საზოგადოება

თბილისის საჯარო ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი 1 თებერვლამდე შეწყდა

27 იანვარი, 2016 • 1603
თბილისის საჯარო ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი 1 თებერვლამდე შეწყდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 28 იანვრიდან 1 თებერვლამდე შეწყდება.

ნეტგაზეთს სააგენტოში განუცხადეს, რომ ეს შეეხება მხოლოდ თბილისში არსებულ საჯარო ბაგა–ბაღებს, ხოლო კერძო ბაღებმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ.

“თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, პრევენციის მიზნით სწავლა მინიმუმ რამდენიმე სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს.

სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდეს 2016 წლის 28 იანვარს და განახლდეს ამავე წლის 1 თებერვალს,”– აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ან მისი გავრცელების პრევენციის მიზნით მოსწავლეთა გაცდენების რიცხვმა იმატა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეწყდა. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის გამო სწავლა არ მიმდინარეობს 200-მდე სკოლაში. ასევე, სასწავლო პროცესი შეჩერებულია რამდენიმე რეგიონში მეტეოროლოგიური [დიდთოვლობა] მიზეზით, თუმცა, როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში სწავლის პროცესი უკვე დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი