საზოგადოება

#არაგაზპრომს – აქცია-კონცერტი რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ

16 იანვარი, 2016 • 2746
#არაგაზპრომს – აქცია-კონცერტი რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ

“არა გაზპრომს” – თბილისში რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართა

დღეს თბილისში, საქართველოს მთავრობასა და “გაზპრომს” შორის მოლაპარაკებები აქცია-კონცერტით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მოთხოვნა, როგორც პირველი საპროტესტო აქციის დროს, ახლაც იგივეა – შეწყვიტოს ქართულმა მხარემ რუსულ კომპანიასთან კომუნიკაცია.

როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

“მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი რაოდენობის ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს, ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ,” – აცხადებენ ისინი.

“არა გაზპრომს” - თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“არა გაზპრომს” – თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საპროტესტო აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მუსიკოსების მიერ სოციალურ ქსელში დაიგეგმა. მათი თქმით, ეს იყო გამაფრთხილებელ აქცია-კონცერტი: “იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს ოკუპანტთან მავნებლურ მოლაპარაკებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი უფრო მტკიცე და მკაცრი გახდება. დროა დავანახოთ ჩვენი ქვეყნის მმართველებს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ჩვენი ნებართვის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, ჩვენგან კი მათ ეს ნებართვა არ ექნებათ! ვფიქრობთ, რომ არ გვაქვს პასიურობის უფლება, შემოგვიერთდით, დაიცავით თავისუფლება!”

საპროტესტო აციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო დანელია ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არის ძალიან არასაიმედო პარტნიორი და ეს არაერთხელ აჩვენა. დანელიას მაგალითად მოჰყავს 2006 წლის ზამთარი, როდესაც რუსეთმა საქართველოს გაზი გადაუკეტა.

“არა გაზპრომს” - თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“არა გაზპრომს” – თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“2006 წლის ზამთარი, ალბათ, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყინებოდით მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა გაზი არ მოგვაწოდა. ერთი ის, რომ ის არის ძალიან არასაიმედო პარტნიორი. მეორე, რუსეთის გაზი არის ძალიან ძვირი იმასთან შედარებით, რა ფასშიც ვიღებთ ჩვენ აზერბაიჯანიდან. მესამე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ძალიან მაღალი არის პოლიტიკური რისკი იმიტომ, რომ “გაზპრომი” არის პუტინის და კრემლის პოლიტიკური იარაღი. პუტინის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი ყველასთვის კარგად არის ცნობილი,” – ამბობს ნინო დანელია.

მთავრობის კანცელარიასთან აქცია-კონცერტი 16:30 საათზე დაიწყო. ორგანიზატორები აქციის მონაწილეებს რუსული კომპანიის საწინააღმდეგო სტიკერებს ურიგებდნენ. აქციის ორგანიზატორებიდან სიტყვით მხოლოდ ნინო დანელია გამოვიდა, ხოლო მის მერე სცენა მუსიკოსებს დაეთმოთ: ეკო დეისაძეს, სანდრო სულაქველიძეს, ქეთათოს, ბორის დენისს და ჯგუფ ეპილონს, გამოუვალ მდგომარეობას და სხვებს.

ომარ მაღლაქველიძე, იგივე “ამერიკის დროშიანი ბაბუ” საქართველოს მთავრობისა და “გაზპრომის” მოლაარაკებების გასაპროტესტებლად …

Posted by netgazeti.ge on Saturday, January 16, 2016

საპროტეტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ “გაზპრომი” რუსეთის პოლიტიკური იარაღია და ის მას იყენებს ყვლა იმ სახელმწიფოს დასაჟანტაჟებლად, რომელიც რუსეთისადმი ლოიალობას არ ინარჩუნებს:

“ყველასთვის ცნობილია, რომ გაზპრომი არის პოლიტიკური იარაღი რუსეთის ხელისუფლების ხელში. ის მას იყენებს დასაშანტაჟებლად ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არ იჩენს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ლოიალობას რუსეთის ხელისუფლებისადმი, როგორც მინიმუმ. ჩვენ ერთხელ მწარედ ვიწვნიეთ და გამოცდილება გვაქვს ძალიან მწარე, როდესაც ზამთარში, ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, რუსეთმა გაგვითიშა გაზი. ამიტომაც ჩვენ აღარ გვჭირდება მეორედ ეს შეცდომა გავიმეოროთ. როგორც ჩინური ანდაზა გვასწავლის, ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ის მაინც უნდა მოვახერხოთ მინიმუმ, რომ საკუთარი შეცდომა აღარ ავიმეოროთ. ამიტომ “გაზპრომთან” ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო.”

მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უშუალოდ “გაზპრომის” აქციონერია და მისი ინტერესების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს მთავრობას რაიმე ნაბიჯები გადაედგა რუსულ კომპანიასთან მოლაპარაკებების დროს.

აქცია-კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ Defend Liberty, ჩვენი თავისუფლება, საზოგადოებრივი ინიციატივა, ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი, უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი, სამოქალაქო ალტერნატივა, ევროპული კვლევების ინსტიტუტი.

მსგავსი შინაარსის საპროტესტო აქცია თბილისში გასული წლის ოქტომბერში ტელეკოპანია “ტაბულას” ორგანიზებით გაიმართა.

8 იანვარს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ქართული მხარე რუსული გაზის მისაღებად კონტრაქტს ამზადებს. ცისკარიშვილის მტკიცებით, შეხვედრა კახი კალაძეს და გაზპრომ– ექსპორტის ხელმძღვანელ ელენა ბურმისტროვას შორის 27 დეკემბერს შედგა.

ცისკარიშვილის მტკიცებით, დაიგეგმა, რომ საქართველოს ბაზრის 50 %, აზერბაიჯანულ გაზი რუსული გაზით ჩანაცვლდეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს გაერთიანებულ ენერგეტიკულ ბალანსში ბუნებრივი აირის წილი შეადგენს დაახლოებით 40%-ს. 2015 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2.4 მილიარდი კუბური მეტრია. ჯამურ მოხმარებაში მოსახლეობის წილი 28%-ია, თბოსადგურების- 27%, ხოლო დანარჩენი 43 %- კომერციული სექტორის მოხმარება.

2015 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების გამო არსებულ მწვავე საზოგადოებრივი დისკუსიის თაობაზე რესპუბლიკელების საპარლამენტო ფრაქციამ ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერა გამოაქვეყნა. ამ მიმოწერაში ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აზერბაიჯანულ სოკართან გაფორმებული აქვს გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წლიდან.

რაც შეეხება გაზპრომიდან კომერციული სექტორისთვის გაზის მიწოდებას, ენერგეტიკის სამინისტრო ამავე მიმოწერაში აცხადებს,  რომ ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დარეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით.

როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და საჭიროა დეფიციტის რუსული “გაზპრომის” გაზით შევსება. 13 იანვარს, მთავრობის კანცელარიაში “სოკარის” ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება არსებული დეფიციტის აზერბაიჯანული გაზით შევსება, რადგანაც საჭიროა ხანგრძლივი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება.

“გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა, თუმცა ხელისუფლება ამ დრომდე უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, საუბარი იყო “გაზპრომიდან” გაზის დამატებითი მოცულობის იმპორტზე და არა მხოლოდ გაზის ტრანზიტის შედეგად მიღებულ ტრანზიტის ოდენობის 10% ბუნებრივ აირზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი