საზოგადოება

სოფელი, სადაც შვლებს იფარებენ

3 იანვარი, 2016 • 30950
სოფელი, სადაც შვლებს იფარებენ

დეკემბრის ერთ ცივ, სუსხიან დღეს გია ირემაძემ მდინარის პირას, თოვლში ჩაფლული შველი იპოვა, სახლში წაიყვანა, გაათბო და დააპურა. ეს ამბავი ხულოში, სოფელ ირემაძეებში მოხდა.

“ჩემ ბავშვობაშიც მახსოვს ასეთი ამბები, ხელით დაუჭერიათ ბევრჯერ, თოვლში ეფლობა და ვეღარ მიდის, მე სამ-ოთხჯერ მყავდა სახლში, ზამთარში ვიტოვებდით და გაზაფხულზე, თოვლის გადნობის შემდეგ ვუშვებდით”, – იხსენებს გია.

სახლში მოყვანილ შველს გიას შვილმა, მაიამ ნაცარა დაარქვა და „იშვილა”.

„ვიტყოდი, ჩემი ნაცარა სად არის-მეთქი და მოვიდოდა იმ წუთასვე, პატარა ბავშვივით მეფერებოდა, თავს მადებდა, ხელს მილოკავდა. მსხალს, ვაშლს ვაჭმევდით, ტოტებიც მოგვქონდა მისთვის, მაგრამ ხილი უყვარდა ძალიან, ჩემი ხელით ვაჭმევდი. მე თუ ვახლდი, მარტო მაშინ მიდიოდა საბალახოდ, ან ყანაში მიმყავდა. წამო, ნაცარა საბალახოდ-მეთქი, – ვეუბნებოდი და მომყვებოდა, თუ არადა, მის სადგომში იყო, პატარა ოთახივით ჰქონდა. სოფლის ძაღლები ერჩოდნენ, მაგრამ ჩემთან რომ იყო, ვერაფერს უბედავდნენ. თუ ვინმე უცხოს დაინახავდა ან რამე საშიშროებას ხედავდა, მოირბენდა ჩემთან და თავს მომადებდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე”.

შველი სოფელ ირემაძეებში

შველი სოფელ ირემაძეებში

გია ირემაძე იხსენებს, რომ, როგორც კი გამოზაფხულდა, რამდენჯერმე გაიყვანა ტყესთან შველი და დატოვა, თუმცა ნაცარა სახლში ბრუნდებოდა. ზაფხულში მაია იალაღებზე წავიდა ოჯახის წევრებთან ერთად და ნაცარა სახლში დარჩა. გია ამბობს, რომ მაია რომ ვეღარ დაინახა, ნაცარამ აღარ ჭამა და ტყესთან მიყვანილი უკან აღარ დაბრუნებულა.

„მერეც ვხედავდი, – ყვება გია, – მოდიოდა შორიახლოს, ბალახობდა და ბრუნდებოდა ტყეში. წელს, გაზაფხულზე, ადიდებულ ღელესთან დავინახე ნაცარა, მეორე შველი ახლდა. რომ დავუძახე, მეორე გადახტა და გაიქცა, ნაცარა გაჩერდა, გამომხედა, მერე ნელა შებრუნდა და აუჩქარებლად წავიდა ტყისკენ”.

მაია ახლა ბათუმში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბოლოს ნაცარა სახლთან ნახა, შარშან. „ახლაც ვცნობ. სახლთან მოსული რომ დავინახე, დავუძახე, ჩემი ნაცარა სად არის-მეთქი. დადგა და მიყურა შორიდან, არ გაქცეულა კარგა ხანს.”

სოფელ ირემაძეებში ეს ამბავი არავის უკვირს. დიდაჭარის ხეობაში, ხულოს ცენტრიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელში, ორი მდინარე მოედინება, ერთი საციხურის, მეორე კი ღორჯომის ხეობიდან. საციხურის მდინარესთან ფერდობზე, ტყე იწყება. ზამთარში, როცა ტყეში ნაკადულებსა და ღელეებს თოვლი ფარავს, ტყიდან შვლები გამოდიან და საციხურის მდინარისკენ ეშვებიან წყლის დასალევად.

სოფლის ცენტრში სკოლა, ძველი, დაკეტილი ფარდული და ირემაძეების სახლია. სახლის ერთი ფანჯარა ფერდობსა და მდინარეს გადაჰყურებს. შუშანა ირემაძეს ამ ფანჯრიდან არაერთხელ დაუნახავს მდინარეზე წყლის დასალევად და საბალახოდ ჩამოსული შვლები.

„დილაობით ჩამოდიან, წყალს სვამენ და ბალახს ძოვენ. ტყეში რომ ხმელია ფოთოლი, აქ, დაბლა, ჯერ კიდევ ნედლია ბალახი და საჭმელს ეძებენ. ბევრი შველია ამ ტყეში”, – ფანჯრიდან მაჩვენებს ტყეს შუშანა.

სოფლის ცენტრიდან მდინარესთან ჩამოსული შვლები განსაკუთრებით კარგად ზამთარში ჩანან, როცა ყველაფერი თოვლით იფარება.
ორი წლის წინ, დიდთოვლობისას, მდინარის პირიდან სოფლის ცენტრამდე შუშანას უფროსმა შვილმა, იმედა ირემაძემ ციცაბო აღმართზე ხელში ატატებული ამოიყვანა შველი, რომელიც დიდ თოვლში გზას ვერ იკვალავდა.

„იმ წელს თითქმის ფანჯრები დაფარა, იმხელა თოვლი მოვიდა, – მიამბობს შუშანა. – საღამო იყო, შებინდების პირი და ვხედავთ, თოვლშია ჩარჩენილი შველი და ვერ მოძრაობს, დიდი თოვლი მოდის და დაფარავს საცაა. იქ ჩასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, იმხელა თოვლში როგორ ჩავიდა ჩემი უფროსი შვილი და როგორ ამოვიდა შვლით ხელში, დღესაც არ ვიცი. გავათბეთ, მოვასულიერეთ და გავუშვით. იმხელა თოვლი იყო, შველი ტყეში ვერ ავიდა და მდინარის პირს გაუყვა. ვუყურებდით აქედან და გვეცოდებოდა.”

შველი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია, თუმცა ირემაძეებში ამბობენ, რომ შვლებზე აქ არასდროს ნადირობდნენ და არც ბრაკონიერობის შემთხვევა ახსოვთ. ზამთარში თოვლში ჩარჩენილ შვლებს სოფელში იფარებენ კიდეც, რამდენიმე ხნით. ასეთი არა ერთი ამბავი ახსოვს სოფლის უხუცესს, 92 წლის მუხამედ ირემაძეს, აჭარაში ცნობილი ანსამბლის, „ბერმუხას”ყველაზე ასაკოვან წევრს.

სოფელი ირემაძეები

სოფელი ირემაძეები

„ჩვენთან შვლის მოკვლა ცოდვაა, არასდროს ნადირობდნენ ამიტომ შველზე. ლამაზი ცხოველია, უწყინარი, როგორ უნდა მოკლა. აქ ერთი კაცი იყო, მონადირე, მევლუდას ეძახდნენ. ზამთარი იყო მაშინ, დიდი თოვლი დადო იმ წელს, შველი ჩამოვიდა მდინარის პირას, ჩავარდა თოვლში… მევლუდამ წეიყვანა სახლში და მოუარა. ზოგი საჭმელსაც უყრის შველს”, – ამბობს მუხამედ ირემაძე.

ბავშვობაში მომხდარ ამბებს იხსენებს ვაჟა ირემაძეც, როცა 1976 წელს ირემაძეებში ჩამოსულან შვლები და მთელი თვე ინახავდა მოსახლეობა. ამბავი, თუ როგორ დააბრუნა შვლები სოფელმა ბუნებაში, იმდეროინდელ გაზეთშიც მოხვედრილა.

ტყეს, სადაც შვლები ცხოვრობენ, ირემაძეებში დიდგულნარის ტყეს უწოდებენ. „ერთი მცენარეა, დიდგულნარს ეძახიან, ეგ ხარობს ამ ტყეში ბევრი და ეტყობა ამიტომ”, – ამბობს ბადრი ირემაძე, სოფლის სკოლის დირექტორი.

სოფლის ცენტრში იმ ამბავსაც მოისმენთ, თუ რატომ ჰქვია სოფელს ირემაძეები. სოფელში ყვებიან, რომ აქ პირველად იმერეთიდან ჩამოსახლებული კაცი, გვარად ირემაძე დასახლებულა და ამიტომაც ეწოდა ეს სახელი. აქ ყველაზე გავრცელებული გვარი ირემაძეა, თუმცა შავაძეები, გორგაძეები, ჯავახიძეები, ჭელიძეები, ბოლქვაძეები, გობაძეები და მელაძეებიც ცხოვრობენ. სოფელი სამ ძირითად უბნად იყოფა: ირემაძეების უბანი, ბოღაური და გობაძეების უბანი. სოფლის განაპირას კიდევ ორი უბანია: გუჯარეთი და უშტარაული. „ეს უბნები შორსაა, იქ მცხოვრები ბავშვები სხვა სოფლის სკოლებში დადიან, მაგრამ ამ უბნების ძირიც ირემაძეებიდან მოდის, აქედან ავიდნენ თავის დროზე მაღლა”, – ამბობს სოფლის სკოლის დირექტორი.

ირემაძეების ტყეებში შვლების გარდა მგლები, დათვები და ტურებიც ბინადრობენ. აქ ზამთარში თუ შვლებს ხედავენ, ზაფხულში სოფლის განაპირას მდებარე ყანებში დათვის კვალს აწყდებიან.

„ყანებში იცის შესვლა, ჭყინტში რომ შედის სიმინდი, დათვი აკითხავს მალევე, უყვარს ჭყინტი სიმინდი, მოტეხავს და ჭამს, _ ყვებიან სოფლის ცენტრში. – ჩემთან იყო წელს, – ერთვება თამაზ ირემაძე, – ორი კაი ძირი თხილი მქონდა ყანის პირას, ეტყობა, რამეზე ნერვები მოეშალა, დასცხო და მოგლიჯა ჩემი თხილები.”

ზამთარი მაღალმთიან აჭარაში, შოთა გუჯაბიძის ფოტო

ზამთარი მაღალმთიან აჭარაში, შოთა გუჯაბიძის ფოტო

ირემაძეებში დეკემბერის დასაწყისში მოთოვა. სოფელში ამბობენ, რომ წელს შეიძლება ხანგრძლივი ზამთარი დადგეს, ამიტომ ემზადებიან. უკვე ყველას აქვს მომარაგებული შეშა, პურის ფქვილი და აუცილებელი ნივთები. სოფლის ცენტრში მდებარე სახლში შუშანა ირემაძე სიამაყით მაჩვენებს სათავსოს, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ნობათითაა სავსე: კომპოტები, მურაბები, მწნილები, პომიდვრისა და ბადრიჯნის დაკონსერვებული კერძები… „ამიტომ მიყვარს სოფელი – ამბობს შუშანა, – ძნელია ზამთარში აქ, თუ დიდი თოვლი მოვიდა, გაჭირვება და შრომაც დიდია, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ გვაქვს?!”

ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე, ირემაძეებში თოფს გაისვრიან, ბავშვები საახალწლო შუშხუნებს გაუშვებენ და დაიწყება წლის ყველაზე მხიარული დღე სოფელში, როცა ყველა ისვენებს, როცა მეზობლები ერთმანეთს სტუმრობენ, ღვინოს სვამენ, კერძებს აქებენ და ერთმანეთს ბედნიერ ახალ წელს უსურვებენ. და ვინ იცის, თუ საციხურის მდინარის ფერდობს კარგად დააკვირდებით, იქნებ წყლის დასალევად სოფელთან ახლოს მოსული შვლებიც შენიშნოთ.

მომზადებულია ჟურნალისთვის “საახალწლო საკითხავი”. რომელიც გამოიცა კომპანია “ანაგის” მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი