საზოგადოება

ბერძენ მოხალისეებს სირიელი მიგრანტების დახმარებისათვის ნობელის პრემიაზე წარადგენენ

24 იანვარი, 2016 • 1592
ბერძენ მოხალისეებს სირიელი მიგრანტების დახმარებისათვის ნობელის პრემიაზე წარადგენენ

ბერძნულ კუნძულებზე მცხოვრები მოხალისეები, რომლებიც მიგრანტთა კრიზისის დროს ზღვაში დაკარგულ სირიელ ლტოლვილებს ეხმარებოდნენ და მათ გადასარჩენად სხვადასხვა აქტივობებში ერთვებოდნენ, შესაძლოა ნობელის პრემიის ლაურეატთა შორის დასახელდნენ. ინიციატივა საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფს ეკუთვნის და წამოწყებას მხარს საბერძნეთის მთავრობაც უჭერს.

ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, რომ გასულ წელს ევროპაში 900,000 მიგრანტი შევიდა, მათმა უმეტესობამ კი სირიიის დატოვება საბერძნეთის გავლით შეძლო. საბერძნეთის რამდენიმე კუნძულის: როდოსის, ლესბოსის, კოსის, ლეროსისა და ჩიოსის მცხოვრებლები კი მიგრანტებს განსაკუთრებულად დაეხმარნენ.

როგორც მკვლევართა ჯგუფში აცხადებენ, საბერძნეთი თავად ებრძვის ეკონომიკურ კრიზისს და მსგავს სიტუაციაში მათ მიერ გამოჩენილი თავდადება სათანადო დაფასების ღირსია. კუნძულებზე მცხოვრები ოჯახები საკუთარ სახლებს უთმობდნენ მიგრანტებს და მკურნალობდნენ დაშავებულებს. მათ შორის არიან უბრალო მეთევზეები, რომლებიც საკუთარი სურვილით მიგრანტთა ნავების გადასარჩენად ზღვაში გადიოდნენ.

ნომინაციის შესახებ განცხადების გასაკეთებლად ვადა 1 თებერვალს იწურება, თუმცა ინიციატივის ავტორები უკვე შეხვდნენ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინსიტრს და მასთან ერთად განაგრძნობენ მუშაობას ნომინაციის ოფოციალურ მიმართვაზე.

ნობელის პრემია მხოლოდ ორგანზიაციებს ან კონკრეტულ პიროვნებებს გადაეცემათ, ამიტომ, სავარაუდოდ, ოფიციალურ ნომინანტად ის “სოლიდარობის ქსელი” დასახელდება, რომელიც მიგრანტების დასახმარებლად კუნძულებზე მოხალისეებს აერთიანებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი