საზოგადოება

არჩევნების ბიომეტრია

4 თებერვალი, 2011 • • 2160
არჩევნების ბიომეტრია

პირადობის მოწმობას ჩადებთ სპეციალურ მოწყობილობაში, რომელიც შეამოწმებს  – ხართ თუ არა თქვენ – ამ პირადობის მოწმობის მესაკუთრე უბნის საარჩევნო სიაში: სპეციალური ვიდეოთვალი თქვენი სახის ბიომეტრულ ფოტოსურათს შეადარებს ბაზაში არსებულ მონაცემებთან და გაარკვევს, პირადობის მოწობა თქვენია, თუ თქვენ სხვისი მოწმობით მოხვედით. თუ დადასტურდება, რომ პირადობის მოწმობა თქვენია, ეკრანზე სპეციალური ხელმოწერის დაფა გაჩნდება, თქვენ ხელს მოაწერთ და საარჩევნო ბიულეტენს მიიღებთ. თუ ბიომეტრული ფოტოსურათი ვიდეოთვალის მონაცემებს არ დაემთხვევა, ხელმოწერის დაფა ეკრანზე არ გაჩნდება. შესაბამისად, ამომრჩეველი ბიულეტენს ვერ მიიღებს.

ასეთია ამომრჩეველთა რეგისტრაციის ახალი მოდელი, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს ხელისუფლებას. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო კოდექსზე მიმდინარე  კონსულტაციებში ერთ-ერთი საკითხი სწორედ ამომრჩეველთა ბიომეტრული რეგისტრაციის დანერგვას ეხება. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად.

ხელისუფლება კი ამ ინიციატივის განხორციელებაში ბევრ საფრთხეს ხედავს.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას?

ოპოზიციის აზრით, ამომრჩეველთა ბიომეტრული რეგისტრაცია ორ საკითხს მოაგვარებს: პირველ რიგში, არჩევნებამდე მოხდება მოქალაქეების ზუსტი აღრიცხვა და მეორე, უშულოდ კენჭისყრის დღეს გამოირიცხება ისეთ დარღვევები, როგორებიცაა ე.წ. “კარუსელი“, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა ან ზედმეტი ბიულეტინების ჩაყრა.

ამჟამად მოქალაქეთა აღრიცხვისთვის, ჩვეულებრივ, გამოიყენება სახელი, გვარი, მისამართი და ჩვეულებრივი ფოტოსურათი. მიმდინარე წლიდან მოქმედ პირადობის მოწმობებს ეტაპობრივად ახალი ელექტრონული ID ბარათები ჩაანაცვლებს. ახალი ელექტრონულ პირადობის მოწმობებს პლასტიკური ბარათის სახე ექნება და მასზე ჩვეულებრივი ფოტოს ნაცვლად მოქალაქის ბიომეტრული ფოტოსურათი იქნება გამოსახული.

ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი გააადვილებს ამომრჩევლების ბიომეტრულ აღრიცხვაზე გადასვლას. მათი თქმით, აქ პრობლემა მხოლოდ დროშია.

,,ხელისუფლებას რომც არ უნდოდეს ამ მიმართულებით წასვლა, ის ისე დაიძრა გაურკვევლობისკენ, რომ ცოტა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. გაურკვევლობაში რას ვგულისხმობ? – მან დაიწყო უკვე მსგავსი ტიპის პირადობის მოწმობების დისტრიბუცია’’, – განმარტავს ,,ქრისტიან-დემოკატიული მოძრაობის’’ წევრი ლევან ვეფხვაძე.

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრს ახალი პირადობის მოწმობებით მოქალაქეების სრულად აღჭურვა 5 წელზე აქვს გაწერილი, თუმცა სამოქალაქო რეესტრში უჭირთ ამ პროცესის დასრულების ზუსტი ვადის პროგნოზირება.

პარტიების პოზიციაა, რომ ბიომეტრული პასპორტების გაცემა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდეს.

,,რესპუბლიკელი’’ ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ხელისუფლება ამ პროცესის სწრაფად დასრულებას არასკმარისი დაფინანსების გამო ვერ თანხმდება.

,,სამოქალაქო რეესტრი ამის გაკეთებას თვითღირებულების ანაზღაურებით გეგმავს, რადგან, მათი თქმით, ეს პროცედურა იაფი არაა. იმისთვის, რომ ამის გაკეთება თავისი რესურსით შეძლონ, ეს უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად’’, – ამბობს ხმალაძე.

ოპოზიცია ხელისუფლებას ასეთ გამოსავალს სთავაზობს: სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება და მოიძიოს ფინანსები, რომ პირადობის მოწმობები ერთჯერადად უფასოდ გასცეს ერთი წლის განმავლობაში. ვინც ამ ერთ წელიწადში არ აიღებს ახალ პირადობას, ამ შემთხვევაში, მას თანხა გადაახდევინონ.

ოპოზიციას, ასევე, მიაჩნია, რომ მეტი სიზუსტისთვის ახალ ელექტრონულ პასპორტში პირი-სახის ბიომეტრულ ფოტოსურათთან ერთად თითის ანაბეჭდის დატანება სრული დაცვის გარანტია იქნება.

ხმალაძე განმარტავს, რომ პირი-სახის ბიომეტრული ფოტოსურათი ცდომილების დაშვების საშუალებას იძლევა, რადგან ასეთ ფოტოზე არსებული მონაცემები (თვალებს შორის მანძილი, ყურიმალებს შორის მანძილი, ცხვირის სიგრძე, თავის სახის სიმაღლე) შეიძლება სხვადასხვა პიროვნების შემთხვევაში განმეორდეს. განმეორების შემთხვევაში კი, საჭირო გახდება ადამიანის ფიზიკური უშუალო შემოწმება, იმისთვის რომ გაირკვეს – ეს ორი ადამიანია მსგავსი პარამეტრებით, თუ ორჯერ რეგისტრირებული ერთი ადამიანი.

ფოტო: www.patdollard.com
ფოტო: www.patdollard.com

,,შესაძლებელია ეს გამოსწორდეს, მაგრამ ამას დაჭირდება დამატებითი დრო. აქ არსებობს არჩევანის შესაძლებლობა – თავიდანვე წავიდეთ უფრო მეტ სიზუსტეზე, თუ წავიდეთ ნაკლებ სიზუსტეზე, მაგრამ იმაზე, რისი გადამოწმებაც შეიძლება’’, – ამბობს ხმალაძე.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ თითის ანაბეჭდის დაყოლება მოწმობაზე წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს სიაში ამომრჩეველთა განმეორებას გამორიცხავს.

კენჭისყრის პროცესში ბიომეტრული შემოწმების პრაქტიკა ამ ეტაპზე არც ერთი ქვეყანაში არ არსებობს.  საერთაშორისო პრაქტიკის უქონლობის მიუხედავად, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამის განხორციელება შესაძლებელია.

,,იმის გამო, რომ თქვენი პიროვნების დადგნა მოხდება პროგრამულად, ამაში უკვე ადამიანი ვეღარ ჩაერევა. ასე რომ, კომისიის წევრებს რომც უნდოდეთ რაიმე სიყალბის ჩადენა, ამას ვეღარ გააკეთებენ’’, – განმარტავს ხმალაძე.

ოპოზიციის გაანგარიშებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ახალი მოდელის განხორციელება 40 მილიონი დოლარი დაჯდება.

,,თუ იქნება პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, არა მგონია, ეს თანხა პრობლემა იყოს. თუ მივმართავთ ყველანი ერთად ევროკავშირს, აშშ-ს, მგონი, ეს დახმარება ჯამურად გამოიძებნება’’, – ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით 2010 წელს დაიწყო. პროცესში 16 პოლიტიკური პარტიაა ჩართული. ამ ეტაპზე პარტიებს უკვე წარმოდგენილი აქვთ თავიანთი ხედვა. ახლა კი სახელმწიფოსგან პოზიციის დაფიქსირებას ელიან.

NGO-ებისა და ხელისუფლების პოზიცია და უცხოური გამოცდილება 

ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეულ სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ამ წამოწყების განხორციელების რეალისტურობაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სკეპტიკური მოსაზრება მოისმინა. ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, რადგან ეს მოდელი უპრეცედენტოა, ის ბევრ რისკს შეიცავს. ამიტომ, მისი განმარტებით, მთავარია ოპოზიციამ დაარწმუნოს ხელისუფლება, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაციის შემოთავაზებული მოდელი ხელს არ  შეუშლის არჩევნების პროცესს.

,,თუ წარმოდგენილი მოდელი იქნება მნიშვნელოვანი გამარტივება ამ პროცესის და არ იქნება საფრთხის შემცველი, რა თქმა უნდა,  ეს საინტერესო იქნება. მაგრამ ჯერჯერობით საფრთხეებს უფრო მეტს ვხედავ ამაში, ვიდრე – სარგებელს’’, – ამბობს კუბლაშვილი.

საარჩევნო მოლაპარაკებებში დამკვირვებლის სტატუსით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც არის ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების’’ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა სირაძე ამ შემოთავაზებას მისაღებს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ ,,ამის განხორციელება რთულად ეჩვენება’’.

,,გასაგებია, რომ ეს გამყალბებლებს გარკვეულ წინაღობას შეუქმნის, თუმცა, ჩემი აზრით, 100% –ან გარანტიად არ უნდა წარმოადგინონ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად მოესწრება ეს 2012 წლამდე’’, – ამბობს სირაძე.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’’ თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს. ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, ნინო ხატისკაცი ამბობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამ შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტის დასკვნას ეყრდნობა. დასკვნიდან გამომდინარე კი, ამომრჩეველთა ბიომეტრული აღრიცხვა არ მიაჩნიათ ერთ–ერთ საუკეთესო მეთოდად.

,,ჩვენ მოვუსმინეთ IFES- ის მიერ ჩამოყვანილ ექსპერტს და მის გამოცდილებას, რომელიც ჰქონდა ჩამოტანილი. ამ ეტაპზე ჩვენც სკეპტიკურად ვუყურებთ ამ საკითხს, რადგან ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამასთან, არ არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ამ მეთოდით გაყალბების პრობლემები აღმოიფხვრება’’, – განმარტა ხატისკაცმა.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) ორგანიზებას უწევს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ შეხვედრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ფონდმა ექსპერტი ოლე ჰოლდველდი იანვრის ბოლოს ჩამოიყვანა. ექსპერტმა მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისი დასკვნა წარუდგინა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

IFES–ის პროექტის ხელმძღვანელი მერმინ ნიშიჩი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ექსპერტის მოსაზრება ქართულმა მედია საშუალებებმა არასწორად გააშუქეს.

ნიშიჩი ამბობს, რომ მედიებთან ექსპერტმა თქვა, ინიციატივის განხორციელება ძალიან რთულია, მაგრამ არა – შეუძლებელი.

,,ექსპერტმა თქვა, რომ პროექტის განხორციელებას დიდი დრო, რესურსი და კარგი დაგეგმარება ჭირდება. ეს რთული პროცესია, თუმცა შეუძლებელი არაფერიაო’’, – ამბობს ნიშიჩი.

ოლე ჰოლდველდმა პარტიებს ბიომეტრული სისტემის გამოყენების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაც გააცნო და მისცა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაინერგოს ამ სისტემის გამოყენება საქართველოში.

,,მან ურჩია პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, მაგრამ, ასევე, თქვა, რომ საამისოდ მათ  შესაბამისი უნარ–ჩვევები და გამოცდილება ჭირდებათ’’, – ამბობს ნიშიჩი.

ბიომეტრულ შემოწმება უშუალოდ არჩევნების პროცესში მსოფლიო პრაქტიკა არ არსებობს, თუმცა ბიომეტრულ სისტემას სხვადასხვა ქვეყანაში ფართო გამოყენება აქვს. მრავალი ქვეყანა უკვე გადასულია ბიომეტრული პასპორტების გამოყენებაზე, ქვეყნების ნაწილში ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. ავსტრალიაში ბიომეტრულ ტექნლოგიებს ტერორიზმთან ბრძოლაში იყენებენ, აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში ბიომეტრიას აქტიურად ნერგავენ სკოლებში. მაგალითად, სინგაპურის სკოლებში დამონტაჟებულია თითის ანაბეჭდების სკანერები, რომლებზეც ბავშვები სკოლაში მისვლას აფიქსირებენ. ბრიტანეთსა და ისრაელში ბიომეტრული სისტემა  გამოიყენება აეროპორტში, ასევე, ზოგ ქვეყანაში ბანკომატიდან თანხის მოხსნისთვის თითის ანაბეჭდის სკანირებაა საჭირო.

მოესწრება თუ არა 2012 წლის საპარალამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ბიომეტრული რეგისტრაციიის დანერგვა საქართველოში, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცნობით, საარჩევნო ხმის მქონე ყველა სუბიექტზე ასეთ მოკლე პერიოდში ID დოკუმენტის გაცემა შეუძლებელია.

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კოდექსზე წარმოდგენილი წინადადებების განხილვას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში განაახლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი