საზოგადოება

დაპატიმრებული, დაჯარიმებული და გასახლებული დევნილის ახალი ცხოვრება

28 იანვარი, 2011 • 1157
დაპატიმრებული, დაჯარიმებული და გასახლებული დევნილის ახალი ცხოვრება

 

სამ დევნილ ოჯახს შორის, რომელსაც სახელმწიფომ თბილისთან ახლოს საცხოვრებელი სახლები მისცა, ჯულიეტა ცინდელიანის ოჯახიც მოხვდა. ცინდელიანი სამართალდამცავებმა  20 იანვარს დააკავეს თბილისში, ბაგებში მდებარე სტუდქალაქის შენობიდან დევნილების გამოსახლებისას.

ჯულიეტა ცინდელიანს სურდა, სტუდქალაქის შენობაში მცხოვრებ მის ნათესავს ნივთების ჩალაგებაში დახმარებოდა, თუმცა სამართალდამაცევბმა მას, ისევე როგორც სხვა პირებს, შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს.  სამართალდამცავებსა და დევნილებს შორის მომხდარი ინციდენტის დროს ცინდელიანი დააკავეს.

 როგორც თვითონ ამბობს, პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენიმე ადამიანთან ერთად ისიც დააკავეს. მაშინვე პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, დაკითხეს და საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე მიიყვანეს, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 400 –ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ჯარიმის გადახდის ვადა სამ კვირაში იწურება.

გაუწევენ თუ არა შეღავათს გამოწერილი 400– ლარიანი ჯარიმის გასაუქმებლად ჯულიეტა ცინდელიანს, როგორც მრავალშვილიან დედას, ჯერ არ იცის, თუმცა ამბობს, პირველი შეღავათი სახელმწიფოსგან უკვე მიიღო.

ცინდელიანის თქმით, სამინისტროს მიერ სოფელ ფოცხოში შეთავაზებულ სახლში დედაქალაქიდან სიშორის გამო ვერ წავიდოდა, რადგან მისი ხუთი შვილიდან სამ მათგანა თბილისში, უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლობს. ამიტომ, ცინდელიანის თქმით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ის თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, ორ სხვა ოჯახთან ერთად, ქვემო ქართლის სოფელ წინწყაროში ჩაესახლებინა.

კოდორიდან დევნილი ჯულიეტა ცინდელიანი ამბობს, რომ მისი  ოჯახი თბილისში, ჩხეიძის ქუჩაზე, ყოფილი ინტიტუტის შენობაში 2008 წელს შეასახლეს. 2011 წლის 24 იანვარს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შენობიდან 140 ოჯახთან ერთად მისი ოჯახიც გამოასახლა და პირდაპირ წინწყაროში ჩაიყვანა.

წლების წინათ სოფელი წინწყარო ეთნიკური ბერძნებით იყო დასახლებული. მას შემდეგ, რაც ბერძნების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა, მათ სახლებში აღარავინ ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ კი სახელმწიფომ  ოჯახები იქ მაღალმთიანი აჭარიდან ჩაასახლა. თუმცა, ცარიელი  და დაკეტილი სახლები სოფლებში ისევ დიდი რაოდენობითაა დარჩენილი.  

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მის ოჯახს  გამოყოფილი სახლის დაკანონებას დაპირდა. თუმცა, არც ცინდელიანმა და არც სხვა დევნილებმა არ იციან, არის თ არა ეს სახლები უკვე სახელმწიფო საკუთრებაში გადასული.

„ჩვენ ჯერ ვერ ვარკვევთ ამას, რადგან სახლის ზუსტი მისამართიც არ ვიცით. არც აბრებია, რომ ვნახოთ“,–ამბობს ჯულიეტა.

ზუსტი მისამართიც არ ვიცით სახლის. არც აბრებია, რომ ვნახოთ
ზუსტი მისამართიც არ ვიცით სახლის. არც აბრებია, რომ ვნახოთ

 24 იანვარს, საღამოს, სოფელში სამი სახლი დაათვალიერებინეს. ოჯახმა ის აირჩია, რომელიც ცენტრალურ გზასთან ყველაზე ახლოს იყო.

მეორე სართულის ორივე ოთახში, ჩამოტანილი ნივთები უწყვიათ.
მეორე სართულის ორივე ოთახში, ჩამოტანილი ნივთები უწყვიათ.

 

თვითონ სახლის პირველ სართულზე, ერთ ოთახში ცხოვრობენ. იმავე ოთახშია სამზარეულო.

„მხოლოდ ამ ოთახს ვათბობთ, სხვაგან ცივა“, –ამბობს ჯულიეტა.

სამინისტრომ დაახლოებით ორი კვირის მარაგი შეშა და პატარა შეშის ღუმელი აჩუქა. თუმცა შეპირდნენ, რომ შეშას მომავალშიც მიუტანენ.

დევნილი ოჯახები ორი დღეა უკვე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, კობა სუბელიანს ელიან.

„სოფლის გამგებელმა გვითხრა, მინისტრი როცა მოვა, ადგილზე გაეცნობა თქვენს პირობებს. ნახავს, რა გაქვთ, რა არ გაქვთ და მერე შეიძლება რამე დახმარებაც იყოსო. ვეტყვით, რომ წყალიც არ არის სახლში და სოფლის სხვა მხარეს მივდივართ მოსატანად, იქნებ რაიმეთი დაგვეხმაროს“,–ამბობს ჯულიეტა.

მიტოვებულ სახლში არც ელექტოენერგია იყო. სადენები თვითონ შეიყვანეს. გადაიხდიან თუ არა ელექტროენერგიის საფასურს, ჯერ არც ეს იციან. როგორც ამბობენ, ყველა კითხვას პასუხს მათთან ჩასული მინისტრი გასცემს.

მანამდე ჯულიეტა, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლს და ეზოს ალაგებენ.

მანამდე ჯულიეტა, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლს და ეზოს ალაგებენ
მანამდე ჯულიეტა, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლს და ეზოს ალაგებენ

„კარგია, როცა საკუთარი ჭერი გაქვს. თბილისში ერთ სართულზე 12 ოჯახი ვცხოვრობდით და სველი წერტილებიც საერთო გვქონდა“, –ამბობს ჯულიეტა.

ახალ სახლში ერთადერთი სველი წერტილი საპირფარეშოა, სადაც ეზოს გავლით ხვდებიან.

„გუშინ გაეროს წარმომადგენელი იყო ჩვენთან მოსული, თარჯიმანიც თან ყავდა. გვეკითხებოდა, რა გიჭირთ, რა პრობლემები გაქვთო. ვუთხარი, თუ რამე საქონელს შემიძენთ, კარგი იქნება– მეთქი. მე მაინც უფრო ძროხა მინდა, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, რომ გვიყიდიან“, –ამბობს ჯულიეტა.

არც ჯულიეტა და არც მისი მეუღლე თბილისში დასაქმებული არ ყოფილან. ამიტომ სოფელში ცხოვრებაზე, როგორც ამბობენ, თანახმა არიან, თუ პატარა მიწის ნაკვეთსაც გამოუყოფენ ახლოს. მათი ახალი საკარმიდამო ნაკვეთზე, ჯულიეტას თქმით, შვიდსულიანი ოჯახისთვის საკმარის მოსავალს ვერ მოიყვანენ.

„აი, მოვრჩები სახლის საქმეებს და გავიკითხავ სოფელში, იქნებ რამე მიწა ვიშვოთ. ჯერ მხოლოდ სკოლაში ვიყავი, დირექტორი ვნახე. ორშაბათიდან ხომ უნდა მივიყვანო ბავშვი“,–ამბობს ჯულიეტა.

მისი უმცროსი შვილი მეხუთე კლასშია. თბილისში უზნაძის ქუჩაზე მდებარე 63–ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ჯულიეტა შიშობს, რომ სახელმძღვანელოების თავიდან ყიდვა მოუხდება შვილისთვის, რადგან, როგორც სხვა დევნილი ოჯახისგან გაიგო, მხოლოდ ქართული ენისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები აღმოჩნდა იგივე.

„ვნახოთ, მინისტრი რით დაგვეხმარება, ჯერჯერობით, ვერ ვფიქრობ ვერაფერზე. დღეს დაბადების დღე მქონია და შვილმა შემახსენა, თბილისდან დამირეკა და მომილოცა“, –ამბობს ჯულიეტა.

ჯულიეტას უფროსი შვილები, რომლებიც თბილისში სწავლობენ, ამჟამად მის დასთან, დევნილთა ერთ–ერთ დასახლებაში, ცხოვრობენ, რადგან სოფლიდან თბილისში ჩასვლა და უკან დაბრუნება თითოეულს ექვსი ლარი დაუჯდებოდა. ამის გარდა, სამარშრუტო ტაქსები სოფელს დღეში მხოლოდ ორჯერ გაივლის.  

„დღეს დილით აქედან წავიდა თბილისში. “მარშრუტკა” არ იყო, გამვლელი მანქანა გავაჩერეთ და წაიყვანა მარნეულამდე. იქიდან უფრო ადვილია თბილისში ჩასვლა“, –ამბობს ჯულიეტა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი