საზოგადოება

H1N1 ვირუსის გამო თბილისში ორი ცენტრი 24–საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის

21 იანვარი, 2016 • 2036
H1N1 ვირუსის გამო თბილისში ორი ცენტრი 24–საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს, 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს თბილისში გაიხსნება პირველი ორი ცენტრი, ოჯახის ექიმის 24–საათიანი მომსახურებით, რომლებიც დღეს იმუშავებენ მიღების რეჟიმში და არ გავლენ გამოძახებაზე.

ეს ორი ცენტრი იქნება კლინიკა “მედსი”  (მის: ქიაჩელის 18) და “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” (მის: წინამძღვრიშვილის 57), სადაც ვირუსულ პაციენტებს საშუალება ექნებათ, ოჯახის ექიმის კონსულტაცია და საჭირო გამოკვლევები სადღეღამისო რეჟიმში მიიღონ.

სერგეენკოს თქმით, ამ ეტაპზე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია არა ეპიდემიის სამართავად, არამედ სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობის ნორმალიზაციისთვის.

ხვალიდან კი, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  112-ში ახალი პროტოკოლი დაინერგება და ყველა ვირუსული გამოძახება არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არამედ საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა. ხვალიდანვე ოჯახის ექიმები გამოძახების რეჟიმზე გადავლენ. ამ ჩამონათვალს ქალაქის სხვადასხვა წერტილში პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე ცენტრი დაემატება, მათ შორის ერთ-ერთი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრისა და სამინისტროს სამსახურებრივი მანქანები განთავსდება. ვირუსულ გამოძახებებზე ოჯახის ექიმები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გამოყოფილი მსუბუქი ავტომობილებითაც გავლენ. სპეციალურად ამისთვის ცენტრმა ხუთი სატრანსპორტო საშუალება გამოყო.

დავით სერგეენკო განმარტავს, რომ გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს:

“შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამეც თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს,”– აცხადებს მინისტრი.
H1N1–ის ვირუსით საქართველოში 2016 წელს 3 მოქალაქე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი