საზოგადოება

როგორი იქნება საქართველო გუგლის რუკაზე

17 თებერვალი, 2011 • • 3001
როგორი იქნება საქართველო გუგლის რუკაზე

„გუგლის“ რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მიმდინარე თვეშიშეიცვალოს. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ კალიფორნიაში მინისტრის ვიზიტის შემდეგ „გუგლთან“ მოლაპარაკებები დაიწყო.

„ჩვენი აქტივობის გამო უკვე გვაქვს შედეგები. საჯარო რეესტრი უშუალოდ ახორციელებს რუკების დახვეწას და მომზადებას. თებერვლის განმავლობაში ეს რუკები განთავსდება „გუგლში“, – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე,  ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი.

საქართველო ინტერნეტ–რუკებზე  სხვადასხვა ფერის საზღვრით გამოყოფილი ქვეყანაა, სადაც მხოლოდ რამდენიმე ქალაქია აღნიშნული.

რა არის ქალაქებში, სად რომელი ქუჩაა და სად რა არის საინტერესო საქართველოში – ინტერნეტ რუკების უმეტესობაზე ვერ იპოვით, მით უფრო, ისეთ პოპულარულ რუკაზე, როგორიც არის google map.

საქართველო ცარიელი სივრცეა რეგიონში, მისი მეზობელი ქვეყნებისგან (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთის) განსხვავებით.

მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანი, „გუგლზე“ არა მხოლოდ ინფორმატიულია, არამედ მნახველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს, თანამგზავრიდან გადაღებული გამოსახულების ნახვა სურს, თუ ხმელეთზე აღრიცხული ობიექტების. ასევე, გარკვეული ადგილები ფოტოებით არის მონიშნული, მაგალითად, ქალაქები ან ღირშესანიშნავი ძეგლები.

 „თუ როგორია რუკები ინტერნეტში, ძირითადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული,“–ამბობს ჯეფ ჰააკი, JumpStart International-ის პროგრამების დირექტორი – “ქვეყნები, რომლებსაც ძლიერი ეკონომიკა აქვთ, მრავალფეროვანი და ბევრი ინტერნეტ რუკა აქვთ, რადგან მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ცოტა უცნაურია, რომ საქართველო რუკაზე ცარიელია, როდესაც მისი მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში ასე არ არის“.

JumpStart International დონორი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში გეომონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა დააფინანსა.

„გუგლი“ რუკების სრულყოფით თავად არის დაინტერესებული. „გუგლ მეფის“ ბლოგზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს გამოქვეყნდა, ბლოგის ავტორი დეივ ბარსი წერს, რომ მიზეზი, თუ რატომ არ არის საქართველო „გუგლის“ რუკაზე, არაზუსტი და არასაიმედო რუკებია.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს რუკაზე ქალაქების დასახელება არაბული ანბანით იკითხებოდა. ირაკლი ქაშიბაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანი პირველი ეტაპის გადალახვაა, რათა ძირითადი ინფორმაცია განთავსდეს.

ინფორმაცია, რომელიც google map–ზე განთავსდება, ნაწილობრივ მზადაა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ საჯარო რეესტრს სრულყოფილი რუკა ჯერ არ აქვს მომზადებული.

„ჩვენ გვაქვს მომზადებული საქართველოს გზები, რკინიგზები, მდინარეული ქსელი და წყლით დაფარული ტერიტორიები, სიმაღლეები, გეოგრაფიული ნიშნულები, დასახელებები, პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ფარავს მთელ საქართველოს, გარდა ქუჩების დასახელებისა. ეს პრობლემური საკითხია, სამოქალაქო რეესტრთან ერთად ვმუშაობთ დამისამართების პროექტის ფარგლებში“,–ამბობს ვოვა ჩხეიძე, საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილე.

დამისამართების პროცესი, მისი თქმით, დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება.

საჯარო რეესტრს და OMC-ის (Open Maps Caucasus – ღია რუკები კავკასია) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული.

OMC-სთან ჩვენ გარკვეული ინტენსივობით გვაქვს ინფორმაციის გაცვლა, პირველ რიგში, მათ








მიერ დასახლებული პუქნტების ახალი სახელები, რისი “აფდეითიც” ჩვენთან არ იყო გაკეთებული. რამდენიმე დღის წინ მომაწოდეს საინტერესო ობიექტების (სკოლები, მუზეუმები, რელიგიური ადგილები და სხვა) შესახებ ინფორმაცია, სულ 21 ათასი ობიექტია. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ შევავსოთ უერთიერთნაკლული ინფორმაცია“, – ამბობს ჩხეიძე.

მთავარი, რასაც უცხოელების ნაწილი, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, „გუგლის“ რუკაზე ეძებს, ის ქუჩა ან ადგილია, სადაც ჩამოსვლის შემდეგ დაბინავება მოუწევს. მათ, ასევე, აინტერესებთ, რა და სად შეიძლება ნახონ საქართველოში საინტერესო. საქართველოზე დღესდღეობით „გუგლის“ რუკაზე ამ ტიპის ინფორმაციას ვერ იპოვით.

„სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, პირველი, რაც გავაკეთე, დავგუგლე „საქართველოს რუკა“ და ბევრი ვერაფერი ვიპოვე“, – ამბობს ლეა ზილბერი საფრანგეთიდან, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ საქართველოში ორ კვირით იყო ჩამოსული.

კიდევ ერთი პოპულარული ინტერნეტ რუკების საიტი არის openstreetmap. საიტს „მოხალისეები“ ქმნიან. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რუკის შექმნაში მონაწილეობა მიიღოს.

ამ საიტზე ყველაზე მეტი ინფორმაცია საქართველოს დიდ ქალაქებზეა. აქ არის თბილისის, ქუთაისის, ბათუმის უბნები, ქუჩები, დაწესებულებები და სხვა. შედარებით მწირი ინფორმაციაა სხვა პატარა ქალაქებზე, მაგალითად, ახალ ტურისტულ კურორტზე მესტია – მხოლოდ აეროპორტია აღნიშნული.

მესტიაზე და საქართველოს ყველა სხვა დანარჩენ ქალაქსა თუ დაბაზე, რომელიც არ არის ოკუპირებული, ინტერნეტ რუკით ინფორმაციის მოძიება შეიძლება საიტზე mapspot.ge.

საიტი ორგანიზაცია OMC–მ მოამზადა. ორგანიზაცია დაახლოებით 1 წელია, რაც არსებობს. საიტის მომზადებამდე და მასში საქართველოს გეომონაცემთა ბაზის განთავსებამდე ორგანიზაციამ ერთწლიანი მეპინგის სამუშაო ჩაატარა, ფეხით მოიარა მთელი საქართველო და 50–კაციან ჯგუფთან ერთად, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა რაოდენობის მოხალისე უერთდებოდა, საქართველოს ელექტრონული რუკა გააკეთა.

პროექტი დონორი ორგანიზაციის jumpstart international–ის საშუალებით შედგა. საპილოტე პროექტის  შემდეგ ორგანიზაციამ საქართველოს რუკის შექმნის ერთწლიანი პროცესი დააფინანსა.

„რუკები მზადდებოდა garmin-ის gps-ების გამოყენებით, მონაცემები მუშავდებოდა ღია-კოდზე დაფუძნებულ პროგრამაზე, ანუ უფასო პროგრამაში JOSM (Java Open Street Map editor) და იტვირთებოდა Mapnik-ისა და Openstreetmap-ზე აწყობილ სერვერზე, ეს მონაცემები უკვე რუკის სახით დევს http://www.mapspot.ge-ზე, სხვა დანარჩენ ტერიტორიებთან ერთად“, – ამბობს დათო გოგიშვილი, GIS–ის (გეოინფორმაციული სისტემების) ანალიტიკოსი.

პროექტის მიზანი იყო, შექმნილიყო საქართველოს ელექტრონული/ინტერაქტიული საჯარო სარგებლობაში არსებული გეომონაცემთა ბაზა, ანუ Open source რუკა, რომელიც დაფარავდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებს.

ორგანიზაციამ მუშაობა 2010 წლის თებერვალში დაიწყო. გაიხსნა რამდენიმე რეგიონალური ოფისი.

ორგანიზაციის მუშაობის ერთ–ერთ მთავარი პრინციპი პროექტში მოხალისეების ჩართვა იყო. როგორც გოგიშვილი ამბობს, სხვადასხვა რეგიონში დაახლოებით ათასამდე ადამიანი ჩაერთო ელექტრონული რუკის შექმნის პროცესში. სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი მოხალისეები და გამოცდილი მეპერები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონაცემებს რვა თვის მანძილზე ინიშნავდნენ.

„ფაქტობრივად, 1 წელზე ნაკლებ დროში შევქმენით საქართველოს სრული გეომონაცემთა ბაზა. რუკებზე არის დართული ყველა გზა, დაწყებული მაგისტრალებიდან დამთავრებული სოფლებში არსებული პატარ-პატარა ბილიკებით. არის საცხოვრებელი სახლები (ძირითადად ქალაქებში, საკუთარი ნომრებით), ადმინისტრაციული შენობები, ბანკები და სხვა. ყველა ტიპის არასაცხოვრებელი შენობა, რომელსაც რაიმე დანიშნულება აქვს. დატანილია ჰიდროგრაფია:  ტბები, მდინარეები, გამწვანება, დაცული ტერიტორიების საზღვრები“, – ამბობს გოგიშვილი.

50–კაციანი ჯგუფი და 1000 მოხალისე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფეხით გადადგილდებოდა, სპეციალური აღჭურვილობით, ჯიპიესით, რომლითაც ისინი ყველა ქუჩას და ადგილს ზომავდნენ და ინიშნავდნენ.

„სამუშაოებს, ძირითადად, ადგილობრივები ასრულებდნენ, მოხალისეების პროგრამა გვქონდა და მათი წვლილი ძალიან დიდია“, – ამბობს სოფო ბაღაური, პროექტის რეგიონალური მენეჯერი –“ჯეო კეშინგი ვასწავლეთ რეგიონებში ადამიანებს, მოხალისეობა იყო ძალიან სახალისო, თან მუშაობდნენ და თან ვასწავლიდით საჰაერო ფოტოგრაფიას, ფრანების და ჰელიუმიანი ბუშტების საშუალებით“.

„გუგლის“ რუკას ადამიანები სხვადასხვა მიზნებით იყენებენ“ – ამბობს ჯეფ ჰააკი –  

„ელექტრონული რუკა, რა თქმა უნდა, ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი საშუალებაა, ინტერნეტ რუკა მოგცემთ საშუალებას, ძალიან ბევრი თქვენთვის საჭირო ინფორმაცია იპოვოთ.“

თუ როგორი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები „გუგლის“ რუკაზე, ჯერ არ არის ცნობილი. OMC–ის რუკაზე მომუშავეთა ჯგუფს საქართველოს ტერიტორიის რუკის ბაზა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე აქვს მომზადებული.

„აფხაზეთის ყველა სახლის აღრიცხვა მოხდა, თანამგზავრიდან მოხდა ტერიტორიების გადაღება“,–ამბობს ქაშიბაძე.

თუმცა, ვოვა ჩხეიძის თქმით, თანამგზავრიდან გადაღებული და გადაფრენით გადაღებული სურათები სხვადასხვაა, როგორ გაარკვევთ იქ საზღვარი სად არის? უშუალოდ ადგილზე უნდა მოხდეს ამის გარკვევა“, – ამბობს საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილე.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი