საზოგადოება

Radio Way-მ პანკისის ხეობაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

18 იანვარი, 2016 • 1466
Radio Way-მ პანკისის ხეობაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, RADIO WAY პანკისის ხეობაში 101.1 FM-ზე იმაუწყებლებს. რადიომაუწყებლობას პანკისის ხეობის 12 სოფელი მიიღებს.

რადიოს შექმნის ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო აქტივობების ცენტრია”. ცენტრის ცნობით, რადიო პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდისა და ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. მისი მიზანია სათემო აქტივისტების გაძლიერება, ღია დიალოგისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ინფორმაციით, სათემო რადიოსთვის სახელის დარქმევა პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივაა – WAY ინგლისურად გზას ნიშნავს, ჩეჩნურად – ჩვენი.

რადიო, რომელიც ქართულ და ჩეჩნურ ენებზე იმაუწყებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს იმ პრობლემების გაშუქებას, რომლებიც პანკისის ხეობის მოსახლეობას აწუხებს, რაც თემისთვის პრიორიტეტულია.

ასევე, ეთერში გავა ყველა სახის მუსიკა, ადგილობრივიც და უცხოურიც, თანამედროვეც და კლასიკაც. ეთერში გავა ფოლკლორული მუსიკის ნიმუშებიც, მათ შორის ადგილობრივი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით, რომელთაც ჩაწერს რადიო WAY, აცხადებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად 2015 წლის 7 დეკემბერს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი