები” წერდა: ”პირველი ივნისიდან  ოჯახის შეფასების კრიტერიუმები მკაცრდება, დიდია ალბათობა იმისა, რომ შემწეობა იმ ოჯახებმაც ვეღარ მიიღონ, რომლებიც მას იღებენ.” ეს დასკვნა  ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ თუ აქამდე  ოჯახს ჰქონდა  ბოსტანი,  სათავსო ნაგებობა ან ჰყავდა  სრულწლოვანი შვილები – ყურადღება არ ექცეოდა, პირველი ივნისის შემდეგ კი ამ კრიტერიუმებს  სოციალური აგენტი  დეკლარაციის შევსებისას უკვე  ყურადღებას მიაქცევდა.

ამ თემით ჩვენი დაინტერესება კიდევ ერთხელ რედაქციაში შემოსულმა წერილებმა განაპირობა, ბენეფიციარები ჩივიან, რომ მათ მოეხსნათ  შემწეობა და მათი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

გარდა დეკლარაციის შევსების ფორმისა, სააგენტომ წესებიც გაამკაცრა. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ არასწორი (ყალბი) ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურად კარგავს ძალას და ოჯახს ერთმევა უფლება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოითხოვოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. აჭარის მაგალითზე ამ მიზეზით  1839 ოჯახი რეგისტრირებულთა სიიდან ამორიცხეს.

თუ ოჯახს მინიჭებული აქვს შესაბამისი სარეიტინგო ქულა (არაუმეტეს 57 000), ფულადი სოციალური დახმარება დაენიშნება სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეოთხე თვეს. კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცნენ სამი თვის მანძილზე საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენილი ოჯახები, სოციალური მომსახურების აჭარის სამსახურის ხელმძღვანელი მინურ აბულაძე პასუხობს, რომ ”მათ უბრალოდ ადრე უნდა დაიჭირონ თადარიგი”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი