საზოგადოება

სექსუალური იდენტობა – დონორობის შეზღუდვის ფაქტორი

21 თებერვალი, 2011 • • 2394
სექსუალური იდენტობა – დონორობის შეზღუდვის ფაქტორი

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჰომოსექსუალებს საქართველოში სისხლის დონორობა ეკრძალებათ იმ მოტივით, რომ ისინი შიდსის ვირუსის მაღალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) კი ჰომოსექსუალებს შიდსის მაღალი რისკის ჯგუფს არ მიაკუთვნებს.

ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ბრძანების ამჟამინდელი ფორმულირება არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, კონკრეტულად მე –14 მუხლს, რომელშიც კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპია ჩამოყალიბებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჰომოსექსული დამალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას და სისხლს ჩააბარებს, და თუ პაციენტს ზიანი მიადგა, ის შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სამ რისკ –ჯგუფს გამოყოფს:
სექსმუშაკებს, მსმ –ებს (მამაკაცი, რომელსაც აქვს სექსუალური კავშირი მამაკაცთან) და ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებს.

– “მსმ არის გამოყოფილი ჯგუფი, რომელსაც გარკვეული ქცევა აქვს. ეს ქცევა გამოიხატება იმით, რომ ერთ მამაკაცს სექსუალური კონტაქტი აქვს სხვა მამაკაცთან. გვხვდებიან როგორც ჰომოსექსუალური იდენტობის, ასევე ჰეტეროსექსუალური იდენტობის მსმ–ები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო, სექსუალურ კონტაქტში შედიან სხვა მამაკაცებთან”, – განმარტავს ფონდ “თანადგომის” ექიმი კონსულტანტი კახა კეპულაძე.

მისი თქმით, შეუძლებელია ჰომოსექსუალები შიდსის ვირუსის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, რადგან ჰომოსექსუალობა გენდერული იდენტობაა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ჰომოსექსუალებს სისხლის ჩაბარებას, შიდსის მაღალ რისკთან მიკუთვნების საფუძველზე უკრძალავს, 2000 წლის 5 დეკემბრით თარიღდება და მას მაშინდელი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე აწერს ხელს.

მას შემდეგ, 11 წლის მანძილზე, საქართველოში არც ერთ ჰომოსექსუალს არ აქვს უფლება, გახდეს სისხლის დონორი.

მიშა შუბლაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება მიკერძოებული და შეურაცხმყოფელია.

– “2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როგორც პატრიოტმა, გადავწყვიტე, სისხლი ჩამებარებინა, მაგრამ სისხლის ბანკში მისულს დამხვდა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ჰომოსექსუალებს სისხლის ჩაბარების უფლება არ აქვთ. რა თქმა უნდა, ჩემ შესახებ იქ არავინ იცოდა, მაგრამ სტიგმა იყო ჩემთვის. მეგობრებთან ერთად ვიყავი და ოთხივე უკან გამოვრუნდით”, – ამბობს მიშა შუბლაძე.

იგი კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც სისხლი მის მეგობარს დასჭირდა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში ის დაუცველ სექსს იმიზეზებს, რათა სისხლის ჩაბარებას თავი აარიდოს.

– “ისედაც მარგინალიზებული სოციალური ჯგუფია LGBTQI–ს წევრები და აქ ხდება პირდაპირ იარლიყის მიწებება. შიდსის ფაქტორი ყველასთვის სარისკოა, განურჩევლად სქესის, იდენტობისა და სხვა დანარჩენი ნიშნისა”, – თვლის მიშა შუბლაძე.

2007 წელს “ფონდმა ინკლუზივმა” ბრძანების დისკრიმინაციულობაზე დაიწყო საუბარი. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი პაატა საბელაშვილი ამბობს, ფონდში მრგვალ მაგიდასთან სასაუბროდ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მიიწვიეს.

– “მრგვალ მაგიდასთან ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებსა და შიდსის ცენტრის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრება ბრძანების დისკრიმინაციულობის შესახებ, თუმცა რეაგირება არ მომხდარა,” – ამბობს საბელაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დისკრიმინაციულობაზე საუბარი სამი წლის შემდეგ ისევ გაგრძელდა.

9 თებერვალს “განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაციამ” ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუშაძის სახელზე წერილი გაგზავნა, რომელშიც ასოციაციამ ბრძანებიდან ჰომოსექსუალებზე შეზღუდვის ამოღება მოითხოვა.

– “ბრძანება კრძალავს სისხლის დონორობას არა მხოლოდ ჰომოსექსუალური სქსეობრივი ქცევის საფუძველზე, არამედ, ზოგადად, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, სისხლის დონორობა ეკრძალება როგორც აქტიური სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრებ ჰომოსექსუალებს, ასევე, ყველა ადამიანს, რომელსაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს და არ ცხოვრობს აქტიური სქესობრივი ცხოვრებით”, – აცხადებენ ასოციაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმ კეპულაძის განმარტებით, ჰომოსექსუალი რისკის ჯგუფი ვერ იქნება, რადგან რისკის ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია არა იდენტობა, არამედ ქცევითი ნაწილი, საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სისხლის დონორობა ჰომოსექსუალებს აკრძალული აქვთ, მათ შორისაა: ამერიკა და ევროკავშირის ქვეყნები.

ადამიანის უფლებათა სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია საკითხზე, არღვევს თუ არა დონორობის აკრძალვა თანასწორობას.

– “საკითხი, ჰქონდეთ თუ არა ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანებს დონორობის უფლება, რთული და კომპლექსურია, ვინაიდან, ერთი მხრივ, დგას საჭიროება, რომ არ შეილახოს ადამიანთა თანასწორობა კანონის წინაშე, მეორე მხრივ, საჭიროება, დაცული იყოს იმ ადამიანთა ინტერესები, ვინც საჭიროებს სისხლის მიღებას დონორისგან”, – ამბობს ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი ანა ნაცვლიშვილი.

– “განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაციაში” ამბობენ, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სისხლის დონორობის აკრძალვა დისკრიმინაციაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე –14 მუხლს, რომლის თანახმადაც, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია.

– “ნებისმიერი აბსოლუტური აკრძალვა, როგორსაც აწესებს ეს ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ყველა ჰომოსექსუალს ეკრძალება დონორობა, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ჩარევას ადამიანის უფლებებში და სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რომ აბსოლუტური აკრძალვა შეიცვალოს ისეთი ამკრძალავი ნორმით, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს სისხლის მომხმარებელთა უფლებებს ისე, რომ არ დაარღვიოს ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანთა უფლებები”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

სანამ დონორის სისხლს პაციენტს გადაუსხამენ, სავალდებულო პროცედურა, რომელსაც ყველა სისხლის ბანკში გადიან, სისხლის შემოწმებაა შიდსზე, B და C ჰეპატიტსა და სიფილისზე. უსაფრთხო სისხლის პროგრამა სხვადასხვა დაავადების ფანჯრის პერიოდსაც ითვალისწინებს.

სისხლში შიდსის ვირუსი დაინფიცირებიდან დაახლოებით 8 კვირის შემდეგ ჩანს.

საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა (საერთო სტატისტიკის მიხედვით) ჰეტეროსექსუალებსა და ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის გაცილებით მეტია, ვიდრე ჰომოსექსუალებს შორის.

მაგალითად, 2011 წლის თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, აივ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით დაახლოებით 3%– ია ჰომოსექსუალი, მაშინ როდესაც დაინფიცირებული ჰეტეროსექსუალების რაოდენობა 36%–ია.

შიდსის ცენტრში ამბობენ, რომ დღეს საქართველოში 400 –მდე დაწესებულებაა, სადაც შესაძლებელია დადგენა, არის თუ არა ადამიანი შიდსის ვირუსით დაინფიცირებული. შესაბამისად, დღეს არსებული სტატისტიკა მაქსიმალურად ზუსტია.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი– ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი ნატალია გარუჩავა ამბობს, რომ, ზოგადად, ჰომოსექსუალები შიდსის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

– “ეს დაავადება უფრო ინტენსიურად მაშინ გადადის, როდესაც სასქესო ორგანოები დაზიანებულია. ანალური სექსის დროს ზიანდება სწორი ნაწლავიც, ჩნდება სისხლმდენი ნახეთქები, რის გამო ანალური სექსის მქონე პირები, მათ შორის ჰომოსექსუალებიც, აივ ინფექციის გადაცემის თვალსაზრისით მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან”, – ამბობს ნატალია გარუჩავა.

რაც შეეხება ქალ ჰომოსექსუალებს, შიდსის გადაცემის ალბათობა სექსუალური კონტაქტით, როგორც მედიცინის დოქტორი, ნატალია გარუჩა ამბობს, ძალიან მცირეა.

“შიდსი გადადის ან სპერმით, ან ვაგინალური სითხით. დაავადების გადაცემის გზებისა და ლესბოსური კავშირის თავისებურებიდან გამომდინარე, ვერ გადავა ეს დაავადება”, ამბობს ექიმი ეპიდემიოლოგი.

“განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაციაში” ფიქრობენ, რომ გარდა ბრძანების დისკრიმინაციული ხასითისა, ტერმინი, რომელიც ბრძანებაშია გამოყენებული, “ჰომოსექსუალიზმი” დისკრიმინაციულია და ნეგატიურ კონოტაციას ატარებს.

– “ისევე როგორც ტერმინი “ჰეტეროსექსუალიზმი”, “ჰომოსექსუალიზმიც” ლინგვისტურად გაუმართავია. ის მრავალი ათეული წელია არ გამოიყენება სამეცნიერო და იურიდიულ ლიტერატურაში. მის მაგივრად, როდესაც განსხვავებული სექსუალური და გენდერული ორიენტაციის ან იდენტობის ადამიანებზე ვსაუბრობთ, მისაღებია ტერმინ “ჰომოსექსუალობის”, როგორც ადამიანთა სექსუალობის ერთი სახეობის აღმნიშვნელი ტერმინის გამოყენება”,- ამბობს ირაკლი ვაჭარაძე, ასოციაციის დირექტორი.

ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. სამინისტროს პრესსამსახური “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მინისტრის სახელზე მისულ წერილზე რეაგირება მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი